Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება ისწავლონ ნორვეგიისაგან ნავთობით მდიდარმა სხვა ქვეყნებმა


ნორვეგია ნავთობის რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში და მნიშვნელოვნად განსხვავდება ნავთობის სხვა ექსპორტიორებისაგან თუნდაც იმით, რომ რესურსების წყალობით მოპოვებული სიმდიდრე არ რჩება მხოლოდ მმართველი ელიტის ხელში. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, ჩარლზ რეკნაგელმა, ნორვეგიაში იმოგზაურა იმის გასარკვევად, თუ როგორ აღწევს ოსლო იმას, რასაც სხვა ქვეყნებში ვერ ახერხებენ.

კრისტიან მიდტოი მზარეულად მუშაობს ოსლოს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში - 100 ბავშვს ისეთ სადილებს უმზადებს, გურმანს შეშურდება. სამზარეულო ღია სივრცეშია მოთავსებული: ბავშვები ხედავენ საჭმლის კეთების პროცესს, შეკითხვებს უსვამენ მზარეულს, ხშირად ეხმარებიან კიდეც.

„დიდი სივრცე გვაქვს, რათა საკმარისი ადგილი ჰქონდეთ, დიდხანს ისხდნენ, ჭამის დროს არ იჩქარონ. მე კი ვცდილობ, პროდუქტი რომ მომაქვს, ხშირად მოვიტანო დაუნაწევრებელი, გაუტყავებელი ცხოველები, დაუნაწევრებელი თევზი და ცოცხალი კიბორჩხალები და ლანგუსტები, რათა დაინახონ, რომ ცხოველები, რომლებსაც ვჭამთ, არ არის მხოლოდ მაღაზიაში პაკეტებად დახარისხებული ნაწარმი. ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და აინტერესებთ ის, რაც ახალია“.

საბავშვო ბაღში დელიკატესების ასეთი არჩევანი, კრისტიან მიდტოი რომ ჰყვება, უჩვეულოა ნორვეგიისთვისაც კი - ქვეყნისათვის, რომელსაც მსოფლიოში მეოთხე ადგილი ეკუთვნის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით. საშუალო ხელფასი ნორვეგიაში 50 პროცენტით აღემატება ევროკავშირის საშუალო ხელფასს (მოხელის საშუალო ხელფასი, 2012 წლის მონაცემებით, 5 000 ევროს აღწევდა). საკუთრივ ნორვეგია, როგორც ცნობილია, არ არის ევროკავშირის წევრი.

მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორის სიმდიდრეში გასაკვირი არაფერია. ნავთობიდან წლიურ შემოსავალთან, 40 მილიარდამდე დოლართან ერთად, ნორვეგიას ეკონომიკის მრავალი დარგის წარმატება აძლევს საშუალებას მთელ მოსახლეობაზე გაანაწილოს სიმდიდრე. გამოკითხვებს არაერთხელ უჩვენებია, რომ ნორვეგია მიეკუთვნება მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებშიც ყველაზე მცირეა მოქალაქეთა შემოსავლებს შორის სხვაობა. ის ამით განსხვავდება კიდეც ნავთობით მდიდარი სხვა ქვეყნებისაგან, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისაგან: ნავთობიდან შემოსავალს იქ ზღაპრული სიმდიდრე მოაქვს მმართველი ელიტისათვის, მაშინ როცა მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი მმართველთა კეთილ ნებაზე დამოკიდებული რჩება ან სარგებლობს ეკონომიკის ზრდის შედეგებით, რომლებიც ზოგჯერ ფართო ფენებამდეც ჩააღწევს ხოლმე.

მაშ, როგორ ახერხებს ნორვეგია იმას, რაც სხვებს არ გამოსდით?

ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებაში, ჩვენმა კორესპონდენტმა ქალაქ სტავანგერს მიაშურა - ნორვეგიაში ნავთობმრევწელობის ერთ-ერთ ცენტრს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ნაპირას მდებარეობს.

1969 წელს ნავთობის აღმოჩენამდე სტავანგერში მეთევზეობით ირჩენდნენ თავს. ოქროს ხანად მიაჩნდათ მე-19 საუკუნის შუა პერიოდი - ქაშაყის ბუმი, რომელსაც ბოლო მოეღო 1870 წლის შემდეგ, როცა მკვეთრად იკლო თევზის მარაგმა. მაშინ სტავანგერი, ნორვეგიის ბევრი სხვა დასახლების მსგავსად, უფუნქციო იალქნიანი გემებისა და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული ეკონომიკის ამარა დარჩა.

ნავთობმა კი ყველაფერი შეცვალა.

„1960 წელს ნორვეგია ცხოვრების დონით, დაახლოებით, 30 ან 40 პროცენტით ჩამოუვარდებოდა შვედეთს ან დანიას. ახლა ნორვეგიაში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად აღემატება ამ ორი ქვეყნის მაჩვენებლებს“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, ნორვეგიის ბიზნესსკოლის თანამშრომელი ბრუნო გერარდი.

როგორ შეცვალა ნავთობის სიმდიდრემ სტავანგერი, ჩანს თუნდაც მოსახლეობის რაოდენობით. 1960-იან წლებში 90 000-კაციან ქალაქში დღეს თითქმის 204 000 ადამიანი ცხოვრობს. ახალგაზრდებს იზიდავს ახალი უნივერსიტეტი, აშენდა ახალი საკონცერტო დარბაზი, გაიხსნა სამი მუზეუმი. ნავსადგურში დგას გემები, რომლებიც ნავთობის ოფშორულ პლატფორმებს ამარაგებს.

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე 70-ს აღწევს ასეთი პლატფორმების რიცხვი. საკუთრივ პლატფორმებზე დასაქმებული ბევრი არ არის, მაგრამ ბურღვა და წარმოების პროცესი მრავალ თანმხლებ ოპერაციას საჭიროებს. შესაბამისად, მრავალ სხვა დარგსაც ეხება და სტიმულს აძლევს მთელ ეკონომიკას.

არადა, ნავთობის აღმოჩენა არც ერთი ქვეყნისათვის, მათ შორის, არც ნორვეგიისათვის ყოფილა ეკონომიკური წარმატებისა და მოსახლეობის გამდიდრების გარანტი. დასაწყისში ნორვეგიასაც შეექმნა პრობლემა, რომელსაც „ჰოლანდიურ დაავადებას“ უწოდებენ. ტერმინი მომდინარეობს ჰოლანდიის გამოცდილებიდან, 60-იან წლებში ბუნებრივი აირის აღმოჩენის შემდეგ. გაზის ექსპორტის მეშვეობით ჰოლანდია უცებ კიდევ უფრო გამდიდრდა, მაგრამ, ამავე დროს, შესუსტდა მისი სამრეწველო სექტორი, რადგან გაზის მრეწველობამ კაპიტალი და კვალიფიცირებული მუშახელი მიიზიდა მრეწველობიდან და სოფლის მეურნეობიდან. საბოლოოდ, ჰოლანდია გაუმკლავდა პრობლემას - აქ არ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ. ისევ ნორვეგიის მაგალითს დავუბრუნდებით.

ფარუკ ალ-კასიმი საუცხოოდ ერკვევა ნორვეგიაში ნავთობის მოპოვების ისტორიაში. წარმოშობით ერაყელი გეოლოგი 1968 წელს გადასახლდა სკანდინავიაში, 1973-დან 1991 წლამდე ნორვეგიის ნავთობის რესურსების მართვაში მონაწილეობდა, მას შემდეგ ნავთობის საკითხებში კონსულტანტად მუშაობს.

ალ-კასიმს ახსოვს რეაქცია, რომელიც ნორვეგიაში მოჰყვა ნავთობის უზარმაზარი რესურსების აღმოჩენას. ახსოვს, როგორ გაახარა ყველა მოულოდნელმა სიმდიდრემ, როგორ გაივსო სახელმწიფო ბიუჯეტი, გაიზარდა სოციალური ხარჯების დაფინანსება. მაგრამ ნავთობის აღმოჩენიდან სულ რამდენიმე წელიწადში, 1972 წელს, ნათელი გახდა, რომ ნორვეგიის ეკონომიკას საქმე ცუდად ჰქონდა.

ნორვეგიამ, განმარტავს ალ-კასიმი, ოთხი წელი იცხოვრა „ჰოლანდიური დაავადებით“. ხელფასები იზრდებოდა, ფაბრიკა-ქარხნები კარგავდა საუკეთესო კადრებს, რომლებიც გაცილებით უკეთეს ანაზღაურებას ეძებდნენ ნავთობის მრეწველობაში. ნავთობის ბუმით მიზიდული უცხოელების ინვესტიციები ნორვეგიის ვალუტის კურსს ზრდიდა და, შედეგად, ძვირდებოდა ნორვეგიის სხვა საექსპორტო ნაწარმი.

ამ ტენდენციას ბოლო მოეღო 1976 წელს. ოსლომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც არასოდეს გადაუდგამს ერაყს ან ნავთობის მწარმოებელი დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობას: მან შეზღუდა ნავთობიდან მიღებული შემოსავლის გამოყენება. ჯერ გადაწყვიტა, სახელმწიფო ნავთობკომპანიების მთელი მოგება ჩაედო ნავთობის ახალი საბადოების ძებნა-ათვისებაში. ხოლო 1995 წლიდან, როცა გაირკვა, რომ ვერც ამ გზით ახერხებდა შემოსავლების გონივრულად გამოყენებას, ჩამოაყალიბა საგანგებო ფონდი. მასში ირიცხება ნავთობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც ნორვეგიელთა მომავალი თაობების საკუთრებად ითვლება. მთავრობას ეკრძალება ამ ფულის 4%-ზე მეტის გამოყენება, დავუშვათ, ინფრასტრუქტურული ან სხვა პროექტების დასაფინანსებლად. დაზოგილი თანხის უდიდეს ნაწილს კი ოსლო უცხოეთში, საფინანსო ბაზრებზე აბანდებს - ფულს, ფაქტობრივად, ემიგრაციაში უშვებს.

საგანგებო ფონდში ჩარიცხული თანხა ამჟამად 890 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს ნორვეგიაში ერთ სულ მოსახლეზე 170 ათას დოლარს შეესატყვისება.

„ნორვეგიელი პოლიტიკოსები ძალიან გონივრულად იქცევიან, დიდ დისციპლინას იჩენენ. ამიტომ, როცა ნავთობის ერა დასრულდება, იქნება ფული სხვა რაღაცაში გამოსაყენებლად. ვფიქრობ, სწორი კონცეფციაა ნავთობიდან შემოსავლის რამდენიმე თაობაზე განაწილება და არა ყველაფრის მაშინვე დახარჯვა“, - ამბობს ნორვეგიის ნავთობისა და გაზის ასოციაციის წარმომადგენელი ბიორნ ვიდალი. სხვადასხვა ვარაუდით, ნორვეგიის ნავთობის რესურსები 30-დან 50 წლამდე პერიოდში ამოიწურება, გაზის რესურსები - 100-მდე წელიწადში.

ნავთობით და გაზით მდიდარ სხვა ქვეყნებში ასე გულდასმით არ ემზადებიან შორეული მომავლისათვის. ზოგ მათგანს, მაგალითად, რუსეთს, მართალია, ასევე აქვს შექმნილი სამომავლო ფონდი „ჰოლანდიური დაავადების“ ეფექტის შესარბილებლად, მაგრამ, ოსლოსაგან განსხვავებით, მოსკოვი ხშირად იყენებს ფონდში დაგროვილ ფულს მიმდინარე ხარჯების დასაფარად. შედეგია ის, რომ თუ ნორვეგიას, 2013 წლის მონაცემებით, წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 200%-მდე ჰქონდა დაზოგილი, რუსეთის სამომავლო ფონდში მოგროვილი თანხა არ აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს.

და საერთოდ, ნორვეგიის მოდელი შესაძლოა გამოუსადეგარი აღმოჩნდეს სხვაგან - ქვეყნებში, რომლებისთვისაც უცხოა მოქალაქეთა სოლიდარობის ტრადიცია და მთავრობისადმი ისეთი ნდობა, ნორვეგიას რომ ახასიათებს. ფარუკ ალ-კასიმი არც ურჩევს სხვებს, პირველ რიგში, ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებს, ნორვეგიასავით დაზოგონ ნავთობის შემოსავლების დიდი ნაწილი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ინვესტირება ინფრასტრუქტურაში. თუმცა მაინც მოუწევთ ფულის დაზოგვა და არა ხარჯვა, თუ სურთ თავის დაცვა „ჰოლანდიური დაავადებისაგან“ და ეკონომიკის სხვა დარგებისათვის განვითარების შანსის მიცემა.

თუ ეს არ გაკეთდა, ქვეყანას თავს ატყდება ე.წ. „ნავთობის წყევლა“: ის თითქმის მთლიანად ხდება დამოკიდებული ნავთობის შემოსავალზე, ეკონომიკის სხვა დარგები მნიშვნელობას კარგავს, ხოლო ქვეყნის ხელმძღვანელობა მართვის სადავეების შენარჩუნებას ერთგულთა დასაჩუქრებით და ოპონენტების დევნით ახერხებს.

სიმპტომებს, ალბათ, იოლად ამოიცნობენ ნავთობით მდიდარ ქვეყნებში - რასაკვირველია, ნორვეგიის გარდა.

XS
SM
MD
LG