Accessibility links

logo-print

„ყველა სტუდენტი თანასწორია“ - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ სტუდენტები 7 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ისინი თვითმმართველობის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებდნენ. რა პროექტებს ხმარდება თვითმმართველობისთვის გამოყოფილი დაფინანსება,რა სურთ, რა სჭირდებათ სტუდენტებს და როგორ აფასებენ ისინი თვითმმართველობისსაქმიანობას?

19 000 ლარი - აი, ამდენი დახარჯა 2016 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ ბაკურიანში სტრატეგიული მენეჯმენტისა და პროექტების მართვის ტრენინგისთვის. ორდღიან ტრენინგში მონაწილეობა თვითმმართველობის 90-მა წევრმა მიიღო. მსგავსი ღონისძიება წინა წლებშიც გაიმართა და სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია თანხების არამიზნობრივი გამოყენებით. წელს თვითმმართველობამ ისევ გადაწყვიტა ტრენინგი ჩაეტარებინა, თუმცა ხარჯები შეამცირა და მგზავრობის საფასური თითოეულმა მონაწილემ თავად დაფარა. თვითმმართველობას უნივერსიტეტის სტუდენტები წელიწადში ერთხელ ირჩევენ და ისყველა ფაკულტეტის წარმომადგენლებს აერთიანებს. მათი მთავარი პრიორიტეტები უნივერსიტეტში საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაა. მათ სტუდენტების უფლებები უნდა დაიცვან, ახალგაზრდების სურვილები და პრობლემები უნდა მიიტანონ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამდე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის თქმით, თვითმმართველობის არსებობა ნიშნავს იმას, რომ სტუდენტების ხმა ისმის ყველგან. თუმცა ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენა და კომუნიკაციის ნაკლებობა ის პრობლემებია, რომელზეც უნივერსიტეტის სტუდენტები ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ. მეოთხე კურსის სტუდენტი ნინი სწორედ ამას მიიჩნევს თვითმმართველობის მუშაობის მთავარ ნაკლად:

„მე ვფიქრობ, სტუდენტების მოთხოვნები ნაკლებად მიდის მათ ყურამდე. თითქოს თვითმმართველობა ჩაკეტილი, ვიწრო წრეა და კომუნიკაცია დაკარგულია იმ სტუდენტებთან, რომლებიც უშუალოდ არ არიან თვითმმართველობაში ჩართული. ვისურვებდი, რომ უფრო მეტად იყვნენ ღია ამ ურთიერთობისთვის. პირველ რიგში, კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ სტუდენტების ინტერესები და მოსაზრებები იცოდნენ“.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ თავისი ფეისბუკის გვერდზე მიიღოს. აქ სტუდენტებს საშუალება აქვთ ნახონ და აირჩიონ, იმიტირებულ პროცესში ჩაერთონ თუ თამაშში, პოეზიის საღამოს დაესწრონ თუ საქველმოქმედო კონცერტს. ტრენინგებსა და სხვა მსგავს აქტივობებთან ერთად, ეს ის პროექტებია, რომელზეც თვითმმართველობა წელიწადში, საშუალოდ, უნივერსიტეტის ბიუჯეტის 1 პროცენტს ხარჯავს.

ხარჯებს უმიზნოდ ფლანგავენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქტიური სტუდენტი ხარ, არის პრობლემა ინფორმაციის მიღების. მათ მიერ მოწყობილ კონფერენციებზეც მხოლოდ ის ადამიანები დადიან, ვინც მათთან არის დაახლოებული...

მართლაც, რა სურთ სტუდენტებს? თუმცა ერთია სურვილი, მეორე კი - საჭიროება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა უამრავი სტუდენტი სწავლის გადასახადის დაფარვას ვერ ახერხებს, ან რომელიმე გაცვლით პროგრამაში სახსრების უქონლობის გამო ვერ იღებს მონაწილეობას. ან იქნებ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სჭირდებათ უკეთესი პირობები, რომ ზამთარში აივანზე სახელდახელოდ მოწყობილ სამზარეულოში არ მოუწიოთ სადილის კეთება. რა სურთ ან რა უფრო აინტერესებთ სტუდენტებს და შეესაბამება თუ არა თვითმმართველობის მიერ ჩატარებული ღონისძიებები მათ მოთხოვნებს?

„საგანმანათლებლო მიმართულება საკმაოდ მძლავრია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ კონფერენციის მიმართ ინტერესი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე კონცერტებისადმი. თუკი 33ა-ს კონცერტს 2 500 კაცი ესწრება, კონფერენციაში მხოლოდ 30 იღებს მონაწილეობას. იმაზეც აქვთ ხოლმე პრობლემა, თუ რატომ ტარდება სააქტო დარბაზში კონცერტი, მაგრამ თუ ხალხი ესწრება, ე. ი. არის მოთხოვნა და ინტერესი, რომ ჩატარდეს და ამიტომაც ვატარებთ“, ამბობს შალვა საბაური.

იმ სტუდენტთა დიდი ნაწილი, რომლებიც არც საპროტესტო აქციაში იღებენ მონაწილეობას და არც თვითმმართველობის საქმიანობაში არიან ჩართულნი, საქველმოქმედო აქციებს,კონცერტებს ან სპორტულ ღონისძიებებს უარყოფითად სულაც არ აფასებენ, თუმცა თვლიან, რომ უნივერსიტეტში, უპირველესად, ცოდნა და განათლება უნდა მიიღონ, ამიტომ მათთვის კარგი ბიბლიოთეკა, გარემონტებული აუდიტორია და თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

დაური ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და თვლის, რომ თვითმმართველობამ მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტი სტუდენტებისთვის უფრო სასარგებლო აქტივობებზე უნდა დახარჯოს:

„მე, მაგალითად, სხვადასხვა კურსებით ვარ დაინტერესებული, არაფორმალური კურსებით, რომელიც არის უნივერსიტეტში, მაგრამ ფასიანია. თვითმმართველობას შეუძლია გამოყოს თანხა და სტუდენტებს ამ კურსების საფასური დაუფინანსოს. შეიძლება ეს იყოს კონკურსით, მხოლოდ წარჩინებული მოსწავლეებისთვის, მაგრამ იყოს დაფინანსების შანსი, რომ ბავშვებმა ამ კურსებზე სიარული შეძლონ“.

გიორგი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მეორე კურსის სტუდენტია. მისი აზრით, უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც თვითმმართველობამ უფრო მეტად უნდა იზრუნოს, მაგალითად, აკადემიური რეგისტრაციის, საგნების არჩევის ან სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაზე:

„ხარჯებს უმიზნოდ ფლანგავენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქტიური სტუდენტი ხარ, არის პრობლემა ინფორმაციის მიღების. მათ მიერ მოწყობილ კონფერენციებზეც მხოლოდ ის ადამიანები დადიან, ვინც მათთან არის დაახლოებული. ვფიქრომ, რომ თვითმმართველობამ და უნივერსიტეტმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ სტუდენტებს ინფორმაცია საფუძვლიანად მიეწოდოთ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG