Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთელი რაბი


რაბი აბუ ხალილი
რაბი აბუ ხალილი
წარმოსახვას დიდი ძალა აქვს. თუ მუსიკა წაეხმარა, მთლად უკეთესი – აღარაფერია შეუძლებელი. სადაც მოგეპრიანება, უმალ იქ გაჩნდები. ამ სიუჟეტის დასაწყისშიც იმ მიწას მოვივლით, მზის მცხუნვარების გამო რომ ფერფლისფერია, ვეებერთელა ცაზე ღრუბელი იშვიათად იხატება, ზღვიდან მობერილი ნიავქარი კი კვიპაროსებს არხევს და არემარეს მარილიანი სურნელით ათრობს. აქაურობას გვარიანი ტკივილიც ახსოვს - სისხლით მოსვრილი ქუჩები, მიწისძვრები, გაუთავებელი ომები, კვდომა და ნგრევა... თუმცა მკვდრეთით მრავალგზის აღმდგარა და უფრო მეტადაც არაერთხელ დამშვენებულა. ამიტომაც ეძახიან „ქალაქ-ფენიქსს“, „ახლო აღმოსავლეთის მარგალიტს“ და „ხმელთაშუა ზღვის პარიზს“. სინამდვილეში კი ბეირუთი ჰქვია, ისევე როგორც ამ ულამაზეს პიესას:



ინსტრუმენტი, რომელსაც უჩვეულოდ ეშხიანი ბგერა აქვს, – უდია. მას არაბულ ქნარსაც უწოდებენ. მოკლედ, იქაური ჩონგურია. ოღონდ ჩვენებურისგან მოკლე გრიფი, უფრო დიდი და მრგვალი დეკა განასხვავებს. იმასაც ამბობენ, ევროპული მანდოლინისა თუ თანამედროვე გიტარის წინაპარიაო. ტონალური სიმდიდრე-მოქნილობით გამოირჩევა, აღმოსავლური იერსახისა და არაბული აქცენტის მიუხედავად, ნებისმიერ დასავლურ მუსიკალურ ენაზე შეუძლია მეტყველება - რაღა თქმა უნდა, გამოცდილი ინსტრუმენტალისტის ხელში. ჩვენს შემთხვევაში კი, ასეთი ლიბანელი მუსიკოსი რაბი აბუ ხალილი გახლავთ. 1957 წელს მისმა დაბადებამ მშობლებს გული გაზაფხულივით გაუთბო და სახელიც წლის ამ დროის დარად დაარქვეს: „რაბი“. ნიჭიერი ხალხი იყო - დედა 6 უცხო ენას ფლობდა, მამა – 8 ენაზე სხლავდა. პოეტი კაცი ბრძანდებოდა და მუსიკაც მეტისმეტად უყვარდა – ლიბანური ფოლკლორი. ჰოდა, ერთხელაც პატარა რაბიმ თავის „ჩანგურს“ სიმები გაუბა და ერთმანეთს შეუხმატკბილა. თუმცა ჯერ სამოქალაქო ომი გაჩაღდა, შემდეგ კი „ცაჰალის“ ჯარისკაცებმა „ივარგეს“, რასაც ქვეყნის სამხრეთის ოკუპაცია მოჰყვა. კაცთაკვლასა და უბედურებას რაბიმ 19 წლის ასაკში დააღწია თავი. გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მიუნხენის კონსერვატორიაში შეუდგა ფლეიტისტის პროფესიის დაუფლებას. ამ პერიოდისთვის უდზე უკვე დაბრძენებული მუსიკოსივით უკრავდა, ხოლო კლასიკურმა განათლებამ მშობლიური ტრადიციები ახლებურად გაააზრებინა და პირველმა ექსპერიმენტმაც არ დააყოვნა. ალბომი „არაბული ვალსი“ ევროპული კლასიკური მუსიკისა და ლიბანური ფოლკლორის დაკავშირების პირველი მცდელობა იყო.



ერთხელ მიუნხენში რაბის მეტად უცნაური ამბავი გადახდა თავს. დისკების მაღაზიაში ალბომებში ქექვისას უცნობი მამაკაცი, მეტსახელად „ბერი“, დაესხა თავს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. მოძალადე გაუგებარ ენაზე ესაუბრებოდა და რაბისაც კარგა ხანს ვერ გაერკვია, თუ რას მოითხოვდა მისგან. ყველა სიკეთესთან ერთად, მანიაკიც აღმოჩნდა - ოთახში გამოკეტილს დღედაღამ თავის მუსიკას ასმენინებდა. გამტაცებელს თელონიუს მონკი ერქვა, ის უცნაური ენა – „ჯაზი“, უფრო ზუსტად, პიანისტის ალბომი „Criss Cross“ გახლდათ. თავად რაბი ჯაზთან პირველ შეხვედრას ამგვარად იხსენებს: „...მონკის ალბომი შევიძინე და პირველად რომ მოვისმინე, თავგზა ამებნა. შემდეგ მეორედ... მესამედ... მეოთხედაც ვცადე კონტაქტის დამყარება, მაგრამ უშედეგოდ. ეს რა ჯანდაბაა-მეთქი, ვიფიქრე. მუსიკა, ერთი მხრივ, რთული და ირაციონალური მომეჩვენა, ხოლო, მეორე მხრივ, მასში იმგვარი ჯადო-თილისმაც აღმოვაჩინე, რომელმაც საბოლოოდ გადამიწყვიტა მომავალი.“ არცაა გასაკვირი, ახალგაზრდა ლიბანელმა მონკის ექსცენტრულ ხელწერას რომ ვერაფერი გაუგო. ამერიკელის მუსიკალური აზროვნების თავისებურებანი დღესაც ბევრისთვის ამოუცნობია და ბარე ორი სახელოვანი პიანისტიც ვერ ახერხებს მონკისეული მელოდიკისა თუ ფრაზირების მოხელთებას. ასეა თუ ისე, ჯაზის სამყაროში რაბი პირველად მონკის წყალობით მოხვდა და, ამ იღბლიანი შემთხვევითობის გამო, სამუდამოდ დასახლდა. სტრუქტურული თვალსაზრისით, ლიბანელი მთავარ მოტივს თავსა და ბოლოში აქცევს, პიესების შუა ნაწილს კი რამდენიმე კვადრატს უთმობს, სადაც მონაცვლეობით იმპროვიზირებს ტუბა, აკორდეონი, პერკუსია და, რა თქმა უნდა, უდი. სწორედ ამ ჯაზური გატაცების შედეგია თემა, რომელსაც „ორნეტს არ სძინავს“ ჰქვია და, რა თქმა უნდა, „ფრი ჯაზის“ შემქმნელ საქსოფონისტს ორნეტ კოულმანს ეძღვნება.



კრიტიკოსები ლიბანელს „არასწორ მუსიკოსად“ არაბული ტრადიცული ინსტრუმენტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების გამო მოიხსენიებენ. მართლაც, რაბის უდი იმ მუსიკის შესრულებას კადრულობს, რომელიც არსებითად არც გახლავთ მისი მოწოდება. ამჟამად მიუნხენში ცხოვრობს და ხშირად გასტროლირებს. ალბომებს გერმანულ ხმის ჩამწერ სტუდიაში, „ენია რეკორდსში“, აცხობს და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიც საქსოფონისტი ჩარლი მარიანო, მესაყვირე კენი უილერი და ბასგიტარისტი სტივ სვოლოუ გახლავთ. თუმცა ლიბანელი საკუთარ ფესვებსაც არ ივიწყებს - რაბისეული „1001 ღამე“ მართლაც რომ საამო სასმენია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG