Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემები საქართველოში


ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) საქართველოს შესახებ მესამე მოხსენებაში საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა დღემდე რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოში და რომელი რეკომენდაცია რჩება შეუსრულებელი, 12 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.

ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) საქართველოს ხელისუფლებას რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ უფრო აქტიურ ბრძოლას სთხოვს. საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ, მიუხედავად გარკვეული ძალისხმევისა, ამ ბრძოლის შედეგი მაინც არადამაკმაყოფილებელია:

“როგორც ჩანს, ძალიან რთულია ძალიან მოკლე პერიოდში მიაღწიო სერიოზულ პროგრესს. ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ანგარიშში, მაგალითად, საუბარია, რომ უფრო აქტიური უნდა გახდეს ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების პროცესი, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო. არის გარკვეული პოზიტიური ძვრა, მეტი ყურადღება ეთმობა იმას, რომ მათ მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება და, ამავე დროს, ისწავლონ ქართული ენა, მაგრამ სწავლების, სახელმძღვანელოების ხარისხი და პედაგოგთა ცოდნის დონეც ძალიან ხშირად არის სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი.”

განათლების სისტემა რასობრივი დისკრიმინაციის გარეშე - ECRI-ის რეკომენდაციების მხოლოდ ერთი ნაწილია:

”დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ უმცირესობების ინტეგრაციას და ყველა იმ საკითხს, რომელიც კომისიამ თავის ანგარიშში ჩამოწერა, ბოშებით დაწყებული, დეპორტირებული ქართველებით დამთავრებული, რომელთა ნაწილი თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს. არის ასევე სხვა პრობლემებიც. სულ ბოლოს ჩვენ მომსწრენი გავხდით სიძულვილის ენის გამოყენების არაერთი ფაქტის, საჯაროდ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებების, კერძოდ, სომხების მისამართით, რაც დასაგმობია.”

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ECRI-ის რეკომენდაციების შესაბამისად გაკეთდა, ეს ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილება იყო, რამაც
რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესაძლებლობა მისცა. კინწურაშვილი ხელისუფლების მიერ რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ სხვა, უკვე გადადგმულ ნაბიჯებზეც ლაპარაკობს:

”ეს ინიციატივა ომბუდსმენის ოფისთან არსებული რელიგიურ უმცირესობათა საბჭოდანაც მოდიოდა და, ამავე დროს, ECRI-იც გვირჩევდა თავის რეკომენდაციებში, რომ მათ მიეღოთ ლეგალური სტატუსი. განათლების კუთხით არაერთი ახალი პროგრამა შემუშავდა და, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური მაინც უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისათვის შემოღებული კვოტირების სისტემაა. კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისითაც არის გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი და ამაზეც ვმუშაობთ. რადგან ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამაც დაძლიოს დღეს არსებული სტერეოტიპები და აქ მედიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა.”

რასაც მედია ამბობს, ის ხშირ შემთხვევაში, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის შეფასებით, კრიტიკას ვერ უძლებს. შეუწყნარებლობის გამოხატვის მაგალითები სწორედ მედიის საშუალებით საჯარო პირების გამონათქვამებს უკავშირდება:

”მედია ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ტიპის გამოხატვას უთმობს ადგილს და არ იცავს სტანდარტს, რომლის თანახმადაც მან ან უარი უნდა თქვას შეუწყნარებლობის გამოვლინების ტირაჟირებაზე, ან კომენტარი უნდა დაურთოს განცხადებას, ან პროტესტი გამოხატოს პირდაპირ ეთერში. მაგრამ სურათი ისეთია, რომ ქართული მედიასაშუალებების - განსაკუთრებით პრესის - უმრავლესობა არათუ ტირაჟირებას ახდენს ასეთი გამონათქვამების, სიძულვილის ენის, ზოგადად მათი სარედაქციო პოლიტიკაა შეუწყნარებლობა განსხვავებულებისადმი.”

„საკანონმდებლო თვალსაზრისით, სხვადასხვა ქარტიებთან მიერთების კუთხით, მოკლედ, დეკლარირებულად ყველაფერი წესრიგშია“, ამბობს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. მისი აზრით, პრობლემა ის არის, რომ საქართველოში კანონი ცდილობს საზოგადოების გაზრდას, თავად საზოგადოება კი ამ კანონის მიღებისათვის მომწიფებული არ არის:

”უკვე ვეღარც კი ვხვდები რას ნიშნავს, როდესაც ვამბობთ, რომ ტოლერანტი ერი ვართ. რადგან, ჩემი აზრით, ჩვენი ტოლერანტობა მეიდნის არქიტექტურას არ სცილდება. ჩვენ შესაძლოა ავიტანოთ, რომ ვიღაცები ცხოვრობდნენ ჩვენს ქალაქში, ვიღაცებს ვერ ავიტანთ, რომ ცხოვრობდნენ ჩვენს მეზობლად, ან იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრების მეგობრები და, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ აბსოლუტურად დაცული იყოს ჩვენი ოჯახი ეთნიკური და რელიგიური თუ სხვაგვარი მრავალფეროვნებისაგან.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG