Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო „ჰერეთი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ


რადიო „ჰერეთის“ თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერმა ჟურნალისტებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კომისიის 26 აგვისტოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებულად არა რადიო „ჰერეთი“, არამედ შპს „ენერჯი გრუპი“ გამოცხადდა. რადიო „ჰერეთში“ მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ენერჯი გრუპს“ საკონკურსო პირობების გვერდის ავლით მიანიჭა გამარჯვება.

„გადახედეთ კომისიის საქმიანობას“, „გამოიძიეთ“ - ასეთი ტრანსპარანტებით ხელში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინ შეკრებილი ჟურნალისტები კომისიის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. როგორც რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, კომისიამ საკონკურსო კრიტერიუმების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება. აქვე უნდა ითქვას, რომ რადიო „ჰერეთი“ კახეთის რეგიონში 7 წელია მაუწყებლობს:
„კომისიამ დადო აბსოლუტურად სხვა დასკვნა და კომისიის წევრებმა აბსულუტურად საპირისპიროდ გამოიტანეს გადაწყვეტილება. ფაქტია ის, რომ იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ჩვენს კომპანიაში მუშაობს, და იმ ღირებულებებს, რაც იყო სამაუწყებლო ლიცენზიაში გაწერილი, გამოცდილება და მაუწყებლობის კანონთან შესაბამისობა და, შესაბამისად, საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაც, არ იქნა გათვალისწინებული და უგულებელყვეს თავად საკონკურსო პირობებიც. ჩვენ 7 წელია ვცდილობთ შემოვიდეთ ამ [თბილისის] ბაზარზე, თუმცა ეს სივრცე ამდენი წელია დაკეტილია ამ მაუწყებლისთვის“.

რადიო „ჰერეთის“ წარმომადგენლებმა დახმარებისთვის მიმართეს პარლამენტის თავჯდომარეს, დროებით საპარლამენტო კომისიას, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას სწავლობს, და ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. სწორედ ამ ორგანიზაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ამზადებს სასამართლოში წარსადგენ სარჩელს. ცენტრის ხელმძღვანელის ეკა ციმაკურიძის სიტყვებით, კონკურსის პირობებად დასახელებული იყო პროგრამული ბადის მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა. ამ კრიტერიუმების არსებობის შესახებ დასკვნა მოამზადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა და ამ დეპარტამენტის დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ საკონკურსო პირობებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა რადიო „ჰერეთი“, თუმცა, კომისიის სამი წევრიდან ორის მხარდაჭერით მიღებული გადაწყვეტილებით, „ჰერეთმა“ კონკურსში ვერ გაიმარჯვა. კონკურსში, რომელშიც 5 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილია. ეკა ციმაკურიძის თქმით, ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი, იყო თუ არა კომისია მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებისას:

განსხვავებული იყო „ენერჯი გრუპის“ სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს ახალ ამბებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჰქონდა დაკავშირებული პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკასთან. ის აუდიტორიის ფართო წრეს აკმაყოფილებს...
ხატია ყურაშვილი
„ამ დასკვნის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს კომპანია არის ახალი კომპანია მედიაბაზარზე. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ის სთავაზობდა მეტწილად ეკონომიკურ-ფინანსური შინაარსის პროგრამებს, მაშინ როცა „ჰერეთს“ ჰქონდა უფრო მრავალფეროვანი პროგრამები შეთავაზებული როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა სფეროების ნაწილში. დასკვნაშიც არის ერთმნიშვნელოვნად აღნიშნული, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ მრავალფეროვნების თვალსაზრისით, არამედ გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიას ჰქონდეს გამოცდილება მაუწყებლობის სფეროში, რაც არ ჰქონდა ამ შემთხვევაში გამარჯვებულ კომპანიას“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა. მისი სიტყვებით, კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციებში განმსაზღვრელი იყო საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის მაუწყებლობის უზრუნველყოფა. ხუთივე კომპანიის კონცეფცია მეტ-ნაკლებად მსგავსი იყო, სხვაობა მხოლოდ გადაცემათა რაოდენობაში იყო. ხატია ყურაშვილის სიტყვებით, შესაძლოა ერთმნიშვნელოვნად კომისიის მოთხოვნებს არ ასრულებდა, მაგრამ გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული პროგრამები ბაზარზე იქნება სიახლე:

„განსხვავებული იყო „ენერჯი გრუპის“ სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს ახალ ამბებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჰქონდა დაკავშირებული პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკასთან. ის აუდიტორიის ფართო წრეს აკმაყოფილებს, კომისიის აზრით, ვინაიდან, ერთი მხრივ, პასუხობს დასაქმებული აუდიტორიის მოთხოვნებს და ასევე პასუხობს სამსახურის მაძიებელი საზოგადოების მოთხოვნებს. გარდა ამისა, ეს რადიო დაუთმობს დიდ ყურადღებას სადაზღვევო თემას, საბანკო სექტორს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია უპასუხისმგებლოდ რომ ეკიდება საქმიანობას, ეს არის ფაქტი და არის თუ არა გარიგება, ეს არის გამოსაკველევი...
ნათია კუპრაშვილი
ამასთან, ხატია ყურაშვილის სიტყვებით, კომისია ხელმძღვანელობს კანონით და კანონი აძლევს მას უფლებას თავისი გემოვნებით და სიმპათიით განსაზღვროს, თუ რომელი კომპანიაა გამარჯვების ღირსი. ამ აზრს არ იზიარებს „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი. მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილება მათივე კვლევის იმ შედეგებსაც ეწინააღმდეგება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა:

„ორი დღის წინ დაიდო იმ კვლევის შედეგები, რომელიც თვითონ კომუნიკაციების კომისიამ დაუკვეთა. ამ ზონაში, სადაც გაიცა ლიცენზია, ეს თემა არ არის პრიორიტეტული მოსახლეობისთვის. მაშინ რაზე ვლაპარაკობთ, ვის ინტერესებს ემსახურება კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თუ არ ემსახურება მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს? კომუნიკაციების ეროვნული კომისია უპასუხისმგებლოდ რომ ეკიდება საქმიანობას, ეს არის ფაქტი და არის თუ არა გარიგება, ეს არის გამოსაკველევი“.

გამარჯვებული კომპანია FM 93.5 მაუწყებლობის დაწყებას ლიცენზიის მიღებიდან ორი თვის ვადაში გეგმავს. ახალი რადიოარხის სახელწოდება „ზენიტი“ იქნება.

რადიო „ჰერეთის“ თანამშრომლებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, სარჩელს კი სასამართლოში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG