Accessibility links

logo-print

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საგანგებო განცხადება გაავრცელა და ყველა „თანამდებობრივად გავლენიან გულშემატკივარსა და სხვა გარეშე პირს“ მოუწოდა არ ჩაერიონ არჩევნებში და არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მათთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 20 დეკემბერს უნდა გაიმართოს, კენჭს იყრიან საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და „ბორჯღალოსანთა” ყოფილი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე. როგორია წინასაარჩევნო ვითარება რაგბის კავშირში და რა გარემოებამ აიძულა კავშირის გამგეობა გაევრცელებინა აღნიშნული განცხადება?

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გარეშე პირების, მათ შორის, "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრების“ მხრიდან მათთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია:

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობას აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემთხვევაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული, პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ“.

ჩვენ ვთქვით, რომ ყოველივე ამის გამოძიებას, თუ რა მოხდა, ჯობია გავაკეთოთ სწორი განცხადება და მოვუწოდოთ ყველას, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ მოხდეს ზეწოლა. ეს არის და ეს. პრევენციული განცხადება გავაკეთეთ...

ამგვარი შინაარსის განცხადების გავრცელებამ და ორი თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სხვადასხვა გავლენიანი პირის - მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების - ჩარევამ რაგბის ბევრ გულშემატკივარს აფიქრებინა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში კვლავ ხელისუფლების წარმომადგენლები ერევიან. ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საკრებულოსა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. თუმცა გულშემატკივრების ეჭვები არ დაადასტურა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა სვანიძემ, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა.

„საფუძველი იყო ჭორები და არაჯანსაღი მიდგომა, რომლის ელემენტები შეინიშნებოდა. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ ყოველივე ამის გამოძიებას, თუ რა მოხდა, ჯობია გავაკეთოთ სწორი განცხადება და მოვუწოდოთ ყველას, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ მოხდეს ზეწოლა. ეს არის და ეს. პრევენციული განცხადება გავაკეთეთ“, უთხრა გოჩა სვანიძემ რადიო თავისუფლებას.

სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე არ არის საუბარი. სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა, ანუ, თუ საჭირო იქნება რამე ტიპის დახმარების გაწევა. სხვა მხრივ გამორიცხულია რამე სახის ჩარევა...

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ასევე რაგბის კავშირის მოქმედ პრეზიდენტს გიორგი ნიჟარაძეს, რომლის თქმითაც, გამგეობამ განცხადების გავრცელებით საზოგადოებას შეახსენა, რომ რაგბი, პირველ რიგში, ეფუძნება მაღალ მორალურ ფასეულობებს და რომ სამართლიანი თამაშის პრინციპის გარეშე რაგბი არ არსებობს. რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმება განცხადებაში ნახსენებ „თანამდებობრივად გავლენიან გულშემატკივარში“, გიორგი ნიჟარაძემ უპასუხა:

„განცხადების ბოლოში ცხადად წერია, რომ ეს განცხადება არ ეხება კონკრეტულად არავის. არიან გულშემატკივრები აქეთაც და არიან გულშემატკივრები იქითაც, რომლებიც ცდილობენ დახმარებას და მხარდაჭერას და ქმნიან ხშირად არაჯანსაღ ატმოსფეროს. ამიტომ ლაპარაკია იმაზე, რომ რაგბის სამყარო ამ საკითხს გადაწყვეტს თვითონ“.

გარდა ამისა, გიორგი ნიჟარაძე ამბობს, რომ გამგეობის მიერ გავრცელებული განცხადება შეთანხმებული იყო მეორე კანდიდატთან, ირაკლი აბუსერიძესთან, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში ასევე გამოაქვეყნა განცხადება:

გიორგი ნიჟარაძე

გიორგი ნიჟარაძე

„ვემიჯნები საარჩევნო პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დავაფიქსირე. გამგეობის წევრებმა - მათ შორის, მე - ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი, რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით, კეთილსინდისიერად ჩაივლის“.

რაგბის კავშირის გამგეობის განცხადებაზე კომენტარები გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ორს“ უთხრა, რომ განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ეხება ხელისუფლებას:

„სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე არ არის საუბარი. სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა, ანუ, თუ საჭირო იქნება რამე ტიპის დახმარების გაწევა. სხვა მხრივ გამორიცხულია რამე სახის ჩარევა“.

საქართველოს რაგბის კავშირის წესდების შესაბამისად, 2015 წლის 20 დეკემბერს გაიმართება რაგბის კავშირის საერთო კრება, რომელზეც ოთხი წლით უნდა იქნეს არჩეული რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები - რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG