Accessibility links

logo-print
დღევანდელი სიუჟეტის გმირმა, კოლეგებისგან გასხვავებით, მუსიკაში სულ სხვა კარით შეაბიჯა. 2 წლის გახლდათ, როცა ექიმის დაუდევრობის გამო მხედველობა დაკარგა და სამყაროს შეცნობა სმენით, ბგერების ამარაღა დარჩენილმა, მოახერხა. მეორეც – სცენაზე ისეთები იკადრა, ნახევარი საუკუნის თავზეც კი მსგავსი ვერავინ გაიმეორა.



როლანდ კერკი 1936 წლის 7 აგვისტოს ოჰაიოს შტატში დაიბადა. სიბრმავის მუხედავად, 12 წლის ასაკში სკოლის ორკესტრში საყვირზე, კლარნეტსა და საქსოფონზე უკვე გამოცდილი მუსიკოსივით ირჯებოდა. ერთხელაც სიზმარი უნახავს, იდუმალმა ხმამ ჩასჩურჩულა, რაჰსაანი დაირქვიო და ისიც დააყოლა, რამდენიმე ინტსრუმენტზე ერთად უნდა დაუკრაო. გაიღვიძა თუ არა, უახლოესი მაღაზიის სარდაფში ორი ესპანური წარმოშობის ინსტრუმენტი შეარჩია: ალტ-საქსოფონის წინაპარი – "სტრიტჩი" და სოპრანო-საქსოფონის მონათესავე ძველებური "მანზელო". ოთახში გამოიკეტა და მათზე ერთდროული დაკვრის ტექნიკის დაუფლებას შეუდგა. იმდენი ქნა, რომ მალე პირველი სოლო ალბომებიც გამოსცა, სადაც, ხსენებული ინსტრუმენტების გარდა, უბრალო სასტვენით დაწყებული, ნიჟარებით დამთავრებული, ყველაფერზე ჩაჰბერა, რასაც კი ხმა გაუდიოდა.

კერკის საკმაოდ თამამი დებიუტი კრიტიკოსებმა დაიწუნეს, მისი მუსიკა ნამეტანი თეატრალიზებულია, სასულე ინსტრუმენტებით ვირტუოზულად ჟონგლიორობს და ხელოვნებასთან საერთო არაფერი აქვსო. ამ ჭკუაზე მყოფი ბატონები დღესაც მოიძებნებიან, რომელთაც დასკვნები კერკის სასცენო ეპატაჟურობის ამარაღა გამოაქვთ, მუსიკის სმენით კი მაინცდამაინც თავს არ იწუხებენ. მესმის, ძნელია, სეირით არ მოიხიბლო, როცა უცნაურ სამოსში გამოწყობილი უზარმაზარი აფროამერიკელი სხვადასხვა სახეობისა თუ ტონალობის რამდენიმე საქსოფონზე ე.წ. წრიული, უწყვეტი სუნთქვის ტექნიკით ერთდროულად სოლირებს, კისერზე ზარებს, სასტვენებს, სტვირებს შამანივით აისხამს და სახლიდან წამოღებულ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე უკრავს. თუმცა დიდი შეცდომა გახლავთ, მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებას დასჯერდე და მუსიკალური მხარე ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნიო. მიზეზი მარტივია: კერკზე ჯერ საოცრად წიგნიერი, მოაზროვნე არტისტი, შესანიშნავი მელოდისტი, იმპროვიზატორი და კომპოზიტორი ითქმის და მხოლოდ შემდეგ – ვირტუოზი მულტიინსტრუმენტალისტი და, გნებავთ, შოუმენი.



რაჰსაან როლანდ კერკი 45 სხვადასხვა ინსტრუმენტს ფლობდა, რომელთა უმეტესობა თავად მოიგონა და დაამზადა. სრულყოფილი ინსტრუმენტალისტი გახლდათ, საშემსრულებლო ტექნიკა იმდენად მაღალი დონისა ჰქონდა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. თავად მუსიკაში კი არნახული გემოვნებით სხვადასხვა სტილს უყრიდა თავს: პოპს, სოულს, მისისიპურ სოფლურ ბლუზს, ახალორლეანურ დიქსილენდს, სვინგს, ბებოპსა და ავანგარდულ ფრი-ჯაზს. ლაღი გახლდათ, ჩარჩოებში მოქცევა არ სჩვეოდა და თავის დაკრულს არა ჯაზად, არამედ აფროამერიკულ კლასიკურ მუსიკად მოიხსენიებდა.



როლანდ კერკი, როგორც ფლეიტისტი, ცალკე თემაა. უთქვამთ, ფლეიტა ის საკრავია, რომელთან მიახლოება ამბორით იწყებაო... ლამაზი, განებივრებული ქალივით ჯიუტი გახლავთ, მაგრამ თუ მიუალერსე, ტკბილხმოვანი, მომნუსხავი, ჰაეროვანი ბგერებით ალერსითვე გიპასუხებს. საუკუნეების მანძილზე ვინ აღარ ეტრფოდა: მოცარტი, ვივალდი, დებიუსი, ჰაიდნი თუ ბახი სითბოს არ აკლებდნენ და ნაზ ალერსს ჰყავდათ დაჩვეული. მასაც ზრდილი, კდემამოსილი ქალივით ეჭირა თავი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს კერკს არ გადაეყარა, რომელმაც საიმპერატორო კარის არისტოკრატიული სალონებიდან თამბაქოსა და ალკოჰოლის ოხშივარში გახვეულ ჯაზურ ღრიანცელში ამოაყოფინა თავი. კბილების ღრჭენით დააცხრა მის ბაგეებს და ინტსრუმენტის კდემამოსილებისგან არაფერი დატოვა, საკრავის მიძინებული, აქამდე ყველასთვის უცნობი ველური ბუნება გამოაღვიძა: გოროზი, გიჟური და სისხლსავსე ბგერებით აამეტყველა. დიახ, კერკმა რევოლუცია მოახდინა საშემსრულებლო ტექნიკის თვალსაზრისით: უკადრებელი იკადრა, ფლეიტაზე ცხვირით იმპროვიზირებდა და, რაც მთავარია, ჯაზური მუსიკის ისტორიაში პირველად, პერკუსიული დაკვრის სტილი დაამკვიდრა, თანაც თავის ყაიდაზე – ინსტრუმენტზე დაკვრის პარალელურად მღეროდა კიდეც.



1976 წელს კერკს ბედმა უყელა, დამბლის გამო სხეულის მარჯვენა მხარე წაერთვა. გულადი კაცი იყო და არ დანებდა – ინსტრუმენტები ისე გადააწყობინა, რომ მხოლოდ მარცხენა ხელით შეძლებოდა სცენაზე გასვლა. ბოლო ალბომიც – Boogie Woogie String Along For Retal - ცალხელამ ჩაწერა, სადაც, მიუხედავად შეზღუდული უნარებისა, თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველასგან გამორჩეული, სისხლსავსე და სრულყოფილი ჰანგებით იმეტყველა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG