Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალებმა რამადის სამთავრობო შენობებიდან განდევნეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები


მთავრობის მომხრე მებრძოლები ქალაქის ქუჩებში
მთავრობის მომხრე მებრძოლები ქალაქის ქუჩებში

ერაყის არმია აცხადებს, რომ ქალაქი რამადი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან „გაათავისუფლა“, რაც სამთავრობო ძალების მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ექსტრემისტულ ჯგუფზე.

ერაყის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა კადრები, როგორ აღმართავენ მთავრობის ძალები ეროვნულ დროშას სამთავრობო შენობების მთავარი კომპლექსის თავზე. ასევე აჩვენეს მთავრობის მომხრე მებრძოლთა მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. ძირითადად სუნიტებით დასახლებულ ქალაქ რამადიზე კონტროლი მთავრობის ძალებმა დაკარგეს მაისში, როცა ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები დაეპატრონენ.

სამხედრო ძალების პრესმდივანმა, გენერალმა იაჰია რასულ აბდულამ ასე გამოაცხადა ჯარის გამარჯვება სახელმწიფო ტელევიზიით:„დიახ, ქალაქი რამადი გათავისუფლებულია. [ერაყის] შეიარაღებულმა ძალებმა - მათმა გმირმა მებრძოლებმა ანტიტერორისტული დანაყოფიდან - ანბარის პროვინციაში სამთავრობო შენობების კომპლექსზე აღმართეს ერაყის დროშა, რათა მან მაღლა იფრიალოს, სამშობლოს პატივი მიეგოს და ახალი ისტორია დაიწყოს. სიმართლე ჩვენს მხარესაა და დავიცავთ ჩვენს ღირსებას და მიწა-წყალს. ღვთის ნებით, ასევე გათავისუფლდება ყველა სხვა ქალაქი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერაა გაჩანაგებული“.

შედარებით უფრო ფრთხილი იყო ისმაილ ალ-მაჰლავი, ანბარის პროვინციაში სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი. მან განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები კვლავაც აკონტროლებენ პროვინციის დედაქალაქ რამადის გარკვეულ მონაკვეთებსო.

„ჯარი მხოლოდ სამთავრობო შენობების კომპლექსში შევიდა“, - უთხრა მაჰლავიმ სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია განცხადება, რომ რამადი მთლიანად გათავისუფლებულია.

ერაყის არმიამ გასულ კვირაში დაიწყო ბაღდადიდან 130-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე რამადის გათავისუფლების ოპერაცია. არმიის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებდა სნაიპერების მუშაობა, სხვადასხვა სირთულე და ის გარემოება, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა გაანადგურეს რამადისკენ მიმავალი ყველა მნიშვნელოვანი ხიდი.

გავრცელებული შეფასებით, რამადიში „ისლამური სახელმწიფოს“ 400-მდე მებრძოლი იმყოფებოდა, როცა მთავრობამ შეტევა დაიწყო გასულ კვირაში. ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენი მებრძოლი დახოცეს და რამდენმა შეძლო ქალაქის გარეთ არსებულ პოზიციებზე გადანაცვლება.

ერაყის არმიას არც ბრძოლაში თავისი დანაკარგების შესახებ გაუმხელია ინფორმაცია.

ერაყის ძალების გამარჯვება თიქრითის შემდეგ რამადის აქცევს მეორე ქალაქად, რომელზეც ერაყის მთავრობა კონტროლს დაიბრუნებს. ეს მნიშვნელოვნად განამტკიცებს მთავრობის ძალისხმევას განდევნოს „ისლამური სახელმწიფოს“ ძალები მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან, სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG