Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მოსალოდნელია ტერორისტული აქტები საქართველოში


მიუნხენის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია ტერორისტული აქტის შემდეგ. 2016 წლის 22 ივლისი
მიუნხენის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია ტერორისტული აქტის შემდეგ. 2016 წლის 22 ივლისი

რამდენად დაცულია საქართველო ტერორიზმისგან? როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველო ტერორისტებისთვის ნაკლებად „მიმზიდველი“ ქვეყანაა, თუმცა მსგავსი ფაქტები აქ მაინც ყოფილა. გარდა ამისა, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ისევე არიან საფრთხეში, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.

საზღვარგარეთ სამუშაოდ თუ სამოგზაუროდ წასულ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ ტერორისტები, როგორც წესი, მსხვერპლს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით ნაკლებად ასხვავებენ:

გადმოწერა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა სწორედ მუსლიმებს - გაანადგურა შიიტებით დასახლებული ადგილები. მან ასევე არაერთი სუნიტი მუსლიმი, ვისაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობა არ სურდა, სიკვდილით დასაჯა და ამის შემდეგ მიიტანა იერიში ქრისტიანულ თემებზე. ანუ მათთვის ამასაც არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მუსლიმია თუ ქრისტიანი - ყველა თანაბრად დაუცველია“.

მისივე თქმით, საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ნაკლებად არის სამიზნე, რადგან ტერორისტული აქტი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების დაშინებას ემსახურება, ეს კი სათანადო რეზონანსს საჭიროებს:

თავიანთმა მშობლებმა არ იციან, სად დადიან და სად არ დადიან. მერე უცებ დაიკარგება და უკვე საზღვარზე რომ არის გადასული, მაშინ იგებენ მშობლები. დღე და ღამე ტირიან მათი ახლობლები. რას გაუგებ?! თავიანთ მშობლებს მოუსმინონ, რაღა სხვის ნათქვამს უსმენენ...
მანია მარგოშვილი

„ერთია, მაგალითად, როდესაც ბრიუსელში, მიუნხენში, პარიზში მოაწყობ ტერორისტულ აქტს, რომელმაც შეიძლება მსოფლიო შეძრას და მეორეა, როდესაც ტერორისტულ აქტს მოაწყობ პატარა ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც ნაკლებად სარგებლობს ევროპული სოლიდარობით. ტერორისტული აქტი, უპირველეს ყოვლისა, არის ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს უნდობლობის, შიშის დათესვას საზოგადოებაში, რაც შეუძლებელია, თუ ტერორისტულ მოქმედებას ძალიან დიდი საინფორმაციო გამოხმაურება და რეზონანსი არ მოჰყვება“.

თუმცა, როგორც გობრონიძე ამბობს, არსებობენ ტერორისტები, რომელთა უკან არავინ დგას და მხოლოდ თავიანთი შეხედულებისამებრ მოქმედებენ. ასეთი იყო, მაგალითად, ბრეივიკი, რომელმაც ნორვეგიაში სტუდენტები დახოცა. ამ ტერაქტს ქუთაისელი თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლეც შეეწირა. ასეთივე „მარტოხელა“ ტერორისტი იყო არუთინიანი - ის 2005 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისას, თავისუფლების მოედანზე ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. ნიცის ტერაქტის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - რომან ეკმალიანი.

რაც შეეხება იმ მეთოდებს, რომელთაც ტერაქტის მოსაწყობად იყენებენ, გიორგი გობრონიძის თქმით, ტერორისტებმა ევროპაში გადმოიტანეს ის, რასაც ადრე ახლო აღმოსავლეთში აკეთებდნენ - იქნება ეს მანქანით სადმე შევარდნა, ქუჩაში სროლის დაწყება თუ სხვა... ექსპერტი ამბობს, ასევე, რომ ტერორისტები ხშირად სპეცსამსახურებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან. მაგალითად, 60-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო თვითმფრინავის გატაცება. ამის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ კონვენცია მიიღო, მაგრამ ტერორისტებმა მალევე საელჩოებზე თავდასხმა დაიწყეს. მას შემდეგ კი, რაც საელჩოების დაცვა გაძლიერდა, სამიზნეები უბრალო მოქალაქეები გახდნენ. გობრონიძის თქმით, 90-იან წლებში აქცენტი ძირითადად კეთდებოდა იმაზე, რომ ტერორისტებს მასობრივი განადგურების იარაღი არ ჩავარდნოდათ ხელში, თუმცა, მისივე თქმით, ტერორისტებმა 11 სექტემბერს საკანცელარო დანებით დაიკავეს თვითმფრინავები.

და ისევ საქართველო:

„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს არა აქვს ამის „ტრადიცია“. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით, ე. წ. სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ტერაქტების მსხვერპლი. იგივე 2005 წელი და გორის ტერორისტული აქტი რომ გავიხსენოთ, საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებული ტერაქტები რომ გავიხსენოთ... სამწუხაროდ, ყველა ამ ტერორისტულ აქტს რუსულ სპეცსსამსახურებამდე მივყავართ და ეს გამოიკვეთა კიდეც გამოძიების პროცესში“.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ საქართველოს ტერორიზმის საფრთხე ორი მიმართულებით შეიძლება შეექმნას. პირველი, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კვახაძე იხსენებს გორის ტერაქტს და ტერაქტების სერიას სამეგრელოში 2010-2011 წლებში. გარდა ამისა, მისივე თქმით, საფრთხე შეიძლება მოდიოდეს „ისლამური სახელმწიფოსგან“, რადგან მისი წევრები საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

პანკისის მკვიდრი მანია მარგოშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ბიჭები სირიაში წასასვლელად ცოლ-შვილს როგორ ტოვებენ:

„რას ვიტყვით სირიაში წამსვლელებზე? თავიანთმა მშობლებმა არ იციან, სად დადიან და სად არ დადიან. მერე უცებ დაიკარგება და უკვე საზღვარზე რომ არის გადასული, მაშინ იგებენ მშობლები. დღე და ღამე ტირიან მათი ახლობლები. რას გაუგებ?! თავიანთ მშობლებს მოუსმინონ, რაღა სხვის ნათქვამს უსმენენ“.

ტრადიციული ისლამის წარმომადგენელი იმამი ომარ ალდამოვი კი ამბობს, რომ მას არც სირიაში წასვლას ეკითხება ვინმე და არც - დარჩენას:

„ისლამი და ყურანი ომს და ადამიანების ხოცვას არ ქადაგებს. ჩვენი წინასწარმეტყველი, მუჰამედი, მშვიდობას ქადაგებდა, მაგრამ ესენი რას იცავენ ან ვისი გულისთვის მიდიან, არ ვიცი“...

ალეკო კვახაძე
ალეკო კვახაძე

რამდენად მომზადებულია საქართველოს სპეცსამსახურები შესაძლო ტერორიზმთან გასამკლავებლად? ალეკო კვახაძე ამბობს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დასავლელ კოლეგებთან თანამშრომლობენ, მაგრამ მათ მუშაობას აქვს ხარვეზებიც:

„ერთი მხრივ, ხდება ზეწოლა იმ პირებზე, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არიან ტერორიზმთან. გავიხსენოთ იგივე მუზაევის საქმე, კადიევის საქმე, რომელსაც რუსეთში დეპორტაცია ემუქრებოდა. მეორე მხრივ, გავიხსენოთ ორი პანკისელი არასრულწლოვანის საქმე, რომლებიც გაატარეს საზღვარზე, მაშინ როცა ამის უფლება არ ჰქონდათ. ეს იყო ქართული სპეცსსამსახურების უდიდესი ჩავარდნა. იგივე ბორჩაშვილის საქმე, როცა მას დეპორტი გაუკეთეს თურქეთში. ცნობილი იყო მისი კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, მაგრამ მაინც არ დაიჭირეს და მხოლოდ მაშინ მიმართეს სანქციებს, როცა ინფორმაცია საჯარო გახდა“.

რაც შეეხება საფრთხეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ალეკო კვახაძე ამბობს, რომ საშიშროება თუნდაც იმიტომ არსებობს, რომ ადმინისტრაციული საზღვარი, ფაქტობრივად, არ კონტროლდება:

„ადმინისტრაციული საზღვარი, ფაქტობრივად, არ კონტროლდება ან არასათანადოდ კონტროლდება. ეს ჩანს თუმდაც იქიდან, რომ გიგა ოთხოზორია დღისით-მზისით მოკლეს“.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად რადიკალურია ექსპერტი გიორგი გობრონიძე. მისი თქმით, საქართველოს სპეცსამსახურები არცთუ ისე სუსტია და ისლამისტებისა და ექსტრემისტების სირიაში გადინებასთან დაკავშირებითაც სახელმწიფომ გარკვეული ზომები უკვე მიიღო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG