Accessibility links

logo-print

2015 წლის 9 აპრილს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა კონფერენციას „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ისტორიკოსებმა, ჟურნალისტებმა და პოლიტიკის ექსპერტებმა, ისე იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად თავად ქმნიდნენ საქართველოს უახლოეს ისტორიას, სავსეს დრამატული მოვლენებით, დამოუკიდებლობის სიხარულით, ტრაგიკული შეცდომებითა და სისხლიანი დამარცხებებით. როგორია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მიღებული გამოცდილება და რა გვასწავლა დამოუკიდებლობის გაკვეთილებმა?

2015 წლის 9 აპრილს 26 წელი შესრულდა საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენიდან: 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა იმპერიამ სასტიკად დასაჯა მოშიმშილეთა მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეები საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა იმპერიამ მაინც დაიხია უკან: ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამ თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 9 აპრილს დაამთხვია სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტ „დამოუკიდებლობის გაკვეთილების“ ავტორმა, ჟურნალისტმა ეკა წამალაშვილმა, კონფერენცია, რომლის შესავალ ნაწილში საქართველოს უახლესი ისტორიის საყურადღებო მოვლენების - დამოუკიდებლობის გაკვეთილების - მნიშვნელობა და მიზნები იქნა განმარტებული:

„ჩვენი საზოგადოება რატომღაც მალე ივიწყებს ისეთ რაღაცებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ პროექტის ფარგლებში შევახსენოთ მას ვისთვის ნაცნობი და ვისთვის უცნობი წარსული, რადგანაც უკვე წამოგვეწია თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ გაიზარდა. ასევე გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას მივიწყებული ფაქტები. ბევრი ისეთი ამბავია გასახსენებელი, რაც ჩემთვისაც სიახლე იყო, როცა ამ პროექტზე მუშაობისას ისინი აღმოვაჩინე სხვადასხვა წყაროებში. წყაროებად ვიყენებთ ისტორიას, დარჩენილს არქივებში, მედიაში. ლაპარაკია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მედიაზე... კერძო არქივებში მოვიძიეთ სხვადასხვა დოკუმენტები, ვიდეომიმართვები და ა.შ.“

ეკა წამალაშვილი

ეკა წამალაშვილი

მოძიებულ დოკუმენტურ მასალას, რომელთა რაოდენობა უკვე ასცდა 150-ს, ეკა წამალაშვილი აქვეყნებს საკუთარ ბლოგზე, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, 9 აპრილს გამართული კომფერენცია ერთგვარი მიპატიჟებაა პროექტში იმ ადამიანებისა, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ისტორიის შექმნაში და ბევრი საყურადღებო რამ აქვთ გასახსნებელი. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყო ზვიად გამსახურდიას მთავრობის, უზენაესი საბჭოს, თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლის ოფიციალურ გაფორმებაში. ლაპარაკია 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ატაში გამართულ დე-სე-თეს დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომლის დასრულებისას საქართველოს დელეგაციამ - ვიცე-პრემიერმა გურამ აბსანძემ და ნემო ბურჭულაძემ - ხელი არ მოაწერა დეკლარაციის ტექსტს:

„ეს კადრები გადაღებულიც არის, როცა ხელს აწერენ „ეს-ენ-გეს“ შექმნას პრეზიდენტები მრგვალ მაგიდასთან, ხოლო მე და ბატონი გურამი ვართ ცალკე, საქართველოს დროშით, იმის ნიშნად, რომ არ შევედით ამ განახლებულ საბჭოთა კავშირში. წამოსვლისას ბორის ელცინმა არაორაზროვნად განგვიცხადა, დილის 8 საათამდე ველოდები გამსახურდიას ზარს, რომ საქართველო ხდება „ეს-ენ-გეს“ წევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში 8 საათზე შეგექმნებათ პრობლემებიო. აი, ელცინის ეს მუქარა წუთი წუთზე იქნა ასრულებული. ზუსტად 8 საათზე გავარდა რუსთაველზე ტყვია. ასე რომ, ტყუილია ის, რომ აქ რაღაც შიდაპრობლემები გვქონდა და ეს იყო ომის მიზეზი“.

ნემო ბურჭულაძის თქმით, საქართველოში არ ყოფილა სამოქალაქო ომი - ეს იყო რუსეთის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, ისტორიის მთავარი პარადოქსი კი ისაა, რომ 9 აპრილის, თბილისისა და აფხაზეთის ომებიდან სულ რაღაც 25-20 წლის შემდეგ საქართველოში ისევ კამათობენ იმაზე, მტერია თუ არა რუსეთის იმპერია.

ნემო ბურჭულაძე

ნემო ბურჭულაძე

„ჯერჯერობით რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ ვერაფერი ვერ ვისწავლეთ! ქართული ანდაზაა, ხემ თქვა, ცული რას დამაკლებდა, ჩემი ტარი რომ არ ჰქონდესო. რაც უნდა ვისწავლოთ ის არის, რომ ერთმანეთს არ უნდა ვდიოთ. თუ ვინმეს გული ერჩის, ვეომოთ მტერს! დღეს ამბობენ, რომ ძალიან დიდი სახელმწიფოა და იმასთან ბრძოლა როგორ შეიძლებაო. შეიძლება, თუკი ერთად ვიქნებით და ამის დასამტკიცებლად მოგიტანთ იმ ფაქტს, რომ როცა ერთად ვიყავით და მაშინ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა აჩვენა, რომ 95 % იყო ერთად, უფრო დიდი რუსეთი, ვიდრე დღეს არის, დავამარცხეთ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნემო ბურჭულაძემ.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილების“ ავტორი ეკა წამალაშვილიც დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული ნაწილი, უნდა დაინტერესდეს ახლო წარსულით და თავად გაერკვეს იმაში, თუ რა და როგორ მოხდა, რაშიც დიდ დახმარებას გაუწევს ისეთი პროექტი, როგორიც „დამოუკიდებლობის გაკვეთილებია“:

„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ისტორიას ვწერთ. ისტორია არის ისტორიკოსების საქმე, ჩვენ ამ პროექტში თანმიმდევრულად ვალაგებთ საინტერესო, მათ შორის, მივიწყებულ ამბებს რაღაც საერთო სურათის შესაქმნელად. ეს არის პროექტი მომავლისთვის, ახალგაზრდებისთვის, იმ თაობისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დაიბადა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ახლა წამოგვეწია. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ საბჭოთა პერიოდში გაზრდილი თაობა ვერ სწავლობს თავის შეცდომებზე, ამ პროექტით კი გვინდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს, ახალ თაობას, ისწავლოს სხვების, უფროსი თაობების, შეცდომებზე... ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ამ პროექტის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანების წერილებს და ის, თუ როგორ აისახა ამ წერილებში ჩვენი წარსული და როგორი იყო ამ ადამიანების ემოცია იმ მომენტში“.

პროექტის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია

ეკა წამალაშვილის ბლოგი „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ სავსეა ასეთი წერილებით. სამაგალითოდ გამოდგება თუნდაც უკანასკნელი, 2015 წლის 9 აპრილის, ბლოგ-პოსტი, სათაურით „9 აპრილის ღამე ზურაბ ჭავჭავაძის მოგონებებში“, რომლიდანაც მკითხველი პირველწყაროდან შეიტყობს 9 აპრილის ტრაგიკული ღამის დეტალებს. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტრაგიკულად დაღუპულმა ზურაბ ჭავჭავაძემ, მოგონებები 1989 წლის 18 აპრილსგაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა:

„სპეცჯარის ერთი ასეული დემონსტრანტთა რიგებს არღვევს და ალყას გვარტყამს ორმოში ჩაცვენილებს. ისინი მიჯრით დგებიან პარაპეტზე ჩვენს გევრდით, ხელკეტებს და წიხლებს გვირტყამენ და ორმოდან ამოსვლის საშუალებას არ გვაძლევენ. ნუთუ მათში არც ერთს არ აღმოაჩნდება ადამიანობა და ნაცემ- ნაგვემებს, დასისხლიანებულ ქალიშვილებს მაინც არ მისცემს გაქცევის საშუალებას?! როგორ არა, აი, ერთ-ერთი ჯარისკაცი პარაპეტის ნაპირიდან უკან იხევს, ასასვლელ ადგილს ათავისუფლებს და უსიტყვოდ გვთავაზობს, ამოდით, გაიქეცითო. ოციოდე წლის ჭაბუკი სხვების დახმარებით ახერხებს პარაპეტზე ასვლას ( სულ ცოტა, 1.5 მეტრის სიმაღლეა), წელში სწორდება... და „ღვთისნიერი“ ჯარისკაცი ჯერ გამეტებით ჩასთხლეშავს თავში ხელკეტს და შემდეგ ჩაკეცვას არ აცლის, ფარით ისე უბიძგებს, რომ გონწასული და თავგაჩეხილი ახალგაზრდა ჰაერში კამარას კრავს და ერთმანეთში აზელილ ხალხს ეცემა“.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ ნახავთ ასევე ზურაბ ჭავჭავაძის გამოსვლასსოხუმში გამართულ მიტინგზე, სადაც ის საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულებრივ უმოქმედობაში სდებს ბრალს. დაინტერესებული მკითხველი აქვე წაიკითხავს სულ ახლახან გარდაცვლილი ქართველი მწერლის, ნოდარ წულეისკირის, სულისშემძვრელ წინასწარმეტყველებასა თუ გაფრთიხლებას, რომელიც 1990 წელს გაზეთ „მამულში“ გამოქვეყნდა:

„საქმე იქამდე მივიდა, რომ თურმე შეიძლება არამცთუ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ იზოლაციაზე იფიქრო, არამედ შეიძლება მისი სულ მთლად ჩამოშორება გზიდან, ე.ი. შეიძლება მისი მოკვლა! ეს უკვე აღემატება ყველაფერს, ეს არის ის დრო და ის წამი, როცა საქართველოს გამოთაყვანების და გამოლენჩების წამი დგება. ეს გახლავთ წიწამურის წამები... ის წამები, როცა ილიას შუბლს ტყვია მოხვდება, ხოლო იმ დროს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ქართველი ერი ჭკუაზე არ იყო...წიწამურის ტყვია ვაითუ მაინც გავარდეს. ისვრის მეოთხე, მეხუთე ძალა და დაბრალდება „ოხრანკას“ ან, თუ გნებავთ, ბრუტოსს, და გვიან იქნება თითზე კბენანი. ამიტომ დღეს, ჩემი აზრით, საჭიროა არ ვიკადროთ ის (თუნდაც ჩვენდა უნებურად!) რაც არ არის საკადრისი“.

თუმცა, ნოდარ წულეისკირის გაფრთხილების მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ მაინც იკადრა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრის თამარ ჩხეიძის თქმით, რომ არა რუსეთიდან მართული ხელისუფლება, შესაძლებელი იყო ბევრი ტრაგიკული მოვლენის - მათ შორის, აფხაზეთის ომის - თავიდან აცილება.

თამარ ჩხეიძე

თამარ ჩხეიძე

„ჩვენი მთავარი უბედურება არის ის, რომ პროცესები ყოველთვის იმართება გარედან და ქართული საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა ისეთ ადეკვატურ საზოგადოებად, რომელიც თვითონ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არ მიჰყვება ამა თუ იმ სპეციალურად შექმნილ ბელადებს. რუსეთი 90-იანი წლების დასაწყისში ის რუსეთი არ იყო, რომელიც დღეს არის. იმ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლებოდა, რადგანაც ის ვერ მოქმედებდა პირდაპირ, ვერ ბედავდა ღიად სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრას, ამიტომ, ვიმეორებ, წინააღმდეგობის გაწევა შეიძლებოდა და თუკი ეს ვერ მოხერხდა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ხელისუფლება და მთავარსარდალი მუშაობდა, ფაქტობრივად, საქართველოს შესაჩერებლად“, უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ჩხეიძემ, რომლის თქმითაც, უბედურება ისაა, რომ საზოგადოებამ დღემდე ვერ გააანალიზა, თუ რა მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. მისი თქმით, კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მას შემდეგ არც მთლიანად საზოგადოება და არც პოლიტიკური კლასი დიდად არ გაზრდილა. შესაბამისად, არც ამ გაკვეთილებმა გვასწავლა რამე, თუმცა „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებით არ შემოისაზღვრება. კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ისტორიკოსმა და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით დარჩიაშვილმა 2003 წლის რევოლუციის შემდგომ საქართველოზე ილაპარაკა. მისი თქმით, რევოლუციური იყო ტრანსფორმაცია, რომლის შედეგად სრულიად შეიცვალა პოლიტიკური ელიტა და განხორციელდა სისტემური და, შეიძლება ითქვას, მენტალური ტრანსფორმაცია, რომელსაც მალე მოჰყვა სოციალური რევანში, - ყველაფერი ეს კი, როგორც დავით დარჩიაშვილი ამბობს, ვითარდებოდა დიდი გეოპოლიტიკური, რეგიონალური და ცივილიზაციური საგარეო გამოწვევების ფონზე:

„სოციალური რევანშისა და გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად, ისევე როგორც ისეთი ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიცაა ხელისუფლების შეცდომები, გამოწვეული ძალაუფლების ხიბლით, გამოიწვია 2012 წლის დამარცხება, მაგრამ შანსი იმისა, რომ ვითარება კვლავ დაუბრუნდეს მოდერნიზაციის და ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრიობად ჩამოყალიბების პროცესს, ის არის, თუ როგორ მოახერხა მაშინდელმა ხელისუფლებამ (ახლა ოპოზიციაში მყოფმა ძალამ) გაეცნობიერებინა გამოწვევები, არჩევნები ჩაეტარებინა ისე, რომ აღიარებული ყოფილიყო საერთაშორისო დონეზე და მშვიდობიანად გადაეცა ხელისუფლება. ეს იძლევა შანსს, რომ დავუბრუნდებით მოდერნიზაციის პროცესს, თუ დღეს ვართ, ასე ვთქვათ, ბურბონების რესტავრაციის პერიოდში“.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ კი, ცხადია, ერთი კონფერენციით არ შემოიფარგლება - მით უფრო, რომ პროექტის ავტორი ეკა წამალაშვილი აფართოებს როგორც კვლევის არეალს, ასევე მკვლევართა წრეს და სათანამშრომლოდ იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს და, მათ შორის, ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებს. ეკა წამალაშვილის თქმით, „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“, პირველ რიგში, საინტერესო და საყურადღებო იქნება ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც აღარ უნდა გაიმეორონ წინა თაობების მიერ დაშვებული შეცდომები და ისწავლონ სხვის და არა თავიანთ შეცდომებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG