Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კრიტიკულად შეაფასეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან 28 იანვრის მისცა ტელეკომპანია „იმედს“. ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევას აწარმოებს „მთავრობაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების“ ხელმძღვანელებზე. მან სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნების“ მოქმედი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე დაასახელა. სამოქალაქო სექტორში ყოფილი პრემიერის განცხადება ზეწოლად აღიქვეს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის კითხვები, რომლებიც, მისი თქმით, ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ აქვს, გამოჩნდება კვლევაში, რომელსაც ახლა ამზადებს და რომლის წარმოების უფლება, მისი თქმით, აქვს:

„მოსმენების პროცესში პრეზიდენტმა შემოიყვანა არასამთავრობოები, რომლებზედაც, სხვათა შორის, ჩვენ ცალკე კვლევას ვაკეთებთ, აი, ვინც მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები არიან... არასამთავრობოები არა, პიროვნებები: ლომჯარია, გიგაური, კოჟორიძე... ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს, თვითონ მათზე გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ტაბუ დაადეს: არასამთავრობოებს ვერ შეეხები და ცდილობდნენ კიდევ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს არ უნდა შევხებოდით და არ უნდა გაგვეკრიტიკებინა. კვლევაში დავდებთ, რა კითხვებიც გვაქვს, და გაჩვენებთ ამ სამ პიროვნებაზე განსაკუთრებით, რომელიც ყველაზე აქტიურია“.

ხელისუფლებისთვის წლების განმავლობაში შექმნილი დისკომფორტის გამო გაღიზიანებად აღიქვა ყოფილი, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლების ფაქტობრივი მმართველის სიტყვები „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ. მისი შეფასებით, ეს იყო არა სამოქალაქო სექტორის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლის ძალიან სამწუხარო დამოკიდებულების გამოხატვა. ნინო ლომჯარია კვლევის წარმოების მეთოდოლოგიით ინტერესდება:

„მას კითხვები აქვს და ინტერესდება არა ორგანიზაციის საქმიანობით, არამედ ინდივიდებით. ეს, რა თქმა უნდა, არის პერსონალური ზეწოლა მისი მხრიდან, იმიტომ რომ მას არ დაუსახელებია კონკრეტულად ვინ გვსწავლობს, რა მეთოდს იყენებენ, რა ტიპის ინფორმაციას აგროვებენ ჩვენ შესახებ და საიდან და რა ფორმებით. ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება, როდესაც ამას საუბრობს ხელისუფლებასთან ასე დაახლოებული პირი, რეალურად პირი, რომელიც თავად წარმოადგენს ხელისუფლებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება გარკვეულ ინფორმაციას აგროვებს ჩვენ შესახებ და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციაც“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ჯერ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და დახმარების აღმოჩენა აღუთქვა კვლევაში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი განაცხადა, რომ უმჯობესია მისი პიროვნების კვლევით დაინტერესებულებმა მისი ორგანიზაციის კვლევის შედეგებზე არგუმენტების მოძიებაზე იფიქრონ:

„რაც შეეხება ამ კვლევას, თუკი ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ კვლევა შეუკვეთოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის წინააღმდეგ, ეს არის ნამდვილად მისი საქმე. ჩვენ კვლევებში ვსაუბრობთ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე და, ალბათ, თუკი შესაძლებელი იქნება რაიმე არგუმენტი მოიფიქრო ამ პრობლემატური საკითხების წინააღმდეგ, ეს, ალბათ, უფრო სწორი მიდგომა იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მისი არჩევანია და ჩვენც, როგორც საქართველოს საზოგადოება, დაველოდებით ამ კვლევას“.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცირების მცდელობად აფასებს „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, თავადვე სამოქალაქო სექტორში გადასული, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. ზვიად დევდარიანის სიტყვებით, მსგავსი პროცესი არ წაადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას:

„როგორც მე აღვიქვამ ამ პროცესს, რეალურად ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოების თვალში მაქსიმალურად ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებიც ცდილობენ საკუთარი საქმე აკეთონ, რომ განახორციელონ ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი, დააკვირდნენ რა ხდება და, თუკი ხარვეზებია, ამ ხარვეზებზე ისაუბრონ“.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, სამოქალაქო სექტორის მიმართ გაკეთებული განცხადება შესაძლოა მწვანე შუქი აღმოჩნდეს ძალოვანი სტრუქტურებისთვის, რაც სახიფათო ტენდენციაა:

„ასეთი განცხადება შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვას რომელიღაც ძალოვანმა და გარკვეული მოქმედებები განახორციელოს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა დიდი ხნის დემოკრატიისა და თავისუფლების პირობებში არ გვიცხოვრია“.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პრორუსული განწყობების სამოქალაქო სექტორი იკიდებს ფეხს, განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი არასამთავრობო სექტორის კრიტიკა არასწორია.

თავისუფალი აზრის გამოთქმა და არავითარი ზეწოლა - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის განცხადებას. მისი სიტყვებით, თავისუფალი სიტყვა ასეთი განცხადებებით არ იზღუდება:

„ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ ეკუთვნის და არც არავინ აცხადებს ამაზე პრეტენზიას, ამიტომ ყველას გვაქვს საშულება ჩვენი აზრი გამოვხატოთ, ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ზეწოლას რაც შეეხება, ამას დასაბუთება სჭირდება. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს არ არის ზეწოლა, ეს ჩემი აზრია, რომელიც ან უნდა მეთქვა, ან არ უნდა მეთქვა. მაგრამ თუ მიკროფონს გამოგართმევთ ხელიდან, მაშინ ზეწოლა იქნება. ასე რომ, არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი და დარჩება თავისუფალი, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ცდება, ისევე როგორც პოლიტიკოსი. ხან ვცდებით, ხან სწორს ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფალი ვრჩებით. ამიტომ მთავარია უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, მთავარია უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური თავისუფლებები და დანარჩენი... ყველას აქვს და უნდა ჰქონდეს საშუალება საკუთარი აზრი გამოთქვას და სხვამ კიდევ იმ აზრზე თავისი აზრი გამოთქვას. მე ამ კონტექსტში დავინახავ ამ ყველაფერს“.

სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევად და მუქარად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ყოფილი პრემიერის განცხადება.

იურისტ ლია მუხაშავრიასთვის საინტერესოა, რას მოასწავებს ეს განცხადება. მას უჩნდება კითხვა, რომ ეს რაღაც ახალი ეტაპია არასამთავრობო სექტორის განვითარებაში, თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ამ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გზავნილი:

„როდესაც ხელისუფლება ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ ის აპირებს გამოიკვლიოს არასამთავრობოთა ლიდერები, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ღია განცხადება იმის შესახებ, რომ არა მარტო ამ პირებს იკვლევენ და, ალბათ, უსმენენ, - იმიტომ რომ უკვე მოსმენების კანონი ძალაშია და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება ნებისმიერი პირის მიმართ შეიძლება უკონტროლოდ, -არამედ მთელ არასამთავრობო სექტორს გაეგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ იქნებ გვითვალთვალებენ, გვისმენენ, გვაყურადებენ და ჩვენს საქმიანობას იკვლევენ“.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ არსებობს ერთგვარი ეთიკა, რომელსაც ისინი იცავდნენ, და ამ ეთიკის მიხედვით, სამოქალაქო სექტორი ერთმანეთის საქმიანობას არ სწავლობს.

XS
SM
MD
LG