Accessibility links

logo-print

„მსოფლიოს ალტერნატიული ინტერპრეტაცია“ - ასეთ ამოცანას უსახავს მოსკოვი ახალ საინფორმაციო საშუალებას, „სპუტნიკს“, რომელიც 10 ნოემბერს შეუდგა მუშაობას. ის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისა“ და რადიო „რუსეთის ხმის“ უცხოენოვანი სამსახურია, ანუ მიეკუთვნება მედიასაშუალებებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია ჩაუტარდა ჟურნალისტ დმიტრი კისელიოვის ხელმძღვანელობით. კისელიოვი ცნობილი ჟურნალისტია - კაცი, რომელსაც თავის ტელეპროგრამაში, მაგალითად, ნათქვამი აქვს, რომ რუსეთს შეუძლია შეერთებული შტატების რადიაქტიურ ფერფლად გადაქცევა. ახლა კისელიოვი სააგენტო „სპუტნიკის“ ამოცანად ასახელებს დასავლურ „პროპაგანდასთან“ დაპირისპირებას, რაშიც მას ხელი უნდა შეუწყოს ინფორმაციის 30-მდე ენაზე გავრცელებამ.

„სპუტნიკმა“ ქართულ ენაზეც დაიწყო რადიომაუწყებლობა. როგორც იუწყებიან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეუდგა მისი მაუწყებლობის სამართლებრივი საკითხის შესწავლას, რადგან ირკვევა, რომ კომპანია "სპუტნიკი" არც სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელია და არც მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი. თუმცა ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. ახლა კი სხვა, უფრო ზოგად ასპექტს გთავაზობთ: „სპუტნიკის“ ინგლისურენოვან პუბლიკაციებს თვალი გადაავლო ჩვენმა კოლეგა დეიზი სინდელარმა და გამოიტანა დასკვნები, რომლებსაც აქ წარმოგიდგენთ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ პირველი პუბლიკაციები გვთავაზობს მედიაპროდუქტს, რომელიც წარმოსახავს არა, შეძლებისდაგვარად, მთლიან სურათს, არამედ გარკვეული მიზნით შერჩეულ ფაქტებსა თუ მოსაზრებებს. და მას მართლაც ეყოლება მკითხველები დასავლეთში.

ამასთან, კრემლში ფიქრობენ, რომ დასავლეთში ძალიან, ძალიან უნდა ეშინოდეთ „სპუტნიკის“. რატომ უნდა ეშინოდეთ? - პასუხს ამ კითხვაზე, კონკრეტული პუბლიკაციების საფუძველზე, ხუთ მიზეზად აყალიბებს ჩვენი კოლეგა დეიზი სინდელარი.

1. ბრიტანელი პოლიტიკოსების ქედმაღლური დამოკიდებულება

სულ ერთია, დასავლეთში ვცხოვრობთ თუ აღმოსავლეთში -ჩვენი, ყველას ბედი პოლიტიკოსების ხელშია. და მათ კარგად იციან, რა და როგორ გამოხატონ ჟესტებითა და მიმიკით. მრავალი ფოტოსურათით გაფორმებულ სტატიაში ავტორი, ალინა მალინოვსკაია, განგვიმარტავს, როგორ „წავიკითხოთ“ მსოფლიოს ლიდერების სახის გამომეტყველება და ხელების მოძრაობა. თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შემთხვევაში ნაჩვენებია, როგორ ისახება მის სახეზე კმაყოფილების განცდა ან როგორ პოზაშია მისი ხელები სხვების ყურადღებით მოსმენის დროს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების ტონი ბლერისა და დევიდ კამერონის გამოსახულებები გვთავაზობს მტკიცებულებას, რომ ისინი გამოუსწორებელი სნობები არიან - ადამიანები, რომელთა მზერა და მიმიკაც ქედმაღლობას გამოხატავს.

2. განებივრებული ბავშვები და ვეგეტარიანელი პრეზიდენტები

ორი-სამი ათეული წლის წინ, წერს „სპუტნიკის“ კორესპონდენტი ნიკიტა ალენტიევი, ბუტერბროდზე უარი რომ გეთქვა, დედ-მამა მკაცრად დაგტუქსავდა და სწორი კვების შესახებ ლექციასაც წაგიკითხავდა. დღეს კი ბავშვებს ეუბნებიან: ყველასაგან განსხვავებული, განუმეორებელი ხარო და გაცილებით მეტ თავისუფლებას უტოვებენ საკვების შერჩევისას. რა არის შედეგი? შეერთებულ შტატებს 2020 წელს ვეგეტარიანელი პრეზიდენტი ეყოლება, - გვაფრთხილებს „სპუტნიკი“.

3. დროს ტყუილად ხარჯავთ ალ-ბაღდადის დევნით

აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები ვერ ადასტურებენ, 8 ნოემბერს დასავლეთ ერაყში საჰაერო თავდასხმისას დაჭრეს თუ მოკლეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი - „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ტერორისტების ლიდერი. „სპუტნიკში“ კი ვკითხულობთ, რომ „განსხვავებით ალ-ყაიდისაგან, რომლის ცენტრშიც ერთი კაცის ქარიზმა და პოპულარობა იდგა“, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ აერთიანებს ტერორისტების სხვადასხვა ჯგუფს, რომლებსაც აუცილებელი არ არის ალ-ბაღდადი ცენტრიდან ხელმძღვანელობდეს“. - „კი მაგრამ ოსამა ბინ ლადენი?“ - ის, შეიძლება ითქვას, ნომინალური ლიდერიღა იყო იმ დროს, როცა ამერიკელებმა მიაგნესო, განმარტავს „სპუტნიკის“ თანამშრომელი ენდრიუ კორიბკო.

4. მსოფლიოზე კონტროლს ამყარებენ ლათინურამერიკელი მუსლიმი ქალები

რუსეთში სლავური მოსახლეობის კლებით შეშფოთებული მოსკოვი ყურადღებით ეკიდება დემოგრაფიულ პრობლემებს - საკუთარსაც და სხვებისასაც. სტატიაში, სათაურით „ვატიკანიდან პირბადემდე“, „სპუტნიკს“ მოჰყავს მონაცემები, რომლებითაც შეერთებულ შტატებს შეახსენებს, რომ ორი დემოგრაფიული ჯგუფი - მუსლიმებისა და ლათინურამერიკელების - სწრაფად იზრდება. „სპუტნიკი“ გვატყობინებს აგრეთვე, რომ ლათინურამერიკელებს შორის იზრდება ისლამზე მოქცეულთა რიცხვი, რაც ეხება, უწინარეს ყოვლისა, ქალებს. „ეს იდენტიფიკაცია ბუმერანგივით მოქმედებს მათ სამშობლოზე და ლათინურამერიკელი მუსულმანები იქ ავრცელებენ მუსლიმურ კულტურას“.

5. სამხრეთი ფლორიდა შემდეგი დონბასია

რუსეთს უყვარს სეპარატიზმი - განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში. „სპუტნიკი“ ჩამოთვლის 2014 წლის ყველაზე ცხელ წერტილებს მსოფლიოში. მათ მიეკუთვნება კატალონია, შოტლანდია, ვენეცია, ყირიმი და ... მაიამი. ფლორიდის შტატის ამ ქალაქში ერთი ადგილობრივი პოლიტიკოსი ისე აღაშფოთა ჩრდილოელი ჩინოვნიკების გულგრილობამ კლიმატის ცვლილებების მიმართ, რომ გამოვიდა წინადადებით შეიქმნას „სამხრეთ ფლორიდის“ სახელმწიფო. „სპუტნიკმა“ არ დააყოვნა, სეპარატიზმის ამ გამოვლინების შესახებ ეუწყებინა მკითხველისათვის.

ასეთი გახლავთ თემები და სიუჟეტები, რომლებითაც რუსეთში დაფუძნებული ახალი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ აპირებს „მსოფლიოს ალტერნატიულ ინტერპრეტაციას.“ სავარაუდოდ, ახალ საფეხურზე ავა საინფორმაციო ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის კრიზისის გარშემო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG