Accessibility links

logo-print

2016 წლის 8 ოქტომბერს, მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევის დღეს, საარჩევნო უბნები, მთელი საქართველოს მასშტაბით, დილის 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურების შემდეგ კი, დილის 08:00 საათიდან, ამომრჩეველმა ხმის მიცემა დაიწყო. თბილისის მე-16 უბანი, დილის 10 საათი. საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კოტე გელაშვილი ამბობს,რომ უბანზე სიმშვიდეა. ამომრჩევლის პიკს 12 საათისთის ელიან:

„უბანი რვა საათზე გავხსენით, ცხრის ხუთ წუთზე პირველი ამომრჩეველიც მივიღეთ. ჩვენს უბანზე 1450 ამომრჩეველი უნდა მოვიდეს“.

კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი მარკირების შემოწმების პროცედურას გადის. კანონით, ამომრჩეველს მარკირების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არა აქვს.

„მომეცით ხელი. ახლა კი - თქვენი პირადობა. ეს ლტოლვილის საბუთია? ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ... თქვენი ნომერი იცით სიაში? აი, იმ მაგიდასთან მიბრძანდით“.

კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს და მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იქნება. თბილისის მე-19 უბანზე 1 504 ამომრჩეველი უნდა მივიდეს. კომისიის თავმჯდომარე ქეთინო ბადურაშვილი გვეუბნება, რომ დილიდან საარჩევნო უბანზე რიგია და რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. დღის 12 საათზე ამავე უბანზე ხმა მისცა ნესტან ნინოსელიძემ. გვეუბნება, რომ ხმა საქართველოს კეთილდღეობას მისცა. ეს ნიშნავს - ხალხისთვის მომსახურე ხელისუფლებას:

„წესით და კანონით, აღარ არის უკვე დრო, რომ შეიცვალოს უკეთესობისკენ ცხოვრება? მე ხალხისთვის მომსახურე ხელისუფლება მინდა და არა პირიქით. გული მტკივა, როცა ხალხის დაღვრემილ, რაღაცნაირად წაშლილ სახეებს ვუყურებ. მინდა, რომ გაღიმებული ქართველი ხალხი დავინახო“.

3 513 884 ამომრჩეველმა 3 645 საარჩევნო უბანზე ახალი საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად 150 პარლამენტარი (77 - პროპორციული სიით, 73 -მაჟორიტარული სიით) უნდა აირჩიოს - თითოეულმა ხმა უნდა მისცეს თავის რჩეულს 25 საარჩევნო სუბიექტიდან, 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის.

გრძელი რიგი დაგვხვდა თბილისის 28-ე უბანზე. რიგში დგას რომან პაქსაძეც და ამბობს, რომ ხმას საქართველოს განვითარებას აძლევს. მას აღარ სურს უმუშევრობა:

„მინდა, რომ ჩემი ასაკის ბიჭები რომ უმუშევრად არიან, ეს როგორმე დარეგულირდეს. რომ ამბობენ, ამდენი ქარხანა გაიხსნა, ამდენი სამუშაო ადგილი, სად არის? მინდა, რომ ჩემი უბნიდანაც ვინმემ თქვას, რომ დღიურად კი არ მუშაობს, ნორმალური სამსახური აქვს. მაინც მაქვს იმედი და ვფიქრობ, მეც იმ ხალხის სიაში ვიქნები, ვინც სწორ არჩევანს გააკეთებს“.

28-ე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როლანდ ხორავა ამომრჩევლის აქტიურობით კმაყოფილია. ამბობს, რომ უბანზე ხალხმრავლობის მიუხედავად, სიმშვიდეა:

„ცუდი არაფერი მომხდარა. არც დარღვევები დაფიქსირებული.1 000-ზე მეტ ამომრჩეველს ველით“.

მე-3 საარჩევნონ უბანთან უბნის გახსნამდე უკვე იდგა ათი ამომრჩეველი და თავის რიგს ელოდა, გვითხრა ამავე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით კოტიაშვილმა. ამ უბანზე მისცა ხმა ლუიზა კირთაძემაც:

„თავიდან მეშინოდა, ისეთი რამეები მესმოდა ტელევიზორიდან, მაგრამ მოვედი და სიმშვიდეა, ამ სიმშვიდეს მივეცი მეც ხმა. და მჯერა, რომ ჩემს ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

მეცხრე უბანზე კომისიის თავმჯდომარე თეონა ფეხნაშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა რჩება სახლში, სხვა სერიოზული დარღვევა მის უბანზე არ ყოფილა. ამავე უბანზე ვხვდებით მაიკო ჩიტაიას, რომელმაც სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა და მომდევნო უბანზე მიდის - ხმა აუცილებლად უნდა მისცეს:

„იმედი მაქვს მრავალპარტიულობის და ხმასაც სწორედ ამას ვაძლევ. უნდა დასრულდეს ის დრო, როცა საარჩევნო გარემო იყო პოლარიზებული. მე კი ხმა მივეცი იმ პარტიას, რომელსაც თავის საარჩევნო პროგრამაში მთავარი აქცენტი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და ქალთა საკითხებზე ჰქონდა დასმული“.

მე-17 უბანზე საარჩევნო ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ერთ-ერთი ამომრჩეველი, ირაკლი ღარიბაშვილი, ფარული კენჭისყრის კაბინაში შედის და ბიულეტენს კანონით დადგენილი წესის მიხედვით ავსებს. დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით ის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან მიდის, იღებს სპეციალურ კონვერტს და ბიულეტენს მასში ათავსებს. საარჩევნო ყუთთან ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ზის. კონვერტის ჩასაგდები ჭრილი დახურულია. კანონით, ის მხოლოდ მაშინ უნდა გახსნას, როცა დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი უჭირავს. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ხმის მიცემის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ მის ერთ ხმასაც შეუძლია რაღაც შეცვალოს:

„მინდა, რომ სტაბილურ ქვეყანაში ვიცხოვრო და მართლა განვვითარდეთ. აღარ ხდებოდეს ის, რაც წინა წლებში ხდებოდა. ერთი არჩევნები ყველაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ თუ ყველამ ხმა მივეცით ნორმალურად და შემდეგ ყველამ ნორმალურად ვიმუშავეთ, შეიცვლება რაღაც“.

ცვლილებას მისცა ხმა ნინო ჯაჯანაშვილმაც. არა ძველის დაბრუნება, არა ახლის შენარჩუნება, არამედ ცვლილება - ასეთია მისი მთავარი მოტივაცია, რისთვისაც მივიდა 8 ოქტომბრის არჩევნებზე.

წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი აკვირდებოდა, საარჩევნო პროცესს კი 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი აშუქებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG