Accessibility links

logo-print

რას მოუტანს ევროკავშირთან ასოცირება საქართველოს?


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულმა კიდევ ორმა ქვეყანამ - უკრაინამ და მოლდავეთმა. განსხვავებულია ამ სამი ქვეყნის მიერ გავლილი გზები, თუმცა მათ ერთი საერთო მეტოქე ჰყავთ, რუსეთის სახით. რა შეიძლება მოიმოქმედოს მათ წინააღმდეგ რუსეთმა და რა სარგებელს მოუტანს ევროკავშირთან ასოცირება საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს?

27 ივნისს მოლდავეთმა და საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულ პაკეტს მოაწერეს ხელი. უკრაინის შემთხვევაში კი, პარასკევს ხელი მოეწერა მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სეგმენტს, რადგანაც პოლიტიკური ასოცირების ნაწილს კიევმა 21 მარტს მოაწერა ხელი.

ეს შეთანხმება საშუალებას იძლევა, რომ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში წარმოებული პროდუქცია სამომავლოდ ევროკავშირის 500-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე გავიდეს, თუმცა ამისათვის ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი, იქნება ეს პროდუქციის წარმოების ხარისხის გაზრდა თუ კონტროლის მექანიზმების დახვეწა. უმთავრეს საკითხად რჩება სურსათის უვნებლობის საკითხი. ტარიფების შემცირების გარდა, ევროკავშირი ახალ ასოცირებულ პარტნიორებს დაეხმარება, რომ ამ სამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ ამ პროცესში შესაძლებელი იქნება ინვესტიციების მოზიდვა, წახალისება ახალი საწარმოებისა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ამასთან, სააქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ - ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით - გაზარდეს შანსი იმისა, რომ სამომავლოდ ევროკავშირის წევრები გახდნენ, თუკი, ცხადია, დემოკრატიული განვითარების გზიდან არ გადაუხვევენ და, ამასთან, იქნება კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების გარშემო.

ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერა უკრაინას გაცილებით ადრეც შეეძლო და, კერძოდ, გასული წლის ნოემბრის მიწურულს, ვილნიუსის სამიტზე. თუმცა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, დიდწილად რუსეთის ზეწოლის შედეგად, მოულოდნელად უარი თქვა ამ ისტორიულ შეთავაზებაზე, რასაც მოჰყვა კიდეც ევრომაიდნის ცნობილი მოვლენები კიევში, რუსეთის აშკარა გააქტიურება და შემდეგ უკვე - ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ და მასშტაბური სისხლისღვრა, რაც ჯერ ისევ გრძელდება უკრაინაში.

სხვადასხვა დროს ბრიუსელის მიერაც გაკეთდა მინიშნებები და ანალიტიკოსებისთვისაც დღესავით ნათელია, რომ საქართველოსა და მოლდავეთის შემთხვევაში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სწორედ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს ამანდა პოლიც, ბრიუსელში მოქმედი ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი:

”მოვლენები გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდა, ასე ვთქვათ, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ რუსეთს შესაძლებელია რელსებიდან გადაეხვია და გამოეწვია მაღალი დონის დაძაბულობა საქართველოსა და მოლდავეთში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინ. მათ არ სურდათ იმ სცენარის გამეორება, რაც იყო ვილნიუსის სამიტის წინ, როცა რუსეთი თვეების განმავლობაში, როგორც რვაფეხა, სხვადასხვა მიმართულებით იმუქრებოდა, ქმნიდა დაძაბულობას და ყველაფერს ერთმანეთში ურევდა”.

ეჭვებისა და შიშის მიუხედავად, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღე მაინც დადგა. მაგრამ ახლა უკვე მეტი აქტუალურობა შეიძინა შეკითხვამ - რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა ხელმოწერის შემდეგ?

იმის გამო, რომ ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო სივრცის საპირწონედ რუსეთმა საბაჟო კავშირის გაძლიერებაზე დაიწყო ფიქრი, ხოლო უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო ვერ დაიყოლია, ანალიტიკოსების აზრით, ცხელ გულზე მოსკოვმა შესაძლოა ეკონომიკური სანქციები დაუწესოს ამ სამ ქვეყანას. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი გადახედავს სამომავლო ურთიერთობებს ევროკავშირთან დაახლოების მსურველ ქვეყნებთან. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ, სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობა არც ერთი მიმართულებით არ შეიზღუდება. აი, რას ამბობს საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს სოფიის ოფისის დირექტორი დმიტრატ ბეჩევი:

”ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები მიესადაგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მთლიან სტრუქტურას. ასე რომ, ამ სამ ქვეყანას შეუძლია თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთანაც იმდენად, რამდენადაც ისინი ასევე ერთიანდებიან იმ უფრო დიდი ქოლგის ქვეშ, რასაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰქვია”.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში, რუსეთისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალდება საქართველო, რადგანაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანა თითქმის მთლიანად ჩამოეხსნა რუსეთს და მხოლოდ ახლახან დაიწყო რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ამას ემატება ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ იღებს ბუნებრივ აირს რუსეთისგან.

მყისიერ საფრთხეს არც პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მოელის, თუმცა, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რუსეთი საქართველოს ოდნავ მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ გაუსწორებს ანგარიშს, როდესაც საქართველო კვლავ შეეჩვევა რუსეთის ბაზარს:

”მგონი, სწორედ ამაზეა გათვლა: მოდი, ქართველები შევაჩვიოთ, ვანახოთ რა კარგია... იქნებ ვათქმევინოთ უარი ევროპაზე და ნატოზე სიტყვით, ტკბილად... თუ არადა, მერე ბაზარს დავუხურავთ და ნახავენ, რამდენს კარგავენ. ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ბაზრის დაკეტვა უფრო მალე მოხდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია”.

ზუსტად რას აპირებს რუსეთი, ამის შესახებ ჯერჯერობით არც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ იცის. დეტალები გაირკვევა 10 ივლისისთვის, როცა ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება პრაღაში. მანამდე კი ერთმანეთს რუსი და ქართველი ექსპერტები უნდა შეხვდნენ. ზურაბ აბაშიძე არ ფიქრობს, რომ სავაჭრო ურთიერთობები მთლიანად ჩაიკეტება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG