Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის რეფერენდუმი


საპროტესტო აქცია სოხუმში
საპროტესტო აქცია სოხუმში

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა საერთო-სახალხო რეფერენდუმისთვის ემზადება. 10 ივლისს 133 ათასამდე ამომრჩეველმა პასუხი უნდა გასცეს სარეფერენდუმო შეკითხვას: „მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების გამართვა?“, თუმცა ოპოზიცია, რომლის ინიციატივითაც დაინიშნა რეფერენდუმი, ღონისძიების ოქტომბერში გადატანას მოითხოვს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. რა ხდება აფხაზეთში და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს რეფერენდუმი?

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 5 ივლისს, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ყრილობის დასრულების შემდეგ, როცა პარტიის მრავალრიცხოვანმა მომხრეებმა თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს და სამინისტროს შენობაში შეჭრა სცადეს. დაპირისპირებისას სხეულის დაზიანება მიიღო პოლიციის 19-მა თანამშრომელმა. ოპოზიციის ზეწოლის შედეგად რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშპა, რომელიც, ოპოზიციის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებდა არ მიეღოთ მონაწილეობა რეფერენდუმში, თორემ სამსახურიდან გაათავისუფლებდა. როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ უთხრა ირინა აგრბამ, ლიდერმა ოპოზიციური მოძრაობისა „ქალები პოლიტიკაში“, რეფერენდუმის ბოიკოტირებას ეწევა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ მთელი მთავრობა და მათ შორის პრეზიდენტი ხაჯიმბაც:

მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისათვის, თანამდებობებისათვის და ამისათვის იყენებენ ბინძურ მეთოდებს, ისტერიულ გამოხდომებს და ცილისმწამებლურ ბრალდებებს. მორალური შეზღუდვები მოხსნილია და ყველა საშუალება მისაღებია...
რაულ ხაჯიმბა

„რეფერენდუმს ხელი მოაწერა იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. 20 ათასზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ ძალზე იოლად. კონსტიტუციისა და რეფერენდუმის შესახებ კანონის თავხედურად დარღვევა მისთვის იქნებოდა ძალზე სახიფათო, ამიტომაც მოაწერა ხელი განკარგულებას, მაგრამ გაიხსენეთ, როგორ გააკეთა ეს: თავდაპირველად შეკრიბა თავისი აქტივი, ყველას დაევალა ეთქვა, რომ რეფერენდუმი აფხაზეთისთვის ბოროტებაა. ამის შემდეგ ხელის ერთი მოსმით ძალაში შეაქვს განკარგულება, მეორე დღეს კი იწყებს მუშაობას, დადის ქალაქებსა და სოფლებში და სთხოვს მათ რეფერენდუმის ბოიკოტირებას“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმის აღიარებისთვის საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტი უნდა მივიდეს, რაულ ხაჯიმბამ კი პლებისციტი შუა ზაფხულში, ანუ საკურორტო სეზონის პიკისთვის, დანიშნა. შესაბამისად, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ მთავარი რედაქტორი დემის პოლანდოვი ვარაუდობს, რეფერენდუმი ჩავარდება.

„პრაქტიკულად არავის ეპარება ამაში ეჭვი. უბრალოდ, არ მივა საკმარისი რაოდენობის ხალხი. რეფერენდუმის თარიღით ძალიან უკმაყოფილო არიან ოპოზიციონერები, რის გამოც მოითხოვენ რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადატანას, მაგრამ გადატანისთვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ხელისუფლებაც არ გადაიტანს რეფერენდუმს. ის გაიმართება კვირას, 10 ივლისს, თუ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა, და მასში, სავარაუდოდ, ოპოზიცია დამარცხდება“, უთხრა დემის პოლანდოვმა რადიო თავისუფლებას.

რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც სოხუმში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს რეფერენდუმის თარიღის შეცვლას და რომ ოპოზიციის ძალისხმევა იმ პოლიტიკური ძალების ბრძოლაა ძალაუფლებისათვის, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ითბობდნენ ხელს არეულობითა და კორუფციით:

„დღეს ისინი ცდილობენ არეულობის პროვოცირებას და ამისათვის მანიპულირებენ ისეთი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით, როგორიცაა არჩევანისა და ნების გამოხატვის თავისუფლებები. ყოველივე ამას საერთო არაფერი აქვს სახალხო მმართველობის ჩვენს ტრადიციებთან. მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისათვის, თანამდებობებისათვის და ამისათვის იყენებენ ბინძურ მეთოდებს, ისტერიულ გამოხდომებს და ცილისმწამებლურ ბრალდებებს. მორალური შეზღუდვები მოხსნილია და ყველა საშუალება მისაღებია“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ მთავარი რედაქტორი დემის პოლანდოვიც მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან, რომელშიც ჩართული ძალები - სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები - არსებითად არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან:

„არანაირი იდეოლოგიური განსხვავება ამ პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს. ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სათავეში უდგანან ოპოზიციას, ძალაუფლებას ეცილებიან მოქმედ ხელისუფლებას. სხვა შინაარსი ამ დაპირისპირებას არ აქვს. ყველა მცდელობა იპოვო განსხვავება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვებს შორის, მაგალითად, რუსეთთან და, მით უმეტეს, საქართველოსთან დამოკიდებულებაში, აბსოლუტურად სპეკულაციური და უსაფუძვლოა“.

პრობლემა სხვა რამეშია. მე ვიტყოდი, რომ რაულ ხაჯიმბა დარჩება პრეზიდენტის სავარძელში ვადის ამოწურვამდე, მაგრამ მეორე ვადა ამ პრეზიდენტს, ალბათ, აღარ ექნება...
დემის პოლანდოვი

აფხაზეთში მიმდინარე ბობოქარ პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან თბილისიდან. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აშფოთებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები:

„სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას. საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ მთავარი რედაქტორი დემის პოლანდოვი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რეფერენდუმის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ვერც ერთი რეალური პრობლემა ამ რეფერენდუმით ვერ გადაიჭრება. ასე რომ, ოპოზიციის ზეწოლა გაგრძელდება და ქუჩის პროტესტი გამძაფრდება ე. წ. „აფხაზური პოლიტიკური სეზონის“ დადგომისას, ანუ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, თუმცა, როგორც დემის პოლანდოვი შენიშნავს, ახლა ისეთი დაძაბული ვითარება არ არის, როგორიც იყო ალექსანდრ ანქვაბის გადადგომის წინ. მაშინ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდა, დღეს კი ასეთი ვითარება არ არის.

„პრობლემა სხვა რამეშია. მე ვიტყოდი, რომ რაულ ხაჯიმბა დარჩება პრეზიდენტის სავარძელში ვადის ამოწურვამდე, მაგრამ მეორე ვადა ამ პრეზიდენტს, ალბათ, აღარ ექნება“, უთხრა დემის პოლანდოვმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG