Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებენ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტობის მსურველი რესპუბლიკელები


პუტინი "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე
პუტინი "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე

როგორ უნდა გაართვა თავი ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას? ეს შეკითხვა - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიისა და უკრაინაშივე სეპარატისტების მხარდაჭერის და, უფრო ფრათოდ, უცხოეთში სამხედრო გააქტიურების ფონზე - ბევრ ქვეყანაში არის აქტუალური, მათ შორის, შეერთებულ შტატებში და ეს დასტურდება კამპანიით, რომელიც წინ უსწრებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ნომინირების მსურველებიდან (მათი რიცხვი ამჟამად 14-ია) უკვე ბევრმა გამოთქვა მოსაზრებები რუსეთის ლიდერზე და მასთან ურთიერთობაში მისაღებ ზომებზე.

საგარეო პოლიტიკა არ მიეკუთვნება წამყვან თემებს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ნომინირებისათვის ბრძოლაში, თუმცა როცა თემა წამოიჭრება ხოლმე, საუბარი ხშირად ტრიალებს ერთი კაცის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, გარშემო.

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, როგორც მანვე თქვა 2 ნოემბერს ნიუ-იორკში გამოსვლისას, შეუმჩნეველი არ დარჩენია შემდეგი გარემოება: ერთადერთი, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირების რესპუბლიკელი მსურველები თანხმდებიან, არის აზრი, რომ ობამა სისუსტეს იჩენს რუსეთთან ურთიერთობაში.

„ყველა ეს კანდიდატი ამბობს - ობამა სუსტია. პუტინი, რასაც უნდა, იმას აკეთებს. აი, მე რომ დაველაპარაკები პუტინს,გამოსწორდება. ერთს შევხედავთ და საკმარისი იქნებაო“... თუმცა, ობამა სკეპტიკურად აფასებს რესპუბლიკელების შანსებს: „მერე ირკვევა, რომ დებატებისდროს თავს ვერ ართმევენ სი-ენ-ბი-სი-ს ტელეწამყვანებს. ერთ რამეს გეტყვით: თუ ამ ხალხს ვერ გამკლავებიხართ, მაშინ არა მგონია, ჩინელებსა და რუსებს თქვენი შეეშინდეთ!“

სხვათა შორის, მსგავსი კრიტიკა გამოთქვა თავისი კონკურენტების მისამართითერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რესპუბლიკელმა - ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების შვილმა და ძმამ, ჯებ ბუშმა, რომელსაც თავადაც სურს შეერთებული შტატების პრეზიდენტობა: „არის ერთი-ორი კანდიდატი, რომელიც ჩივის - შეკითხვები მეტისმეტად რთული იყოო... ეს თუ რთულად მიგაჩნიათ, მაშ პუტინთან რას გახდებით?“

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

პრეზიდენტობის კიდევ ერთი, ძალიან ცნობილი მსურველი, მილიარდერი დონალდ ტრამპი ირწმუნება: პუტინის პრობლემას მოვაგვარებ, მასთან მშვენიერი ურთიერთობა მექნებაო. ტრამპს ამომრჩევლებისთვის ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებს ამის გაკეთებას. ის ზოგად მინიშნებებს სჯერდება: მეც და პუტინიც მაგრები ვართ, ძალას პატივს ვცემთ, მოლაპარაკებას რეალისტურად ვუდგებითო.

ივლისში ტელეკომპანია სი-ენ-ენ-თან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ პრეზიდენტის რანგში მოსკოვს დაარწმუნებს ვაშინგტონისთვის ედვარდ სნოუდენის ექსტრადიციის საჭიროებაში. სნოუდენი არის შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, რომელზეც სამშობლოში ძებნაა გამოცხადებული, რუსეთში კი მას თავშესაფარი მიანიჭეს.

აი, რას ამბობს ტრამპი: „პრეზიდენტი რომ ვიყო, რუსეთი სნოუდენს გადმოგვცემდა. მე კარგი ურთიერთობა მექნებოდა პუტინთან! მაქვს გამოცდილება რუსეთის საკითხში. ვფიქრობ, რომ გავუგებდით ერთმანეთს, ყველაფერს გადასარევად გააკეთებდა. არასოდეს დაიტოვებდა რუსეთში სნოუდენისნაირ კაცს. მას სძულს ობამა, პატივს არ სცემს ობამას. და ის არც ობამას მოსწონს. მაგრამ პუტინი პატივს არ სცემს ობამას, სძულს ობამა და სნოუდენი მშვენივრადაა. იცით, პრეზიდენტი თუ ვიქნები პუტინი სნოუდენს ეტყვის: „მორჩა! აბა, წადი აქედანო!“ ამის გარანტიას გაძლევთ“.

ასე ჰპირდება დონალდ ტრამპი ამერიკელებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პუტინთან ყველაფერს მოაგვარებს.

კარლი ფიორინა
კარლი ფიორინა

განსხვავებული მიდგომა აქვს „ჰიულეტ-პაკარდის“ - მსოფლიო ბაზარზე წამყვანი - საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი - კორპორაციის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, კარლი ფიორინას. როგორც მან თქვა 17 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების მსურველი რესპუბლიკელების დებატებში მონაწილეობისას, მან კერძო შეხვედრის დროს გაიცნო პუტინი და ფიქრობს, რომ ახალი პრეზიდენტი გარკვეული ხნის განმავლობაში არ უნდა დაელაპარაკოს რუსეთის პრეზიდენტს, ამერიკის პოზიციის ამჟამინდელი სისუსტის გამო: „რუსეთი სახიფათოა, ხოლო ვლადიმირ პუტინი - კაცი, რომელსაც არ უნდა ველაპარაკოთ, რადგან ერთადერთი, რაც მას გააჩერებს, არის მოწინააღმდეგე მხარის ძალისა და პრინციპულობის შეგრძნება და ამის გაკეთება მთლიანად ჩვენს ხელშია“.

ფიორინას ასე წარმოესახება პუტინის დარწმუნება შეერთებული შტატების ძალასა და პრინციპულობაში: უნდა გამოცხადდეს ფრენისათვის აკრძალული ზონა სირიაში, გაიზარდოს სამხედრო ძალები პოლონეთში, იქვე განთავსდეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, დამატებით რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაიგზავნოს გერმანიაში, „ძალიან აგრესიული“ სამხედრო მანევრები ჩატარდეს ბალტიის სახელმწიფოებში...

მარკო რუბიო
მარკო რუბიო

ამასობაში, განსაკუთრებით საყურადღებო გახდა ფლორიდელი სენატორის, მარკო რუბიოს, პოზიცია. 17 სექტემბერს, მილუოკიში რესპუბლიკელების დებატების დროს, მან შთამბეჭდავად სწორი პროგნოზი გააკეთა: „აი, რას ვიხილავთ მომდევნო რამდენიმე კვირაში: რუსები დაიწყებენ სამხედრო-საჰაერო მისიებს რეგიონში არა მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, არამედ სირიის პრეზიდენტის გასაძლიერებლადაც. რუსეთი რეგიონში სხვა ქვეყნებსაც მიუბრუნდება და ეტყვის: „ამერიკა აღარ არის სანდო მოკავშირე, ეგვიპტე! ამერიკა აღარ არის სანდო პარტნიორი, საუდის არაბეთო! ახლა ჩვენ გვენდეთო“. იცით რას აკეთებს რუსეთი? ის ცდილობს, დაიკავოს ჩვენი, როგორც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძალის, ადგილი ახლო აღმოსავლეთში. და ჩვენი პრეზიდენტი მას აძლევს ამის უფლებას“.

მარკო რუბიოს ამ გამოსვლიდან ორი კვირაც არ იყო გასული, როცა რუსეთმა 30 სექტემბერს მართლაც დაიწყო სამხედრო-საჰაერო ოპერაცია სირიაში.

აი, რას ფიქრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინირების ეს მსურველი, მარკო რუბიო, ვლადიმირ პუტინზე: „არასოდეს მომცემია ვლადიმირ პუტინის გაცნობის შესაძლებლობა, მაგრამ მის შესახებ საკმარისი ვიცი საიმისოდ, რომ ვიცოდე, რომ განგსტერია! ის არის, პრინციპში, მაფიის წარმომადგენელი, აკონტროლებს 2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკას და მას იყენებს სამხედრო ძალების სწრაფად გასაზრდელად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. მას მხოლოდ გეოპოლიტიკური ძალის სჯერა“.

ჯებ ბუში
ჯებ ბუში

თუ მარკო რუბიო პუტინს „განგსტერად“ მოიხსენიებს, ზემოხსენებული ჯებ ბუში მას „ტირანად“ მიიჩნევს.

„ჩემი აზრით, ყველაზე სწორად ტირანთან მოქცევა - მისთვის სახეში გარტყმაა. ასე შეწყვეტს ტირანი ტირანივით მოქცევას. თუმცა ამას საგარეო პოლიტიკაში ვერ გააკეთებ... აი, რას ვფიქრობ, რა არის გასაგები პუტინისთვის: მისთვის გასაგებია ძალის ენა!“ - ეს შეფასება გამოთქმულია ჯებ ბუშის საარჩევნო კამპანიისათვის გადაღებულ ვიდეოფილმში, რომელიც 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

პუტინთან ურთიერთობაში მკაცრ კურსს ემხრობა ბენ კარსონიც, პროფესიით ნეიროქირურგი, რომელიც, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ამ ეტაპზე, დონალდ ტრამპთან ერთად, ყველაზე ფართო მხარდაჭერით სარგებლობს პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში.

ბენ კარსონი
ბენ კარსონი

„დაველაპარაკებოდი პუტინს! მან უნდა გაიგოს, რომ თუ თავის ქმედებას გააგრძელებს, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც ხელთ გვაქვს, მათ შორის ფინანსურ შესაძლებლობებს, მისთვის ზიანის მისაყენებლად“, ამბობს კარსონი.

ბენ კარსონზე გაცილებით უფრო მოკრძალებული მხარდაჭერით სარგებლობს ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი, ამიტომ ის არ მიუწევევიათ მნიშვნელოვან დებატებზე მილუოკიში. მაგრამ პუტინზე მისი შეხედულება ცნობილია ტელეარხ „ფოქს ნიუს“-ის პროგრამაში ოქტომბერში სტუმრობის შემდეგ: „ეკონომიკა ჩამოენგრა, თვითონ კიდევ კუნთებს ათამაშებს. ერთადერთი ამერიკელი, რომელსაც პუტინი რინგში მოერეოდა, არის ბარაკ ობამა. დამაყენეთ რინგში ვლადიმირ პუტინთან ერთად და ყველაფერს მოვაგვარებთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG