Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს


დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

ჯანდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში სახელმწიფომ აღარ ითანამშრომლოს იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც არამიზნობრივად განკარგავენ სახელმწიფოს ფულს და არ აკმაყოფილებენ სამედიცინო სერვისის ხარისხის სტანდარტებს. 18 იანვარს, როდესაც 25-მდე წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელებს მასპინძლობდა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კლინიკები დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, პროგრამას 10-მდე კლინიკა გამოეთიშება. რა მიზანი ამოძრავებს ჯანდაცვის უწყებას და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების რიცხვის შემცირებამ?

გადმოწერა

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა გაკეთდა მწვავე საჯარო განცხადებებიც. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ კლინიკების ერთმა ნაწილმა ბოროტად ისარგებლა სახელმწიფოს ნდობით და უგულებელყო პაციენტის მომსახურებაზე ორიენტირებული სტანდარტები. მინისტრი სერგეენკო, მათ შორის, პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ამახვილებს ყურადღებას:

„იკვეთება კლინიკები, რომელთა ანალიზის შედეგად დავიახეთ, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე. წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტისა და მმართველების მოგება, და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისაკენ და იმ ექიმების, ექთნებისა და იმ პერსონალის ანაზღაურებისაკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა“.

დავით სერგეენკომ აღნიშნა ასევე, რომ ჯანდაცვის სისტემა სამედიცინო დაწესებულებების თვითნებობის ატანას არც მანამდე აპირებდა და არც მომავალში აპირებს და სწორედ ამიტომ უღირსი კლინიკები გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომლის მეორე ტალღაც (თებერვლიდან) „უფრო მეტად იქნება ორიენტირებული მომსახურების ხარისხსა და ხარჯთეფექტურობაზე“. ოფიციალური ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროგრამას გამოეთიშებიან „ის კლინიკები, რომლებიც პაციენტს ფრაგმენტირებულ სერვისებს სთავაზობენ“ და აქვთ, მაგალითად, მხოლოდ რეანიმაციული განყოფილებები.

ძირითადად ეს ეხება მონოპროფილურ დაწესებულებებს. როგორც მინისტრმა ბრძანა, ფაქტობრივად, ადამიანი რეანიმაციაში შედის და მერე პირდაპირ რეანიმაციიდან ეწერება. ეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და ყველა ნორმალურ ჯანდაცვის სისტემაში არის მიუღებელი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დარეგულირდეს...
ნიკოლოზ გამყრელიძე

სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას პაციენტებისთვის საზიანოდ წარმართავენ, „საამქროებს“ ადარებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა 18 იანვრის შეხვედრაში. მისი განმარტებით, საამქროდ წოდებული კლინიკები ძირითადად ემსახურებიან „სახელმწიფოს ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ, ხშირ შემთხვევაში - პაციენტების ინტერესების საზიანოდ“.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკების რიცხვის შემცირებაზე ადრეც თქმულა. მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულებები, რომელთა მომსახურება შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, 2017 წელს სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. არც მაშინ და არც 18 იანვარს ჯანდაცვის მინისტრს კრიტიკის ადრესატი კონკრეტული კლინიკები არ დაუსახელებია.

მინისტრთან შეხვედრაში მონაწილე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც 18 იანვარს მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის უწყებას ყველაფერში ეთანხმებიან და შენიშვნებს საკუთარ თავზე არ იღებენ. მათ შორის იყო სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე:

„ძირითადად ეს ეხება მონოპროფილურ დაწესებულებებს. როგორც მინისტრმა ბრძანა, ფაქტობრივად, ადამიანი რეანიმაციაში შედის და მერე პირდაპირ რეანიმაციიდან ეწერება. ეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და ყველა ნორმალურ ჯანდაცვის სისტემაში არის მიუღებელი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დარეგულირდეს. ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას და დანარჩენ ინიციატივებსაც, რაც იყო წარმოდგენილი“.

თუ უფრო ნაკლები კლინიკა დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ამ კლინიკებში გაიზრდება რიგები და გაიზრდება ლოდინის პერიოდიც პაციენტებისთვის...
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკასა და შენიშვნებს განსხვავებულ ჭრილში განიხილავს საპარლამენტო ოპოზიცია. მაგალითად, როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის, რასაც დავით სერგეენკოს უწყება ახლა აკეთებს, არის არა სამედიცინო სერვისის ხარისხზე ზრუნვა, არამედ კლინიკების რიცხვის ხელოვნურად შემცირების მცდელობა. ეს კი მუდმივად მზარდი დაფინანსების პრობლემებით არის განპირობებული და სავალალო შედეგებს მოიტანს:

„ბევრი კლინიკა - განსაკუთრებით, თუ მცირე მასშტაბი აქვს - დადგება სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე, გაკოტრდება და მას კლინიკების ქსელები შეიძენენ. ეს პროცესი გარდაუვლად მოხდება ამ გამოხშირვის შედეგად. თუ უფრო ნაკლები კლინიკა დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ამ კლინიკებში გაიზრდება რიგები და გაიზრდება ლოდინის პერიოდიც პაციენტებისთვის. ბუნებრივია, რომ სამედიცინო პერსონალს ამ დარჩენილ საავადმყოფოებში მოუწევთ თავიანთი დატვირთვის გაზრდა, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს მათ ანაზღაურებაზე აისახება“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, ასევე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების რიცხვის შემცირება კონკურენციას შეამცირებს და, შესაძლებელია, გაიზარდოს ფასები სამედიცინო მომსახურების იმ ნაწილზე, რომელიც თავად პაციენტის გადასახდელია.

შედარებით პატარა კლინიკების დახურვის საფრთხეზე რადიო თავისუფლებასთან დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი, ექსპერტი ჯანდაცვის მიმართულებით, მარინა ბერაძეც ლაპარაკობს. თუმცა, მისი აზრით, ჯანდაცვის სისტემაში პაციენტის მომსახურების ხარისხი მთელ რიგ შემთხვევებში პრაქტიკულად არც ერთი ნორმალური ქვეყნის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ეს იმის ბრალია, რომ კლინიკებს მართავენ მრავალნაირი ბიზნესით დაკავებული პირები, არაპროფესიონალები, რომლებიც, მართლაც, მხოლოდ სახელმწიფო ფულის მიღებაზე არიან ორიენტირებული. შესაბამისად, მისი აზრით, საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის საკითხი, მართლაც, მისახედია, მაგრამ ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ადეკვატური მიდგომები, სიზუსტე და წინდახედულობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG