Accessibility links

logo-print

რატომ არავინ ლაპარაკობს მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესებაზე?


ბოლო დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულმა სტუდენტურმა საპროტესტო გამოსვლებმა გააშიშვლა ბევრი პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ თსუ-ს, არამედ საქართველოს სხვა უმაღლესი განათლების დაწესებულებებსაც აწუხებთ. ამავე დროს, სტუდენტურ გამოსვლებში აქცენტი ძირითადად იმაზე კეთდებოდა, რომ მართვის სტრუქტურები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არადემოკრატიულია და სტუდენტების ჩართულობას ზღუდავს; ასევე, იყო აქცენტი იმაზეც, რომ სტუდენტების ნაწილს ცხოვრება და სწავლა მძიმე სოციალურ პირობებში უწევს, რაზეც უნივერსიტეტს და სახელმწიფოს რეაქცია არ აქვს. ერთი სიტყვით, აქცენტი უფრო მეტად იყო განათლებაზე და არა მეცნიერებაზე და ეს ბუნებრივიც არის, რადგან მოთხოვნები სტუდენტების მიერ იყო დაყენებული.

განათლების თემების განხილვა ჩვენ შემდგომშიც არა ერთხელ მოგვიწევს. ამ სტატიაში იმაზე მსურს ყურადღების გამახვილება, რომ ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან გაჟღერებულ მოთხოვნებში ნაკლები ყურადღება ექცევა სწავლისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას.

იმით დავიწყოთ, რომ ქართულ რეალობაში განათლებასა და მეცნიერებას შორის კავშირი ყოველთვის ცხადი არ იყო. ამის მიზეზი, სულ მცირე, ის არის, რომ საბჭოთა კავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა თავის დროზე აიღეს უმაღლესი განათლების ფრანგული მოდელი (რომელიც ძირითადად მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა), რომელშიც სწავლება და კვლევა ერთმანეთისგან ფორმალურად განცალკევებულია (რამაც შეიძლება გააჩინოს ილუზია, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა თანამედროვე საფრანგეთშიც ეს დაყოფა აბსოლუტური არც ერთ შემთხვევაში არ არის). დასავლეთის დანარჩენმა ქვეყნებმა ძირითადად უნივერსიტეტის გერმანული, ე.წ. ჰუმბოლდტის მოდელი გაიზიარეს. ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი იყო XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი და საჯარო მოღვაწე, რომელმაც შექმნა უმაღლესი განათლების მოდელი, რომელშიც განათლება და კვლევა გაერთიანებულია. ჰუმბოლდტის მოდელი განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-შიც, სადაც, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი უნივერსიტეტი სწორედ კვლევით უნივერსიტეტს წარმოადგენს და არა სასწავლო უნივერსიტეტს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ფრანგული სისტემა იყო შემორჩენილი. მოგვიანებით, სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა დაუახლოვდა ჰუმბოლდტის მოდელს და შედარებით დაშორდა ფრანგულ მოდელს. მთავარი ცვლილება, რაც იმ პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელდა, იყო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების უნივერსიტეტებისთვის მიერთება. ამავე დროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კვლავ დარჩა ქვეყნის მთავარ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რომელიც აფასებს ყველა სხვა კვლევითი ინსტიტუტის მუშაობას.

ერთი სიტყვით, ჩვენ დღეისათვის უფრო მეტად შერეული სისტემა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ან მეორე სისტემის სრულად გადმოღება თავისთავადი სიკეთე არ არის, რადგან ცვალებად გლობალიზებულ გარემოში ძნელია რომელიმე მათგანის ერთმნიშვნელოვან სიკეთეზე საუბარი. განათლების და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულების სხვადასხვა კონფიგურაციების შესახებ უსასრულო დავებში გადაშვების ნაცვლად (ეს დავები, სხვათა შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს განათლების სპეციალისტებსა და პოლიტიკის მგეგმავებს შორის), საჭიროა ზოგადად მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე ვისაუბროთ.

დღეისათვის არც ერთი ქართული უნივერსიტეტი არ შედის მსოფლიო რეიტინგების არც 200-ეულში და არც 700-ეულში. ეს რეიტინგები სხვა მონაცემებთან ერთად, ასევე ზომავს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევების გავლენას მსოფლიო მეცნიერების განვითარებაზე. თუ ამ სიაში ჩვენ პოზიციებს თანდათანობით არ გავიუმჯობესებთ, იმაზე ვერ გვექნება პრეტენზია, რომ ჩვენი სტუდენტები მსოფლიო დონის განათლებას იღებენ.

საქართველოში მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთი გზით: ქართული კვლევითი დაწესებულებების ინტერნაციონალიზებით. ეს, სამწუხაროდ, ბოლომდე გააზრებული არ აქვს ქართულ საზოგადოებას და მის ინტელექტუალურ ელიტას; ჩვენ არ ვართ საკმარისად ღია მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკების შესასწავლად და მათ გაუმჯობესებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ჯერ კიდევ იმ ილუზიის ტყვეობაში ვიმყოფებით, რომ არაფერი გვაქვს სასწავლი მსოფლიოსგან, და რომ პირიქით, თითქოს მხოლოდ მათ უნდა ისწავლონ ჩვენგან. ამ საფუძველსმოკლებული შეხედულების ქონა კი საბოლოო ჯამში ხელს გვიშლის განვითარებაში. ყველა ქვეყანამ, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე განვითარებულ დასავლეთს დაეწია, ერთი რამ ისწავლა: გადმოღება და გაუმჯობესება სირცხვილი და ეროვნული კულტურის თუ ღირსების დამცირება არ არის, უმალ პირიქით.

დღესდღეობით აზრი ეკარგება განათლების რეფორმაზე საუბარს მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნის გარეშე. რაც უფრო მოკლე დროში დავიწყებთ აქცენტის გაკეთებას მეცნიერების განვითარებაზეც, მით უფრო მალე ეშველება განათლების პრობლემასაც.

XS
SM
MD
LG