Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს 23 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, მომხდარ ინციდენტს, რომლის მონაწილეებმა ცეცხლი გაუხსნეს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის შენობას. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა შენობის კედლები და ჩაიმსხვრა შუშები. მომხდარი დაგმო საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელმაც მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აწარმოოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

23 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. როგორც იურისტი იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრებისა საქართველოში მანუჩარ ციმინტია ამბობს, შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა ოცამდე ჰილზა:

„ამ ტყვიებმა დააზიანა როგორც შენობა და მისი ფასადი, ასევე შიგნითაც შეაღწია. ჩვენი შენობის წინ დააზიანა ავტობუსის გაჩერება, სადაც იმ დროს შეიძლებოდა ხალხი ყოფილიყო, ასევე შეიძლებოდა ტყვია მოხვედროდა შემთხვევით გამვლელს ან მანქანას... ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, შეიძლებოდა მომკვდარიყო ოცი კაცი. ნატყვიარები მეორე დღეს ნახეს ჩვენი მრევლის წევრებმა, მაშინვე გამოიძახეს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფებთან ერთად“.

რა შეიძლება იყოს მოტივაცია? არ ვიცი, რას მივაწერო, რა ვთქვა! ჩვენი მხრიდან არანაირ პროვოკაციას, იოტისოდენასაც კი, არ ჰქონია ადგილი. მთელი საზოგადოება გვიცნობს ჩვენ როგორც მშვიდობისმოყვარე და კანონმორჩილ ადამიანებს...

მანუჩარ ციმინტიას თქმით, მრევლის წევრებმა იმავე საღამოს მისცეს გამოძიებას ჩვენებები, ხოლო მიმდებარე შენობებზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ამოღებული იქნა ჩანაწერები. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმაც, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ აღნიშნული შენობა ადრეც იქნა დაზიანებული. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს 2015 წლის 23 ნოემბერს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების მიზნით. ამასთან, გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმის გამორკვევაზე, ხომ არ იყო აღნიშნული დანაშაული ჩადენილი რელიგიური სიძულვილის მოტივით“.

თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე, არადა, სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, მარტო შარშან

იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით განხორციელებული დევნის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 45-მდე ფაქტი აღირიცხა. უმრავლეს შემთხვევებში დაიწყო გამოძიება, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა თუ სხვა სახის ძალადობრივი ქმედებების პრევენციისათვის აუცილებელია ყველა მსგავს შემთხვევას სახელმწიფოს მხრიდან მიეცეს ადეკვატური რეაგირება და დამნაშავე პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, რაც, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არ ხდება:

ბექა მინდიაშვილი

ბექა მინდიაშვილი

„იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი დამნაშავე არ მიცემულა პასუხისგებაში ან არაადეკვატური იყო დანაშაულის შეფასება სახელმწიფოს მხრიდან, მე მაინც ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაშიც ეს ფაქტი დარჩება გამოუძიებელი და, სამწუხაროდ, გახდება საფუძველი და მიზეზი იმისა, რომ კიდევ ველოდოთ ამ ტიპის შეუწყნარებლობის გამოვლინებებსა და თავდასხმებს. შესაბამისად, ძალადობის ჯაჭვი არ გაწყდება. იგივე ხდებოდა მუსლიმებთან დაკავშირებითაც, როცა ჯერ ნიგვზიანში არ აგებინეს პასუხი შეუწყნარებლობით მოტივირებულ ადამიანებს, შემდეგ ეს გადაედო წინწყაროს, სამთაწყაროს... შემდეგ ჭელას შემთხვევა, შემდეგ მოხეს შემთხვევა, ქობულეთი და ა. შ.“

ბექა მინდიაშვილი იშველიებს ასევე სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, 2012 წელს იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის მხოლოდ სამი შემთხვევა აღირიცხა, 2013 წელს კი - ორმოცდაათამდე, თუმცა, ამგვარი შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯის იმედს არ კარგავს მანუჩარ ციმინტია, იურისტი იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრებისა საქართველოში.

„რა შეიძლება იყოს მოტივაცია? არ ვიცი, რას მივაწერო, რა ვთქვა! ჩვენი მხრიდან არანაირ პროვოკაციას, იოტისოდენასაც კი, არ ჰქონია ადგილი. მთელი საზოგადოება გვიცნობს ჩვენ როგორც მშვიდობისმოყვარე და კანონმორჩილ ადამიანებს. ასე რომ, არ შემიძლია რამე დავარქვა ამ საქმეს, გარდა ცუდისა! ის მოტივები, რომლებიც ამ ადამიანებს ამოძრავებდათ, მათ ქმედებებში განხორციელდა. ასე რომ, ფაქტი ის არის, რომ ესროლეს რელიგიური შეხვედრების დანიშნულების შენობას. ვნახოთ, გამოძიება რას დაადგენს და რას იტყვის. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს გამოიძიებენ. არის ბევრი რამ ხელჩასაჭიდი, რამაც შეიძლება გახსნას ეს საქმე“, უთხრა მანუჩარ ციმინტიამ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG