Accessibility links

რატომ გახდა ჰილარი კლინტონი შეუძლოდ


ჰილარი კლინტონმა დატოვა ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია

ჰილარი კლინტონმა დატოვა ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, ფილტვების ანთება აქვს. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც კლინტონს შეუძლოდ ყოფნის გამო მოუწია სასწრაფოდ დაეტოვებინა ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია. ინციდენტს მალევე მოჰყვა კლინტონის მეტოქის, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალ ტრამპის, მხარდამჭერთა გამოხმაურება.

ტრამპის მხარდამჭერების აზრით, 11 სექტემბერს ჰილარი კლინტონის შეუძლოდ ყოფნა ამყარებს ვარაუდს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას არ შესწევს უნარი თავი გაართვას პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ ფიზიკურ დატვირთვას. ტრამპის მომხრეები იხსენებენ 2012 წლის დეკემბერსაც, როცა ჰილარი კლინტონს გული წაუვიდა, დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო. მაშინ ექიმმა მიზეზად ნაწლავური ვირუსი და დეჰიდრატაცია დაადგინა.

ამჯერად კი, 11 სექტემბერს, ჰილარი კლინტონის შეუძლოდ გახდომა გამოიწვია პნევმონიამ, ფილტვის ანთებამ. მისმა ექიმმა, ლიზა ბარდაკმა, გაავრცელა განცხადება, რომ პაციენტს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვა ჯერ კიდევ 9 სექტემბერს და დაუდგინა აგრეთვე ალერგიით გამოწვეული ხველა. ცნობების თანახმად, მას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.

ყოველთვის გვემახსოვრება და არასოდეს დავივიწყებთ 3 000-მდე მშვენიერ სიცოცხლეს, რომელიც ასე სასტიკად გამოგვგლიჯეს - მათ შორის, 184 მამაკაცი, ქალი და ბავშვი აქ (პენტაგონში). ყველაზე უმცროსი მსხვერპლი სულ სამი წლის იყო...

კლინტონის საარჩევნო გუნდი იუწყება, რომ გაუქმებულ იქნა კალიფორნიაში ვიზიტი, რომელიც 12-13 სექტემბრისათვის იყო დაგეგმილი. ამასთან, კლინტონი უარყოფს და უსაფუძვლო „შეთქმულების თეორიებს“ უწოდებს ცნობებს მისი ჯანმრთელობის შერყევაზე.

68 წლის ჰილარი კლინტონი მრავალ სხვა ოფიციალურ პირთან ერთად იმყოფებოდა 11 სექტემბრის ტერაქტების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ნიუ-იორკში - იმ ადგილას, სადაც ტერაქტებმა მიწასთან გაასწორა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ორი კოშკი. ტერაქტების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ამჯერადაც წაიკითხეს მსხვერპლის სახელები.

ნიუ-იორკის ცენტრის გარდა, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა თვითმფრინავებით მოაწყეს თავდასხმები კიდევ ორ ადგილას შეერთებულ შტატებში, მათ შორის, თავდასხმა პენტაგონზე. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ვერასოდეს დაამარცხებენ ამერიკელებივით „დიად და ძლიერ ხალხს“, რომლის ძალაც მრავალფეროვნებაშია.

ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

„ყოველთვის გვემახსოვრება და არასოდეს დავივიწყებთ 3 000-მდე მშვენიერ სიცოცხლეს, რომელიც ასე სასტიკად გამოგვგლიჯეს - მათ შორის, 184 მამაკაცი, ქალი და ბავშვი აქ (პენტაგონში). ყველაზე უმცროსი მსხვერპლი სულ სამი წლის იყო“, - შეახსენა 11 სექტემბრის ტერაქტების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე შეკრებილებს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ცერემონია გაიმართა პენსილვანიის შტატში მდებარე შენკსვილშიც, სადაც ტერორისტების მიერ გატაცებული ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა. თავდასხმებში მონაწილეობდა ალ-ყაიდის 19 წევრი. მათ მოაწყვეს შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე უფრო სისხლისმღვრელი ტერაქტები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG