Accessibility links

logo-print

ბოლო ხანებში ბრძოლამ ახალი ძალით იფეთქა აღმოსავლეთ უკრაინაში. კონფლიქტი ასეთი ინტენსიური აღარ ყოფილა მას შემდეგ, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა 5 სექტემბერს მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. რა არის კონფლიქტის გამწვავების მიზეზი და ნიშნავს თუ არა ამჟამინდელი შეტაკებები კონფლიქტის ახალ, კიდევ უფრო სახიფათო, ეტაპზე გადასვლას? - ამ შეკითხვებზე პასუხის მოძებნას შეეცადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რობერტ კოლსონი.

ნატოს მაღალი რანგის მეთაურის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ალიანსის მეთვალყურეებმა იხილეს, როგორ შევიდა უკრაინის აღმოსავლეთში ბოლო ორ დღეში რუსეთის სამხედრო აღჭურვილობა და ჯარი. ამ საკითხს გენერალი ბრიდლავი 12 ნოემბერს შეეხო. მანამდე, 7 ნოემბერს, ჟურნალისტები და სხვა თვითმხილველები იუწყებოდნენ, რომ ათობით სამხედრო სატრანსპორტო საშუალება - მათ შორის, ტანკები - შევიდა რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ეუთომ მომდევნო დღეს დაადასტურა ეს ცნობა. ინტერნეტში გავრცელდა მრავალი ვიდეო, რომელიც სამხედრო ავტოკოლონების გადაადგილებას ასახავს.

მოსკოვმა კვლავ უარყო ბრძოლებში რუსეთის მონაწილეობა და ყველა მხარეს მოუწოდა მინსკის შეთანხმების დაცვისაკენ, ხოლო სეპარატისტებმა განმარტეს, რომ ავტოკოლონები დონეცკისაკენ მიეშურებოდნენ დონბასის სხვა რეგიონებიდან. მაგრამ კრემლის მხარდამჭერ მიმომხილველს, სერგეი მარკოვს, ამერიკულ ინტერნეტგამოცემა „დეილი ბისტთან“ საუბარში არ დაუმალავს, რომ მოსკოვი „მრავალშრიან“ დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობას.

მაინც რა შეიძლება იყოს აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლის განახლების მიზეზი?

ჩვენი კოლეგა რობერტ კოლსონი პირველ რიგში ასახელებს რეაქციას აღმოსავლეთ უკრაინაში გამართულ ე.წ. არჩევნებზე.

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა 2 ნოემბერს ჩაატარეს არჩევნები, რომელიც დაგმეს და უკანონოდ ცნეს უკრაინამ, ეუთომ, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა. ითქვა ისიც, რომ არჩევნებით დაირღვა მინსკში 5 სექტემბერს ხელმოწერილი ზავი. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დამატებითი ჯარები გაგზავნა რეგიონში და პარლამენტს მოუწოდა გააუქმოს კანონი სეპარატისტული რეგიონების ავტონომიის შესახებ, რომელიც მიღებული იყო მინსკის პროცესის ფარგლებში. ზოგი ექსპერტი - მათ შორის, პოლიტოლოგი ტომ ფრირი - ვარაუდობს, რომ რუსეთიდან სეპარატისტებისათვის გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობა, პირველ რიგში, თავდაცვას ემსახურება, რადგან გამორიცხული არ არის უკრაინის ჯარების იერიშის განახლება.

აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ბრძოლების მიზეზი შესაძლოა ტაქტიკური მოსაზრებებიც იყოს.

რუსეთიდან მიღებული შეიარაღების გამოყენებით, სეპარატისტები შესაძლოა მიზნად ისახავდნენ პოზიციების გამყარებას, რათა ზამთრის თვეებს გაუძლონ. ტომ ფრირს სავარაუდო კონკრეტულ ამოცანებად მიაჩნია ისეთ ობიექტებზე კონტროლის დამყარება, როგორიც არის, მაგალითად, ელექტროსადგური ლუგანსკისა და დონეცკის აეროპორტის ჩრდილოეთით, ხოლო რუსმა ანალიტიკოსმა, სერგეი მარკოვმა, ზემოხსენებულ გამოცემა „დეილი ბისტს“ უთხრა, რომ სეპარატისტები ცდილობენ დაიპყრონ რამდენიმე დასახლება, მათ შორის ქალაქი სჩასტიე, რომელშიც ცენტრალური გათბობის სადგური მდებარეობს.

აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლის განახლებით სეპარატისტებსა და მათ მოკავშირეებს შესაძლოა უფრო ამბიციური მიზნებიც ჰქონდეთ დასახული: დაპყრობა ტერიტორიის, რომელიც სახმელეთო გზით დააკავშირებდა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმს. კიეველი პოლიტოლოგი ივან ლოზოვოი პუტინის „პრიორიტეტად“ მიიჩნევს ყირიმთან დამაკავშირებელი ტერიტორიის დაპყრობას.

„მას ბოლომდე არ მიუყვანია საქმე აღმოსავლეთ უკრაინაში. ჯერ ერთი, მისთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი მიზანია სახმელეთო კავშირის დამყარება ტერიტორიებიდან, რომლებსაც ახლა რუსეთის მომხრე სეპარატისტები და რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. ეს სახმელეთო გზა გაივლიდა აზოვის ზღვის ჩრდილოეთით და ქვემოთ, ყირიმისაკენ წავიდოდა. გაივლიდა ქალაქ მარიუპოლზე, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება იქ რუსი ჯარისკაცების გავლას. ადგილობრივი მოსახლეობა დამცავი ნაგებობების აშენებაშიც კი მონაწილეობდა. მაგრამ ეს არის პრიორიტეტი პუტინისათვის“, - ასე ფიქრობს კიეველი პოლიტოლოგი.

ე.წ. ნოვოროსიის პროექტი ბოლო თვეებში მოიკოჭლებს და მის გამყარებას დიდად შეუწყობდა ხელს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის, დაპყრობა. ბრძოლის გააქტიურებით სეპარატისტები შესაძლოა ხარკოვსაც უმიზნებდნენო, ვარაუდობს ივან ლოზოვოი:

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ბოლშევიკების დროს ხარკოვი უკრაინის დედაქალაქიც კი იყო. თან მსხვილი სამრეწველო ცენტრია. აქ მდებარეობს უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ტანკმშენებელი ქარხანა. ამავე რეგიონშია კონცენტრირებული დიდი რაოდენობით მძიმე მრეწველობა“.

შესაბამისად, ლოზოვოი დაასკვნის, რომ ორი ამოცანის შესრულება - ხარკოვის დაპყრობა და ყირიმთან სახმელეთო კავშირის დამყარება - კრემლს ძალიან დააახლოებდა თავდაპირველ გეგმასთან: უკრაინისაგან ჩამოჭრილ ტერიტორიაზე „ნოვოროსიის“ შექმნასთან.

„ეს ტერიტორია ნახევარმთვარის რკალს შექმნიდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისა და დასავლეთისაკენ, თითქმის შავ ზღვამდე, რაც შესაძლოა პუტინს შეუქმნიდა საფუძველს იმის სათქმელად, რომ გაიმარჯვა. აქამდე ვერ ვიტყოდი, რომ ბევრი აქვს მოგებული“, - ამბობს კიეველი პოლიტოლოგი, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი რობერტ კოლსონი ესაუბრა თემაზე, თუ რა მიზნები უკავშირდება აღმოსავლეთ უკრაინაში განახლებულ ინტენსიურ ბრძოლებს.

XS
SM
MD
LG