Accessibility links

logo-print

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23 პროცენტით შემცირდა. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები, რომლებიც 2015 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას ასახავს.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოში ერთი მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. რატომ იკლო უცხოურმა კაპიტალდაბანდებებმა?

საქართველოს მთავრობის წევრები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სხვადასხვა აქტივობას მიმართავენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების მეშვეობით ცდილობს უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას, ეკონომიკის მინისტრი კი აშშ-ში ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის რეკლამირებითაა დაკავებული. დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში მსოფლიოს ინფრასტრუქტურის კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას დიდი ყურადღება დაუთმო ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის საინვესტიციო პოტენციალს:

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის. ამით გაჩნდება ის მნიშვნელოვანი კარი, რომელიც უნდა მოემსახუროს ტვირთნაკადს“.

ამავე კონფერენციაზე ანაკლიის პორტმა წლის სტრატეგიული პროექტების ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ 4 წლის წინ მის მიერვე დაწუნებული პროექტი ახლა ქვეყანას დიდ ინვესტიციებს მოუტანს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, „რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება საქართველოში, ეს არის ანაკლიის პორტი". მისივე განცხადებით, მთავრობა ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ელოდება კერძო სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში, ასევე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობაში. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ამ აქტივობების შედეგად, მომავალ წლებში სამპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მთავრობის წარმომადგენლები მხოლოდ მომავალზე იმიტომ საუბრობენ, რომ განვლილი წლების შედეგებში საამაყო არაფერია. ამ შედეგთა შორის არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელმაც 2015 წლის მანძილზე 23-პროცენტიანი კლება განიცადა.

ენერგეტიკაში ინვესტიცია როგორ უნდა გაიზარდოს, როდესაც ძირითადად არის რეგულირებული დარგი, ტარიფი არის რეგულირებული სემეკის მიერ, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არის...

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების - ერთი მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარის - დიდი ნაწილი, 68 პროცენტი, მოდის სამ ძირითად დარგზე. ყველაზე მეტი უცხოური კაპიტალი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო და მისმა მოცულობამ თითქმის 600 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44 პროცენტია. მეორე ადგილი დაიკავა მშენებლობამ, 190 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტით, ხოლო მესამეა დამამუშავებელი მრეწველობა, თითქმის 130 მილიონი აშშ დოლარით. ამ ძირითად სამეულში არ მოხვდა ენერგეტიკა, რომელიც ახლო წარსულში ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო მიმართულებად ყალიბდებოდა. ამ სფეროში ინვესტიციების შემცირება ლოგიკურად მიაჩნია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანს გიგა ბედინეიშვილს:

„ენერგეტიკაში ინვესტიცია როგორ უნდა გაიზარდოს, როდესაც ძირითადად არის რეგულირებული დარგი, ტარიფი არის რეგულირებული სემეკის მიერ, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არის... ამიტომ, როდესაც გაქვს რეგულირებული ფასები ლარში, როცა დღეს ლარის გაუფასურება სახეზე გვაქვს, ამ სექტორში როგორ უნდა ჩადო დიდი ინვესტიციები დოლარში, მე არ მესმის. როგორც ჩანს, არც ინვესტორებს ესმით, ამიტომ არ დებენ ფულს ამ დარგში“.

ენერგეტიკის გარდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნა აღინიშნა ეკონომიკის სხვა დარგებშიც, მაგალითად, სასტუმრო-რესტორნებისა და უძრავი ქონების სექტორებში.

საგულისხმოა, რომ ხელისუფლებამ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები რამდენიმე მიმართულებით შეცვალა, თუმცა ამ ცვლილებებმა გაუმჯობესების მხრივ ასახვა ვერ პოვა...

ეს, იმის მიუხედავად, რომ გაფორმდა საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მანამდე გაიხსნა რუსეთის ბაზარი. მთავრობა ვარაუდობდა, რომ ეს და სხვა პერსპექტივები ბევრ უცხოურ კომპანიას საქართველოში ბიზნესის დაწყების სურვილს გაუღვივებდა, მაგრამ შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. ამის მიზეზებზე საუბრობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე:

„ექსპერტები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტორებს, რომელთაც ბოლო წლებში საინვესტიციო გარემოს გაუარესება განაპირობეს: არასტაბილური საკანონმდებლო გარემო და გადავადებული ცვლილებები, 2012 წლის შემდეგ მიღებული საიმიგრაციო პოლიტიკა, შრომის კოდექსის რეფორმირების გაჭიანურებული პროცესი, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა, საფოსტო მომსახურების ახალი რეგულაციები, შრომითი მიგრაციის ახალი რეგულაციები. საგულისხმოა, რომ ხელისუფლებამ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები რამდენიმე მიმართულებით შეცვალა, თუმცა ამ ცვლილებებმა გაუმჯობესების მხრივ ასახვა ვერ პოვა“.

ასეთ პირობებში საქართველოს ძირითად ინვესტორ ქვეყნად რჩება აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური სირთულეებია, მასზე მოდის საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40 პროცენტი. მეორეზეა გაერთიანებული სამეფო, 15 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზეა ნიდერლანდები, 8 პროცენტით. შესაბამისად, ამ სამი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 63 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გასულ წელს ჩინეთთან აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ლაპარაკობდა, ეს ქვეყანა ინვესტორ ქვეყანათა სამეულში ვერ მოხვდა და მხოლოდ მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა, 58-მილიონიანი ინვესტიციით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG