Accessibility links

სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ბოლო დროს საჯარო განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. მკრეხელობის ამკრძალავი კანონების შესახებ ჩემი მოსაზრება ერთხელ უკვე გაგიზიარეთ, ამიტომ, ამ თემას აქ აღარ ჩავუღრმავდები. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ის მაინტერესებს, რატომ არ კარგავს საქართველოში ძალას რელიგიითა და ნაციონალიზმით მანიპულირება; რატომ ხდება, რომ იმის მაგივრად, უფრო დემოკრატიულ საზოგადოებად ვიქცეთ, რელიგიური და სხვა სახის ექსტრემიზმი სულ უფრო მეტად იპყრობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულებს.

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ანომიური საზოგადოება ვართ. ანომია ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც საზოგადოებას დაკარგული აქვს საყოველთაოდ შემკვრელი მორალური ორიენტირები, ან ის ცდილობს, ორიენტირთა ერთი წყებიდან მეორეზე გადავიდეს. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ვცდილობთ, გადავიდეთ ახალ მორალურ-პოლიტიკურ წესრიგზე,მაგრამ ეს ძალისხმევა ჯერჯერობით წარუმატებელია.

ის აზრი, რომ ჩვენი საზოგადოება ანომიურ მდგომარეობაშია, ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ტრადიციული საზოგადოება ვართ. ამის აღნიშვნა აუცილებლად მიმაჩნია, რადგან შიდა და გარე დამკვირვებლები ხშირად ტრადიციულ საზოგადოებად გვახასიათებენ ხოლმე, რაც რეალობას არ შეესაბამება. ტრადიციულ საზოგადოებაში, ანუ საზოგადოებაში, სადაც ერთიან ტრადიციებს მისდევენ, არ წარმოიშობა ისეთი ფუნდამენტური ღირებულებითი კონფლიქტები, როგორებიც საქართველოში წარმოიშობოდა ბოლო ათწლეულების მანძილზე (იმ აშკარა მიზეზით, რომ გარკვეულ ტრადიციებზე საზოგადოება მყარად არის შეთანხმებული). საქართველოში, როგორც წესი, ერთი იდეოლოგია ცვლის მეორეს, ან ორივე ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს.

იდეოლოგიათა მონაცვლეობის მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ლიბერალური დემოკრატია, კლასიკური დასავლური გაგებით, არც ერთხელ არ გამხდარა საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების საფუძველი. ასეთ საფუძვლად არც ლიბერალიზმის მონათესავე იდეოლოგიები ქცეულა, მაგალითად − რესპუბლიკანიზმი ან სოციალ-დემოკრატია. თვითგამოცხადებული ლიბერალები საჯარო სივრცეში ცოტანი არიან და სახალხო მხარდაჭერით არ გამოირჩევიან (შენიშვნა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ვერ გავაიგივებთ ლიბერალური იდეების მხარდამჭერებთან).

ლიბერალიზმისა და მისი მონათესავე დასავლური იდეოლოგიების − რესპუბლიკანიზმისა თუ სოციალ-დემოკრატიის − არაპოპულარობა ბევრი მიზეზით შეიძლება ავხსნათ, მაგრამ ამჯერად ოთხ მთავარ მიზეზს ჩამოვთვლი:

პირველი მიზეზია ისტორიული ტრადიციის არარსებობა. მართალია, წარსულში გვყავდა მნიშვნელოვანი ლიბერალი მოაზროვნეები (მაგალითად, ილია ჭავჭავაძე), გვქონდა სოციალ-დემოკრატიული რეჟიმი (რომელმაც, როგორც ცნობილია, სამ წელიწადსაც ვერ გასტანა), მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლო ორასი წლის მანძილზე, ძირითადად, დამპყრობელი ავტორიტარული მთავრობების მიერ ვიმართებოდით. ტრადიციის სიმწირის გამო, ძალიან ძნელია ისტორიული პარალელების გავლება, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ქვეყანაში მომხდარი მოვლენები ქართველი ისტორიკოსების მიერ ყოველთვის ადეკვატურად არ ფასდება.

მეორე მიზეზი ის არის, რომ ლიბერალური დემოკრატია ხშირად უგულებელყოფს სოციალურ უფლებებს. ასეთი ლიბერალიზმი, რომელიც სოციალური სამართლიანობის გარეშე არსებობს, თავისუფლების არასრულყოფილი გარანტად გვევლინება და, შესაბამისად, ვერ იგებს ფართო მასების გულს (პოპულარული და სამართლიანი არგუმენტის მიხედვით: „რად გვინდა თავისუფლება, თუ რეალურად ვერ გამოვიყენებთ?“). ბოლო დროს ევროპაში მიმდინარე მოვლენებმა (განსაკუთრებით, ულტრაკონსერვატული ძალების აღზევებამ), პოპულარული გახადა იდეა, რომ ლიბერალიზმს მემარცხენეობისგან შველა სჭირდება. ეს მოსაზრება, როგორც არასდროს, ისე აქტუალურია განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ქართული ლიბერალიზმისთვის თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ლიბერალური უფლებების სოციალური უფლებებით შევსებაა.

მესამე მიზეზი: თანამედროვე ლიბერალებს არ აქვთ საიმისო რესურსები, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მთავარი მედიუმი დღეს ტელევიზიაა, ხოლო ტელევიზიების დიდი ნაწილი, ძირითადად, სხვადასხვა პარტიის პროპაგანდითაა დაკავებული. და რაკი ეს პარტიები არ გამოირჩევიან ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების ერთგულებით, ბუნებრივია, პროპაგანდაც ხშირად სხვა მიმართულებით მიდის (ამ ბოლო ხანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ღირსეულ გამონაკლისად ყალიბდება). ამასთან, ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ისიც არის, რომ ამდენხნიანი წყვეტის შემდეგ დასუსტდა ლიბერალური ფლანგის ინტელექტუალური ავტორიტეტი. თავისუფალი აზროვნების ქართველი გიგანტი, მერაბ მამარდაშვილი, სიცოცხლეშიც მარგინალი იყო, ახლა კი მის პოლიტიკურ ნააზრევთან, შეიძლება ითქვას, მთლიანად დაკარგულია კავშირი.

ლიბერალიზმის არაპოპულარობის მეოთხე მიზეზად მიმაჩნია თავად თვითგამოცხადებულ ლიბერალთა ნაწილის ზოგჯერ უმწიფარი დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენებისადმი. ამას წინათ ერთმა მეგობარმა სწორად შენიშნა, ქართველ ლიბერალთა ნაწილი ზოგჯერ ემოციური აჯანყების ფაზაში მყოფის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე რაციონალურად მოაზროვნისო. ცხადია, ეს იმიტომ ხდება, რომ ლიბერალური დემოკრატია, 75-წლიანი წყვეტისა და ამდენი სხვადასხვანაირი ავტორიტარიზმის შედეგად, ჩვენთვის შედარებით ახალი ხილია. ეს უმწიფრობა და მოვლენების ნაჩქარევად შეფასება კი ხშირად ხელს უშლის სწორი ღირებულებების წინ წამოწევას.

ასეთი სერიოზული მიზეზების შემხედვარე, ბევრმა ლიბერალურ დემოკრატიაზე შეიძლება საერთოდ აიცრუოს გული. ისინი, ვისთვისაც პოლიტიკური თავისუფლება არაფერს ნიშნავს და თავისუფლება მხოლოდ ქიმერაა (სხვადასხვა არგუმენტით, როგორც სტანდარტული რადიკალური მემარცხენე, ისე მემარჯვენე ან კონსერვატორული არგუმენტით), ჩათვლიან, რომ ლიბერალურ დემოკრატიაზე მნიშვნელოვანი სხვა, განსაკუთრებით, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მიღწევაა. სხვებმა, ვისაც თავისუფალი საჯარო სივრცე და ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების შენება გვინდა, პოლიტიკური თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG