რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ - ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 23 მარტს, რომ იტყვიან, დღისით-მზისით მომხდარი მკვლელობა. შეიარაღებული თავდასხმისას მოკლეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, დენის ვორონენკოვი, რომელიც შარშან გადასახლდა უკრაინაში და აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინის პოლიცია განიხილავს მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას. ამის შესახებ აცხადებს უკრაინის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ალექსანდრ ვაკულენკო.
ვორონენკოვი მოკლეს, როცა მიდიოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ასევე ყოფილ წევრთან, ოპოზიციონერ ილია პონომარიოვთან შესახვედრად. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელმა, სულ ცოტა, რვაჯერ ესროლა 45 წლის ვორონენკოვს. მომხდარი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. ვორონენკოვის მცველმა კი თავდამსხმელს ესროლა, დაჭრა ის, რის შემდეგაც თავდამსხმელი მეზობელ ქუჩაზე დააკავეს პოლიციელებმა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავად ვორონენკოვი ადგილზევე გარდაიცვალა. მისი მცველი გულის არეშია დაჭრილი, მაგრამ გონზეა და, როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ილია პონომარიოვმა რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული ვორონენკოვის გაჩუმებით: „ის (ვორონენკოვი) ძალიან სახიფათო ადამიანი იყო რუსი კორუმპირებული სამართალდამცველებისათვის. ის რეალურად იყო დაკავებული გამოძიებით, მოპოვებული ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია კონტრაბანდაზე, რომელიც რუსეთში შედის. და ის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შენაძენი იყო უკრაინისათვის“.
კრემლი უარყოფს ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, განცხადებით, პუტინს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ. ეს ჩვენი თემა არ არისო, უთხრა პესკოვმა ტელეარხ „დოჟდის“ კორეპსონდენტს.
ვორონენკოვი კომუნისტური პარტიის დეპუტატი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 2011-დან 2016 წლამდე. ის მეუღლესთან, ასევე ყოფილ რუს დეპუტატ მარია მაქსაკოვასთან ერთად ოქტომბერში გადასახლდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში სამართალდამცველებმა მოითხოვეს გამოძიების დაწყება მოსკოვში ხუთ მილიონ დოლარად შეფასებული შენობის მითვისებაში ვორონენკოვის ეჭვმიტანის გამო. თებერვალში, უკრაინის მედიასთან ინტერვიუს დროს, ვორონენკოვმა ნაცისტურ გერმანიას შეადარა თანამედროვე რუსეთი, სადაც, მისი თქმით, ყველაფერს უშიშროების ფედერალური სამსახური აკონტროლებს. მანვე „შეცდომა“ უწოდა ყირიმის ანექსიას.
ჩვენი რადიოს რუსულენოვან ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში, რომელიც ამ ერთი თვის წინ არის ჩაწერილი, ვორონენკოვს ჰკითხეს: რატომ არ იჩენთ მეტ სიფრთხილეს, რატომ დადიხართ კიევში ყველას დასანახად ქუჩაში, ხვდებით ჟურნალისტებს - თავდასხმის არ გეშინიათო?
„იცით, მე ვთვლი, რომ რაც მოსახდენია, მოხდება! არც ვაპირებ დამალვას. თან ვფიქრობ, რომ უკრაინის სპეცსამსახურების კვალიფიკაციაც ამ ბოლო სამ წელიწადში ძალიან გაიზარდა. ამიტომ, არ ვდარდობ“, - ეს სიტყვები გასულ თვეში, 21 თებერვალს, წარმოთქვა დენის ვორონენკოვმა. 23 მარტს კიევის ცენტრში მოკლეს.
წინასწარი მონაცემებით, მკვლელად, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით თავში და გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობების შედეგად, სახელდება უკრაინის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცი. მის ვინაობას არ ასახელებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ვორონენკოვის მკვლელობას აშკარად ეტყობა რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერა.
დაწერეთ კომენტარი