Accessibility links

logo-print

რას მოასწავებს ერდოანის მწვავე განცხადებები ევროკავშირის მისამართით?


რეჯეპ ტაიპ ერდოანი

რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უხეში განცხადებებით უპასუხა ევროკავშირის კრიტიკას თურქეთში ოპოზიციასთან კავშირების მქონე ჟურნალისტების დაკავების თაობაზე. ევროკავშირმა ჯობს „თავის საქმეს მიხედოსო“, განაცხადა თურქეთის ლიდერმა. ანალიტიკოსები ამ განცხადებებში თურქეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოების გაღრმავების ნიშნებს ხედავენ.

თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ევროკავშირს მოუწოდა პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით „თავის საქმეს მიხედოს“,რაც, ანალიტიკოსების აზრით, თურქეთისა და ბლოკის ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად გაღრმავებული უთანხმოების ნიშანია.

ერდოანმა ეს განცხადება 15 დეკემბერს გააკეთა იზმირში მას შემდეგ, რაც ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს თურქეთში ოპოზიციასთან კავშირების მქონე ჟურნალისტების დაპატიმრება:

„ევროკავშირი არ უნდა ცდილობდეს ჩაერიოს თურქეთის უსაფრთხოების ძალების მიერ კანონის უზენაესობის ჩარჩოში გადადგმულ ნაბიჯებში იმ ელემენტთა წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან. მათ თავიანთ საქმეს უნდა მიხედონ“.

ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ვინც ემუქრება, ჟურნალისტი იქნება ეს თუ სხვა, საკადრის პასუხს მიიღებს. ჩვენ მათ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში არ მოვუშვებთ...

14 დეკემბრის საპოლიციო რეიდის შედეგად, თურქეთში დააპატიმრეს, სულ მცირე, 24 ადამიანი. ბრალდებებია: „დაშინებისა და მუქარის გამოყენება“, „ცილისწამება“, „უკანონო გაერთიანების შექმნა“ და სხვ. დაპატიმრებულებს შორის არიან გაზეთ „ზამანის“ მთავარი რედაქტორი და ტელეარხ „სამანიოლუს“ ხელმძღვანელი, რომლებსაც კავშირი აქვთ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გავლენიან ოპონენტთან, შეერთებულ შტატებში მოღვაწე სასულიერო პირ ფეტჰულა გულენთან.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის ფედერიკა მოგერინისა და გაფართოების საკითხში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეფასებით, დაპატიმრებები მიმართულია „ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენმა თურქეთის მთავრობას მოუწოდა უზრუნველყოს, რომ მიღებულმა ზომებმა არ ხელყოს მედიის თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები.

სწორედ ამ განცხადებებს უპასუხა ერდოანმა 15 დეკემბრის გამოსვლაში. „ისინი პრესის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამ დაპატიმრებებს ამასთან არაფერი აქვს საერთო. ...ჩვენ არ გვაღელვებს რას იტყვის ევროკავშირი - მიგვიღებს ის წევრად თუ არაო“, - მისი გამოსვლიდან ამ ნაწყვეტს ავრცელებს ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს პოლიტიკაზე სპეციალიზებული ინტერნეტგამოცემა eu observer-ი.

„ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ვინც ემუქრება, ჟურნალისტი იქნება ეს თუ სხვა, საკადრის პასუხს მიიღებს. ჩვენ მათ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში არ მოვუშვებთ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ერდოანის გამოსვლის ნაწილი ტელეეთერით გადაიცა. გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა დაიჩივლა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის კართან უკვე „50 წელიწადია იცდის“.

ამასთან, ერდოანმა გერმანიას ბრალი დასდო იმაში, რომ ის ქურთთა ექსტრემისტული ორგანიზაციის - „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ - დაშოშმინების პოლიტიკას მიმართავს და თავის ტერიტორიაზე ეთნიკური თურქების მკვლელობის შემთხვევებს არ იძიებს.

პროვოკაციული რიტორიკა ერდოანისთვის ზოგადადაა დამახასიათებელი - მაგალითად, მან ახლახან განაცხადა, რომ ქალები კაცების თანასწორნი არ არიან და დასავლელები მუსლიმთა სიძულვილს ატარებენ საიდუმლოდ.

ევროკავშირს წარსულში არაერთხელ გაუკრიტიკებია ერდოანის რეპრესიული კამპანიები, თუმცა, პარალელურად, გრძელდებოდა მოლაპარაკება ბლოკში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

თუმცა ერდოანის ეს გამოსვლა, eu observer-ის ცნობით, მყისიერად აისახა სამომავლო კავშირების მიმართ ბაზრების ნდობაზე - თურქეთის ლირამ ღირებულების 4 პროცენტი დაკარგა აშშ-ის დოლართან მიმართებით.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, „ძალიან გაკვირვებული“ ვარ ერდოანის განცხადებებითო.

მისი თქმით, თურქეთმა მას და მის კოლეგას, გაფართოების კომისარ იოჰანეს ჰანს, გულთბილად უმასპინძლა ანკარაში გასულ კვირაში და შეხვედრისას გაწევრიანების პროცესში „ახალ დასაწყისზე“ ისაუბრეს.

ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი

„სწორედ მთავრობის წევრები გვარწმუნებდნენ, რომ თურქეთისთვის ევროკავშირისკენ გზა იმდენად ეკონომიკურ ინტერესებს არ უკავშირდება, რამდენადაც ღირებულებებს და პრინციპებს - უწინარესად, დემოკრატიას და კანონის უზენაესობასო“, - განაცხადა მოგერინიმ.

„მთავარი იყო - და, მე ვიტყოდი, ახლაც არის - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყარი და მიზანმიმართული მუშაობაო“, - დასძინა მოგერინიმ.

ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებთან თავსებადობა ერთი საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ თურქეთი დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირეა ერაყსა და სირიაში ისლამისტ რადიკალებთან ბრძოლის პროცესში.

ამავე დროს, თურქეთი ენერგეტიკის სფეროშიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მოკავშირეს.

ევროკავშირი თურქეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელ გაზსადენს აშენებს და, ამასთან, მას თურქეთის მხრიდან თანამშრომლობა დასჭირდება სხვა პროექტის - ისრაელის კვიპროსთან დამაკავშირებელი გაზსადენის - განხორციელებაში.

ორივე პროექტის მიზანია რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. მაგრამ თურქეთმა გასულ თვეში განაცხადა, რომ, შესაძლოა, თავის ტერიტორიაზე მეტოქე პროექტიც - რუსეთის გაზსადენიც - გაატაროს.

ამგვარი საფრთხილო ვითარების შექმნის მიუხედავად, ევროკავშირმა ორშაბათს მაინც მკაცრად გააკრიტიკა ერდოანი ჟურნალისტებზე ზეწოლის გამო.

ჰოლანდიის მმართველი პარტიის - „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიის“ - ზოგიერთი წარმომადგენელი გამოვიდა მოწოდებით ევროკავშირმა თურქეთს შეუწყვიტოს ყოველწლიურად 600 მილიონი ევროს მიწოდება, რომელსაც თურქეთი გაწევრიანებისწინა დახმარების სახით იღებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა სტრასბურგში პარლამენტის სხდომის გახსნისას ევროკავშირში თურქეთის ელჩს მის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ახსნა-განმარტებით გამოსვლისკენ მოუწოდა.

„შეშფოთებული ვართ, რომ ბოლო მოვლენები კრიტიკული მედიის მიმართ საშიში დამოკიდებულების ნიშანიაო“, - განაცხადა შულცმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG