Accessibility links

logo-print

დღეიდან ბაზარზე „არაჟნის მსგავს“ თუ „ხაჭოსებრ“ პროდუქტებს ამ დასახელებით ვეღარ შეხვდებით


2016 წლის 1 აგვისტოს ამოიწურა რძის პროდუქტების მწარმოებლებისათვის მიცემული ვადა - რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, დღეიდან მათ აღარ აქვთ უფლება ბაზარზე გამოტანილ პროდუქციას, რომელიც მცენარეულ ცხიმზე მზადდება, უწოდონ “რძის მსგავსი”, “არაჟნისებრი” და ა. შ. დღეიდან მაღაზიებში არსებული ყველა პროდუქტი, რომელსაც აწერია „კარაქი“, „არაჟანი“, „ხაჭო“ თუ „მაწონი“, მხოლოდ რძისგან დამზადებული უნდა იყოს. რა ერქმევა მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქციას და გააგრძელებენ თუ არა მათ წარმოებას კომპანიები, მათი გადასაწყვეტია.

დასახელებები: „რძე“, „მაწონი“, „კარაქი“, „ხაჭო“ თუ „არაჟანი“ შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია მხოლოდ ნედლი რძისგან ან აღდგენილი რძისგან და შეიცავს მხოლოდ რძისთვის დამახასიათებელ კომპონენტებს...

თუ აქამდე სუპერმარკეტებსა და ბაზრებში ჯერ კიდევ გვხვდებოდა ისეთი დასახელების პროდუქტები, როგორიცაა „არაჟნის მსგავსი“, „ხაჭოსებრი“, „კარაქისებრი“ და ა.შ.,1 აგვისტოდან ეს ნაწარმი ან სხვა სახელით უნდა მოვიკითხოთ, და ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მათ წარმოებას არ შეწყვეტენ და ახალ სახელსაც მოიფიქრებენ, ან საბოლოოოდ დავემშვიდობოთ, რადგან, როგორც ცნობილია, რძის პროდუქტების ზოგიერთმა მწარმოებელმა მათზე საერთოდ უარი თქვა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენებს შარშან, როდესაც რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, ერთწლიანი ვადა მისცა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დასახელებაში „ებრის“ და „მსგავსის“ დამატება რძის შემცველ პროდუქტზე, რომელსაც მცენარეული ცხიმიც ემატება, აღარ შეეძლებათ:

„დასახელებები: „რძე“, „მაწონი“, „კარაქი“, „ხაჭო“ თუ „არაჟანი“ შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია მხოლოდ ნედლი რძისგან ან აღდგენილი რძისგან და შეიცავს მხოლოდ რძისთვის დამახასიათებელ კომპონენტებს, ხოლო რძის შემცველი პროდუქტისთვის ისეთი მიმსგავსებული ბოლოსართით, როგორიცაა „სებრი“ ან „მსგავსი“, იკრძალება“.

მე, მაგალითად, მირჩევნია აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტი შევიძინო, რადგან ჯერჯერობით საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს არაკეთილსაიმედო კერები და ცხოველური დაავადებების საფრთხეც...

რძის პროდუქტების მწარმოებლები, როგორც კახა სოხაძე აცხადებს, ამ ცვლილების შესახებ დიდი ხანია გაფრთხილებულები არიან და ახლა უკვე მათ მარკეტინგულ მიდგომაზეა დამოკიდებული, თუ რა სახელით აწარმოებენ რძის შემცველ პროდუქციას. სოფლის მეურნეობის ეროვნულმა სააგენტომ კი ამ დღეებში უკვე დაიწყო ბაზრის მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ დარღვევებს აღმოაჩენენ, მწარმოებლებს შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ.

„მომხმარებელთა ფედერაციის“ თავმჯდომარე მადონა კოიძე მოელის, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები დაიცავენ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მომხმარებელი მაწვნის, ხაჭოს, არაჟნისა თუ კარაქაის ყიდვისას აღარ დაეჭვდება, ხომ არ არის მასში მცენარეული ცხიმი:

„თუ რძის პროდუქტების სახელით ცნობილ რომელიმე პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ფალსიფიცირებულია და ის არ არის რძის პროდუქტი“.

მადონა კოიძის თქმით, მოსახლეობის ერთ ნაწილს ხშირად ეშლება და ფიქრობს, რომ აღდგენილი რძე, ანუ ე. წ. რძის ფხვნილზე დამზადებული პროდუქტი, საფრთხის შემცველია. ის განმარტავს, რომ ეს ასე არ არის, ჩვეულებრივი რძისგან მზადდება და თავის ბუნებრივ თვისებებს არ კარგავს.

„მე, მაგალითად, მირჩევნია აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტი შევიძინო, რადგან ჯერჯერობით საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს არაკეთილსაიმედო კერები და ცხოველური დაავადებების საფრთხეც, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის სამსახურის აქტიურობისა, ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა რძის პროდუქტების ერთ-ერთ მწარმოებელს, „მილკოფუდს“, რომლის პიარმენეჯერმა ნინო ხაჩიძემ გვითხრა, რომ მათ მთლიანად ამოიღეს წარმოებიდან მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქცია და კომპანიამ გადაწყვიტა მხოლოდ ნამდვილი რძის პროდუქტები გაყიდოს:

„უკვე დიდი ხანია, ყველა ჩვენი პროდუქტი მხოლოდ რძის ცხიმზეა. გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ასეთი პროდუქტები გვეწარმოებინა. ფასში არის მცირე განსხვავება, რძის პროდუქტები ოდნავ ძვირია, თუმცა რადგან მოსახლეობაში ამის მოთხოვნა არსებობს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ - 60-ვე დასახელების პროდუქტი რძის ცხიმზე მზადდება“.

სოფლის მეურნეობის სააგენტოს კი, წესით, უკვე რამდენიმე დღეში მზად უნდა ჰქონდეს ბაზრის მონიტორინგის შედეგები, არის თუ არა კონკრეტული დარღვევები და რა სახელით ყიდიან რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები რძის შემცველ პროდუქტებს დღეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG