Accessibility links

logo-print

გამოხმაურება ახალი პაპის არჩევაზე


რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე

პირველი პაპი ამერიკის კონტინენტიდან, პირველი იეზუიტი პაპი და პირველი პაპი, რომელმაც სახელად ფრანცისკე აირჩია - ასეთია არაერთი სიახლე, რომელიც უკავშირდება რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა გადაწყვეტილებას, პაპად აერჩიათ არგენტინელი კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო. როგორია გამოხმაურება მსოფლიოში?

„ეს მართლა დიდი ბედნიერებაა, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ეკლესიისათვის, რადგან გვყავს ახალი პაპი, რომლიც ღმერთმა მოგვივლინა! ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ის არგენტინელია და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ჩვენი წარმომადგენელი“ - ამბობს ილიანა პედროზო პაპის მშობლიური არგენტინიდან. აღტაცებულია არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს აიერესის მეორე მკვიდრი ფერნანდო დე ტემპელრეიც: „ეს მართლაც საოცარი განცდაა, ამას არ მოველოდით! მაგრამ ამიერიდან გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. წარმატებას ვუსურვებთ!“

ბუენოს აირესის ქუჩებში სპონტანური ზეიმები მოჰყვა ოთხშაბათს გავრცელებულ ცნობას, რომ ვატიკანში კონკლავზე შეკრებილმა კარდინალებმა არჩევანი შეაჩერეს არგენტინელ კარდინალზე, ბუენოს აირესის არქიეპისკოპოს ხორხე მარიო ბერგოლიოზე.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა იეილის უნივერსიტეტის პროფესორს, თეოლოგ ტერეზა ბერგერს ჰკითხა, რა თვისებებით გამოირჩევა ახალი პაპი. „ის ცნობილია, როგორც ძალიან თავმდაბალი, ეკოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ადამიანს. მაგრამ სულელი არ გეგონოთ - თეოლოგიის დოქტორის წოდება აქვს. ჩემი აზრით, წმიდა პეტრეს ტაძრის აივანზე ვიხილეთ, რომ სიმპათიის მოპოვება შეუძლია, თუმცა ცოტა მორიდებულია. მე მომეწონა, რაც ვნახე“ - ასეთია შთაბეჭდილება, რომელიც აშშ-ში მოღვაწე თეოლოგს დარჩა მას შემდეგ, რაც ახალი პაპი ამ რანგში პირველად მიესალმა მორწმუნეებს წმიდა პეტრეს მოედანზე.

კათოლიკეების - მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანის - ახალი სულიერი ლიდერის არჩევა, ბუნებრივია, გამოხმაურების გარეშე არ დაუტოვებიათ არც პოლიტიკურ ლიდერებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მიესალმა ამერიკელზე არჩევანის შეჩერებას. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს რეგიონის ძალასა და ვიტალურობას. ობამას თქმით, ის მოუთმენლად მოელის პაპ ფრანცისკესთან თანამშრომლობას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ყველა რწმენის მიმდევართა ღირსების დასაცავად.

პალესტინელების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ახალი პაპი მიიწვია ბეთლემში, იესო ქრისტეს დაბადების ადგილზე სალოცავად, ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გამოთქვა იმედი, რომ პაპი ფრანცისკე გააგრძელებს რელიგიათა შორის დიალოგს. „მოველი, რომ გაგრძელდება გაერთიანებული ერების თანამშრომლობა წმიდა საყდართან მისი უწმინდესობა პაპის, ფრანცისკეს ბრძნული ხელმძღვანელობით. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო მიზანი - მშვიდობის, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაწყებული და სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრით დამთავრებული, რაც მდგრადი განვითარების ძირითადი ელემენტებია“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ახალი პაპის არჩევას გამოეხმაურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც. ის იმედოვნებს, რომ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობა პოზიტიურად განვითარდება.
XS
SM
MD
LG