Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვირჩევთ პროფესიას?


ავტორი: არჩილ აბაშიძე

ყველაზე რთული შეკითხვა რაც სტუდენტისგან მომისმენია -"რას მირჩევთ, რა სპეციალობა ავირჩიო?" იყო. ერთი მხრივ, ასეთი ნდობა სასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა ზედმეტად მაღალია. კონკრეტული პასუხი შეუძლებლია; ჯობია, ყველამ დამოუკიდებლად დაუშვას შეცდომები და ისწავლოს. ეს ნახევრად ხუმრობით.

90-იან წლებში, როდესაც ჩემს თაობას უწევდა პროფესიის არჩევა, ერთ-ერთი კრიტერიუმი ქრთამის გადახდის გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებიც იყო; მაგ. თსუ-ში სპეციალობების მიხედვით არსებული ნიხრები საიდუმლოს არ წარმოადგენდა და აბიტურიენტების მშობლები საკუთარ ამბიციებს შემოსავლებიდან გამომდინარე აძლევდნენ გასაქანს.

მშობლების მიერ შვილებისთვის პროფესიის არჩევის პრაქტიკა დღესაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირია, როდესაც მოზარდის არჩევანს მშობლები არ ეთანხმებიან და უხეში ძალდატანების გზით აიძულებენ რაიმე პერსპექტიულ, ანუ შემოსავლიან საქმეს მოკიდონ ხელი (სამედიცინო ან იურიდიული). ამას რომ თავი დავანებოთ, ქართველ ახალგაზრდას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება მაინც უჭირს. მგონია, ამის მიზეზი ნაწილობრივ არაინფორმირებულობაცაა.

საიდან იღებს ახალგაზრდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ "რა შეიძლება აკეთო ცხოვრებაში"? კარგია თუ რაიმე კონკრეტული ნიჭის ან მიდრეკილების გამო არჩევანს ბუნებრივად ვაკეთებთ (მუსიკალური, ხატვის ნიჭი), მაგრამ ეს გამონაკლისია. ძირითადად, ინფორმაცია უფროსებისგან, თანატოლებისგან მოდის. სტუდენტებისგან გამიგია, რომ უნივერსიტეტები სკოლებში მათთან არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აწყობენ. უნივერისტეტების ინტერესი ამ შემთხვევაში გასაგებია: აბიტურიენტების მიზიდვა უმაღლესი სასწავებლისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. წესით, სკოლაც, "მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის პროგრამით" გათვალისწინებული გაკვეთილების მეშვეობით უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების და უნარების მიხედვით მომავალი პროფესიის არჩევაში.

კიდევ ერთი ფაქტორი სახელმწიფოს მიერ გარკევული მიმართულებებისადმი ინტერესის გაღვივების ხელშეწყობაა. საქართველოსნაირი მძიმე წარსულის ქვეყნისათვის გასაკვირი არაა გაგრკვეული სპეციალობებში კატასტროფული ჩავარდის და კადრების დეფიციტის არსებობა. ისიც მისაღებია, რომ სახელმწიფო ასეთი სპეციალობების დაფინანსებას ზრდის და სამუშაო ბაზარზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მიწოდების გაზრდაზე ზრუნავს. თუმცა, ასეთი სპეციალობების შერჩევა ბაზარზე არსებული მოთხოვნებით უნდა იყოს ნაკარნახევი და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების პრეფერენციებით. ამიტომ, "უფასო" ფაკულტეტებთან დაკავშირებით დღეს არსებული ვითარება გაუგებარია. მაგ. რას სთავაზობს სახელმწიფო ფილოლოგიის და ფილოსოფიის "უფასოდ" კურსდამთავრებულებს? სპეციალობის არჩევა დარგის მიმართ არსებული ინტერესით უნდა იყოს ნაკარნახევი, თუ "უფასოდ" დიპლომის მოპოვების სურვილით? რას შესძენენ დარგს ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ აირჩიეს სპეციალობა, რომ სახელმწიფო ფულს გადაიხდის?

ყველა გზა რომ უნივერსიტეტში არ მიდის და ბევრისთვის ეს მხოლოდ დროის და ფულის უაზრო ხარჯვაა, წესით, ბევრი უნდა ხვდებოდეს. ხელისუფლებაც განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტად პროფესიული განათლების ხელშეწყობას ასახელებს. თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება, ბევრი დასაქმდება და გარკვეული სერვისების მიღებაც ნერვების ფასად აღარ დაგვიჯდება. თუმცა, ხისტი მიდგომა "სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გახსნის და ხალხმა აირჩიოს ვინ სად წავა" აქ არ გაამართლებს და გარკვეული დახმარება აქაც იქნება საჭირო.

მაშინ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოზარდებს ინტერესებში გარკვევის პროცესში? ყველაფრის სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაკისრებას რომ თავი დავანებოთ, კერძო სექტორის და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობაზე დავფიქრდეთ, წესით, შედეგი უფრო სწრაფი და ეფექტიანი უნდა იყოს. ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირდება, გამოცდილება შეიძლება იმ ქვეყნებშიც მოვიძიოთ, სადაც ცხოვრებას ცოტა უფრო რეალისტურად უყურებენ და რესტორანში მიმტანობა და მაღაზიაში კონსულტანტობა ადგილობრივებს არც ეთაკილებად და დროებით სამუშოდაც არ წარმოუდგენიათ.

ერთი ასეთი მაგალითი: გერმანულ Bayrisches Rundfunk-ს აქვს საინტერესო პროექტი "Ich mach's": 15 წუთიან ვიდეოკლიპებში აღწერილია სამასამდე პროფესიის ყოველდღიურობა: რისი კეთება უხდებათ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ კონკრეტული პროფესიის ადამიანებს; რა უნარები და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკური მონაცემები არის საჭირო პროფესიის დასაუფლებლად. ყველასათვის ნაცნობი პროფესიების გარდა (პოლიციელი, ფოსტალიონი) აქ ბევრი ისეთი პროფესიაცაა აღწერილი, რომლის შესახებ მოზარდს ალბათ არასოდეს გაუგია. ძირითადად, პროფესიები იმ ახალგაზრდების მაგალითებითაა განხილული, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში თუ კერძო კომპანიებში სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიებს ეუფლებიან. ზოგიერთი, ამ სწავლის პროცესმა შეიძლება უნვესიტეტამდეც მიიყვანოს და იქ გაიღრმავოს ცოდნა. თუმცა, უმრავლესობას უმაღლესი განათლება არც დაჭირდება.

მსგავსი საინფორმაციო პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალგაზრდებს პროფესიის განსაზღვრაში. კერძო სექტორიც და საჯარო სექტორიც მნიშვნელოვნად იხეირებენ თუ ადამიანებს, რომლებიც მათთან მივლენ სწორი მოლოდინები ექნებათ. რაც მთავარია, სხვადასხვა პროფესიების შესახებ თეორიული ინფორმაციის მიღების და ტესტების შევსების ნაცვლად, რაც პრაქტიკის შესახებ ძალიან ბუნდოვან წარმოდგენას უქმნის გამოუცდელ თინეიჯერს, ასეთი ვიდეო-კლიპები აჩვენებს სამუშაო ადგილებზე არსებულ ყოველდღიურობას.

დამატებით, იხ. http://www.br.de/fernsehen/ard-alpha/sendungen/ich-machs/index.html

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG