Accessibility links

logo-print

რეცეპტი რეფორმისათვის


დავით სერგეენკო მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სერგეენკო მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად ცდილობს დახვეწოს წამლების რეცეპტით გაცემის სისტემა, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. გარდა იმისა, რომ იგეგმება ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა, სამინისტრო ასევე აპირებს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელიც მკვეთრად შეამცირებს როგორც რიგებს სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე არასწორად გამოწერილი რეცეპტების რაოდენობას.

გიორგი კენჭაძე, 42 წლის მძღოლი, წლების განმავლობაში ქრონიკულ ასთმას უმკლავდება პრეპარატ სალბუტამოლით, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა:

„ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ცვლის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და რომლის გარეშეც ვერც ერთი ასთმით დაავადებული სიცოცხლეს ვერ შეძლებს. არ მგონია, რომ ასეთი პრეპარატის შეძენა რეცეპტით უნდა იზღუდებოდეს, მით უმეტეს, რომ წარმოუდგენელია ასთმით დაავადებულის გარდა ვინმემ რამეში გამოიყენოს. ფსიქოტროპულ საშუალებას ეგ არ მიეკუთვნება. ერთადერთი, რაც შეუძლია, ხსნის ასთმურ სპაზმს შეტევის დროს“.

რა თქმა უნდა, აუცილებელია რეცეპტის ინსტიტუტი, მაგრამ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დროებით გარკვეული ტიპის მედიკამენტები გადავიდეს მესამე ჯგუფში...

გიორგი კენჭაძის მსგავსად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სია გაიზარდოს. ირინე ჭელიძე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სიახლემ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო როგორც პაციენტი, ასევე ექიმი, თუმცა, ირინე ჭელიძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ითქვას რეცეპტის ინსტიტუტზე:

„რა თქმა უნდა, აუცილებელია რეცეპტის ინსტიტუტი, მაგრამ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დროებით გარკვეული ტიპის მედიკამენტები გადავიდეს მესამე ჯგუფში. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ისეთი მედიკამენტები, რომლებიც წლებია გამოიყენება და არ დაფიქსირებულა რაიმე სახის მნიშვნელოვანი უკუჩვენებები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალის გადახედვისკენ მოუწოდა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც, რომლის თქმითაც, წამლების სია იმდენად არაპროფესიულადაა დაჯგუფებული, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „რეცეპტის რეფორმის“ კრახზე მეტყველებს ე.წ. აფთიაქის ექიმის გაჩენაც:

ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომლებსაც დადგენილი აქვთ დიაგნოზი და დიდი ხანია იღებენ ერთსა და იმავე მედიკამენტებს. ასევე არ მოქმედებს არანაირი შეზღუდვა, რომ ეს წამალი გამოწეროს ექიმმა მხოლოდ და ის წამალი - არა...

„ფარმაცევტული კომპანიების მიერ დაქირავებული ექიმები იქვე, დახლის გვერდზე, რეცეპტს წერენ, რითაც მათ პრაქტიკულად აზრი დაუკარგეს იმ ვითომდა რეფორმას, რომელიც სერგეენკომ წამოიწყო. აღსანიშნავია, რომ რეცეპტის გამოწერას აფთიაქში თან არ ახლავს პაციენტის გასინჯვა, ლაბორატორიული კვლევები, რათა რეალურად ჩავთვალოთ, რომ ექიმი მართლა იცნობს პაციენტის მდგომარეობას და ადეკვატურად უწერს მედიკამენტს“.

ე.წ. აფთიაქის ექიმების გამოჩენაზე განმარტებას აკეთებენ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები. გია ჩიგოგიძე, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ, კანონის სრული დაცვით, კომპანიამ საგანგებოდ შექმნა ექიმების კაბინეტები აფთიაქების მახლობლად თავისი მუდმივი პაციენტებისთვის, პირველ რიგში, პენსიონერებისთვის, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება:

ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაცული იქნება ძირითადი სანებართვო პირობები და ექიმი დაკავდება არა მხოლოდ რეცეპტების წერით, არამედ დაკავდება იმით, რასაც უნდა აკეთებდეს ოჯახის ექიმი...

„ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომლებსაც დადგენილი აქვთ დიაგნოზი და დიდი ხანია იღებენ ერთსა და იმავე მედიკამენტებს. ასევე არ მოქმედებს არანაირი შეზღუდვა, რომ ეს წამალი გამოწეროს ექიმმა მხოლოდ და ის წამალი - არა. ასეთი რამ გამორიცხულია. ჩვენ ეს უფასო სერვისი შევქმენით ჩვენი მომხმარებლისათვის, მაგრამ თუ გარედან შემოდის ვინმე, ექიმები უარს ვერ ეუბნებიან... თუმცა თანდათანობით ეს ყველაფერი დაიხვეწება, რათა ხარვეზები აღარ იყოს. ამ კლინიკებში არიან ძალიან კვალიფიციური, სერტიფიცირებული ექიმები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და კერძო პრაქტიკის უფლება“.

თუმცა, როგორც ირკვევა, აფთიაქების მახლობლად ე.წ. ექსპრესკლინიკების გახსნას ყურადღებით აკვირდება ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრ დავით სერგეენკოს კომენტარი:

„ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაცული იქნება ძირითადი სანებართვო პირობები და ექიმი დაკავდება არა მხოლოდ რეცეპტების წერით, არამედ დაკავდება იმით, რასაც უნდა აკეთებდეს ოჯახის ექიმი. ამას სჭირდება თავისი სანებართვო, საპასპორტო პირობები, რომელთა დაცვის შემთხვევაში შეზღუდვა არ იქნება“.

დავით სერგეენკომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ასევე თქვა, რომ რეფორმის პირველმა კვირამ გამოკვეთა სამი ძირითადი პრობლემა, რომელთა გადაჭრა საშური საქმეა:

„ერთი იყო მედიკამენტების ნაწილის გადატანა ჯგუფიდან ჯგუფში, რომელიც უწყვეტი პროცესია. მეორე პრობლემაა ის, რომ ექიმების მხრიდან არასწორად იწერებოდა რეცეპტები. ამაზე შევთანხმდით და გვექნება სათანადო რეაგირება. და მესამე ბლოკი საკითხებისა, რომელიც წამოაყენეს აფთიაქებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, არის ის, რომ უფრო მკაცრი კონტროლი დაგვეწესებინა იმ აფთიაქებისათვის, რომლებიც დარღვევით ახორციელებენ ამ რეგულაციას“.

დავით სერგეენკოს ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასევე ურჩევენ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეცეპტით გასაცემთა სიაში დარჩება, ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედოს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქრონიკული დაავადების მქონე და სოციალურად დაუცველ პაციენტებს სრულად დაუფინანსებს მედიკამენტების ხარჯს.

XS
SM
MD
LG