Accessibility links

logo-print

კალიფორნიული ჯგუფის "რედ ჰოტ ჩილი პეპერსის" შემოქმედებაში 1991-2006 წლების პერიოდი გამორჩეულად მიყვარს. იმხანად არტისტებს ზურგს პროდიუსერი რიკ რუბინი უმაგრებდა და მუსიკაც საოცრად ლაღი, დამანგრეველი ენერგიით სავსე გამოსდიოდათ. შემდეგ ეს თავაშვებული ფანკური ხულიგნობა თითქოს მობეზრდათ, დაცხრნენ და დამშვიდდნენ.

პროექტი "Stadium Arcadium" ბოლო გამოდგა, სადაც გვარიანად იხმაურეს. გახსოვთ, ალბათ, თუ როგორ გააწბილა დისკმა "I’m with You" მსმენელი. ჰოდა, სულ ახლახან კალიფორნიელებმა ხუთწლიანი დუმილი დაარღვიეს და კიდევ ერთხელ სცადეს თაყვანისმცემლების გული მოეგოთ.

ახალი სტუდიური პროექტის იდეა 2014 წელს გაჩნდა. მუსიკოსებმა 30-მდე სიმღერა გადაარჩიეს და მუშაობას შეუდგნენ, თუმცა ბასგიტარისტმა სნოუბოურდზე სრიალისას ხელი მოიტეხა და პროცესიც ამიტომ შეჩერდა. ენტონი კიდისის თქმით, რვათვიანი პაუზა მძიმე გამოდგა, რადგან რის ვაი-ვაგლახით დალაგებული გეგმები აერიათ და ერთგვარ შემოქმედებით ჩიხშიც მოექცნენ. მხსნელად ბრაიან ბერტონი მოევლინათ, რომელიც მუსიკალურ სამყაროში სასცენო ფსევდონიმით -"Danger Mouse"-ით - უფროა ცნობილი. პროდიუსერმა შერჩეული სიმღერები ნაგვის ურნაში მოისროლა და მუსიკოსები ახალი მასალის შექმნაზე დაიყოლია. აკუსტიკური მხარე ხმის რეჟისორმა ნაიჯელ გოდრიჩმა ჩაიბარა, ჯგუფ "რედიოჰედის" მეექვსე წევრად რომ მოიხსენიებენ. და აი, მიმდინარე წლის 17 ივნისს ლეიბლის "უორნერ ბრაზერსის" სამარკო ნიშნით გამოიცა 13 სიმღერისგან შემდგარი პროექტი "The Getaway".

ორიგინალური გამოდგა ალბომის გარეკანი, რომლის ავტორიც მხატვარი კევინ პეტერსონი გახლავთ. მან დრამერი ჩად სმითი - დათვად, ვოკალისტი ენტონი კიდისი კი ყვავად აქცია, ბასგიტარისტი ენოტად გარდაისახა, ხოლო გიტარისტი ჯოშ კლინგჰოფერი პატარა გოგონად მოგვევლინა. ამ უკანასკნელს ჯგუფის თავგადაკლული თაყვანისმცემლები ხშირად მწვავედ აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ბენდის საფირმო ბგერას ღალატობს და ფრუშანტეს ინსტრუმენტულ ხელწერას მისტირიან. შესაძლოა, "გოგონას" მართლაც არ გააჩნდეს ექსგიტარისტისთვის დამახასიათებელი ქარიზმა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ახალი ალბომის სმენისას დიდად ვერც განასხვავებ, თუ რომელი ინსტრუმენტალისტი ირჯება - ჯგუფის ძველი თუ ახალი წევრი. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სიმღერაში " The Hunter ", რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს "რედ ჰოტ ჩილი პეპერსისთვის" ჩვეულ სტილისტიკასთან - გიტარის რიფი ისეთ ძველ ჰიტებს მოგაგონებთ, როგორიცაა, მაგალითად, "Otherside" და "Can’t stop".

​ალბომში შესული ნაწარმოებებიდან კიდევ რამდენიმეს გამოვყოფდი. მაგალითად, "The Hunter" და "Dreams of Samurai" თითქოს ახალი, ექსპერიმენტული მუსიკალური ფორმების შექმნის მცდელობებია, თუმცა კიდისი ათასჯერ ნამღერი, გადაღეჭილი ფრაზებით მეტყველებს. სიმღერას "This Ticonderoga" "პეპერსისა და პროდიჯის" უცნაურ სინთეზს წააგავს. ყურადღების ღირსია "The Getaway"-ც. მის ინსტრუმენტულ თუ ვოკალურ ნაწილზე აუგი ნამდვილად არ ითქმის, თუმცა გიჩნდება მოლოდინი, რომ აი, ახლა, პირველივე მისამღერზე, სიმშვიდეს დაარღვევენ და ძველებურად ახმაურდებიან, უხეში, მძიმე ბგერებით აფეთქდებიან. მაგრამ არა, "The Getaway"-ში, ისევე როგორც "Go Robot"-სა და "Detroit"-ში, როკენროლი მკვდარია. ცალკე აღნიშვნის ღირსია კომპოზიცია "Sick Love", ზომიერად მელანქოლიური და მელოდიურად არცთუ ურიგო სიმღერა. ის იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ კლავიშზე თავად სერ ელტონ ჯონი გაისარჯა.

დიახ, ალბომი "The Getaway" თავისი კონცეფციითა თუ ხასიათით კარდინალურად განსხვავდება ყველა იმ პროექტისგან, რომელიც აქამდე შეუქმნიათ. შესაბამისად, მათი შედარება და ამ საფუძველზე პროექტის ავკარგიანობაზე მსჯელობა გაუმართლებელია. "The Getaway" დაღვინებული, ალბათ, უფრო გადაღლილი, ასაკში შესული არტისტების ნამოქმედარი და შემოქმედების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG