Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების ბედი წყდება


აზერბაიჯანში დღეს მიმდინარეობს რეფერენდუმი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. რეფერენდუმის ინიციატორია პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. კენჭისყრა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან აზერბაიჯანის ოპოზიცია აცხადებს, ცვლილებები კონსტიტუციაში ალიევის ძალაუფლების გამყარებას ემსახურებაო.

გადმოწერა

აზერბაიჯანის რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს, შევა თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში 29 ცვლილება. კენჭისყრაზე ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა ხმა მიეცა არა ცვლილებების ერთიანი პაკეტისათვის, არამედ დათანხმებოდა ან არ დათანხმდებოდა ცალ-ცალკე თითოეულ ცვლილებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი საპრეზიდენტო ვადის ხუთიდან 7 წლამდე გაზრდაა. თუ ამ ცვლილებას მიიღებენ, მაშინ ილჰამ ალიევი, რომელმაც აზერბაიჯანის მეთაურობა თავისი მამისგან 2003 წელს გადაიბარა, კენჭს, 2018 წლის ნაცვლად, 2020 წელს იყრის. 54 წლის პრეზიდენტს შემდეგ შეეძლება არჩევნები 7 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს, განუსაზღვრელად, რადგან საპრეზიდენტო ვადის რაოდენობის შეზღუდვა აზერბაიჯანში 2009 წელს გაუქმდა.

რეფერენდუმზე წამოყენებულ სხვა ცვლილებებს შორისაა შემოღება ორი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისა, რომლებსაც პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს. თუ მოქმედი პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს ქვეყნის გაძღოლას, მაშინ ძალაუფლება პირველ ვიცე-პრეზიდენტს გადაეცემა და არა, როგორც ახლაა, პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს. კიდევ ერთი ცვლილება უფლებას ანიჭებს პრეზიდენტს დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და წელიწადში ორჯერ დაითხოვოს პარლამენტი, თუ კანონმდებლები უნდობლობას გამოუცხადებენ მთავრობას.

აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ცვლილებები მეტ სტაბილურობას და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება, თუმცა, ოპოზიციის აზრით, ცვლილებები ალიევის ძალაუფლებას განამტკიცებს.

ასე მიიჩნევს ვენეციის კომისიაც, რომლის დასკვნით, თუ აზერბაიჯანი საკონტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, ის ამით დაასუსტებს ქვეყანაში პოლიტიკურ ოპოზიციას.

თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ვენეციის კომისიის დასკვნას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ კომისიამ დასკვნა ისე გააკეთა, რომ შეთავაზებულ ცვლილებებს არ გასცნობია.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რეფერენდუმის წინ მათი კრიტიკოსების ჩახშობის მცდელობის ახალი ტალღა ააგორა - მათი მტკიცებით, ბევრი აქტივისტი დააშინეს, დააკავეს, დააატიმრეს ან დააჯარიმეს.

კენჭისყრაზე მისულები კი დღეს აცხადებდნენ, რომ მსგავსი რეფერენდუმი დემოკრატიული პროცესის ნაწილია და სწორედ ამიტომ მივიდნენ რეფერენდუმზე.

აზერბაიჯანი ცვლილებებს მიიღებს, თუ მას კენჭისყრის მონაწილეთა 50 პროცენტზე მეტი დაუჭერს მხარს.

რეფრენდუმისთვის აუცილებელია ამომრჩევლების, სულ მცირე, 25 პროცენტის მონაწილეობა, თუმცა აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ შუადღეზე გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 30-მა პროცენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG