Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი ევროკავშირის დატოვების საკითხზე


რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში

რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს საყოველთაო რეფერენდუმი, რომლის მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ, დარჩება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროპის კავშირის შემადგენლობაში. დღევანდელ რეფერენდუმს წინ უძღოდა ევროკავშირის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ოთხთვიანი სააგიტაციო კამპანიები. რეფერენდუმში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა 46,5 მილიონმა ამომრჩეველმა, რომლებიც ხმათა უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტენ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის შემდგომი წევრობის საკითხს. რეფერენდუმის საბოლოო შედეგს 24 ივნისს, დილით, მანჩესტერის მერიის შენობაში გამოაცხადებს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ჯენი უოტსონი.

ევროკავშირის შემდგომ წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარება ბრიტანელ კონსერვატორთა ერთ-ერთი წინასაარჩევნო პირობა იყო. რეფერენდუმის ჩატარების განზრახვა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ჯერ კიდევ 2013 წელს დაადასტურა, შარშანდელი საყოველთაო არჩევნების შემდეგ კი მან ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებთან და ევროკომისიასთან დაიწყო მოლაპარაკება გაერთიანების რეფორმირებისა და დიდი ბრიტანეთის წევრობის პირობათა შეცვლის შესახებ. მოლაპარაკებამ კულმინაციას მიაღწია წელს თებერვალში, როცა ბრიუსელიდან ლონდონში დაბრუნებულმა კამერონმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება წევრობის ახალ პირობებზე და საყოველთაო რეფერენდუმის თარიღად 23 ივნისი დაასახელა.

თუ დღევანდელი რეფერენდუმის შედეგად ბრიტანელები გადაწყვეტენ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი უნდა დატოვოს, ქვეყანა ევროკავშირის წევრად დარჩება, სულ ცოტა, ორ წელიწადს. ევროკავშირის კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად, კავშირის დატოვების მსურველმა ქვეყანამ თავისი განზრახვა ოფიციალურად უნდა აცნობოს ბრიუსელს, რასაც მოჰყვება მოლაპარაკების დაახლოებით ორწლიანი პროცესი. მაგრამ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვალდებული არ არის, ბრიუსელს შეტყობინება გაუგზავნოს რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე, რის გამოც მოლაპარაკება, შესაძლოა, ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს.

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენას მხარს უჭერენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კონსერვატორი დევიდ კამერონი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი და ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ტიმ ფარონი. მათი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა დიდ ბრიტანეთს ეკონომიკურსა და პოლიტიკურ უპირატესობებს ანიჭებს. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეწინააღმდეგებიან მსხვილი კომპანიებიც. რაც შეეხება ევროკავშირში დარჩენის მოწინააღმდეგეებს, მათი მთავარი არგუმენტი მიგრაციით გამოწვეული კრიზისია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG