Accessibility links

logo-print

„სიმბოლური რეფერენდუმი“ კატალონიაში


რეფერენდუმის კენჭისყრის პროცესი

რეფერენდუმის კენჭისყრის პროცესი

კატალონიაში 1,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მიემხრო ესპანეთისგან დამოუკიდებლობას. ასეთია კვირას გამართული სიმბოლური რეფერენდუმის შედეგი, რომელიც, როგორც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები იმედოვნებენ, გაამყარებს მათ პოზიციებს. რეფერენდუმს „სიმბოლურად“ მოიხსენიებენ იმის გამო, რომ ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას ის წინასწარვე უკანონოდ ჰქონდა გამოცხადებული. შესაბამისად, კატალონიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი კანონებზე არ აისახება.

გსურთ თუ არა, რომ კატალონია იყოს სახელმწიფო? გსურთ თუ არა, რომ ამ სახელმწიფომ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს? - ეს ორი შეკითხვა დაუსვეს კატალონიის მკვიდრთ, რომლებიც 9 ნოემბერს გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ. წინასწარ დაწესებული სამართლებრივი შეზღუდვების გამო გამოკითხვა ადგილობრივი არასამთავრობო გაერთიანებების მიერ იყო ორგანიზებული. რეგიონის მმართველთა მონაცემებით, ზემოხსენებულ ორივე შეკითხვას დადებითად უპასუხა რეფერენდუმზე მისულების 80,7%-მა.

კატალონიაში - ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში მდებარე მდიდარ რეგიონში - ელექტორატი 5,4 მილიონამდე ადამიანისაგან შედგება, თუმცა რეფერენდუმზე, რომელიც კატალონიელებისათვის (და არამარტო მათთვის) ფრიად მნიშვნელოვან თემას ეხება, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები, 2,23 მილიონი კაცი, მივიდა.

რეგიონის პრეზიდენტი არტურ მასი მაინც ისტორიულ წარმატებაზე ლაპარაკობს: „ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა მძიმე პირობებში, რთულ პირობებში. ჩემი აზრით, ელექტორატის მონაწილეობა საუცხოო იყო, არაჩვეულებრივი, შთამბეჭდავიც კი“, - განაცხადა ბარსელონაში არტურ მასმა, რომელიც მადრიდს მოუწოდებს რეგიონის სტატუსზე მოლაპარაკებისაკენ.

„თუ ესპანეთის მთავრობას არ სურს მაგიდასთან დაჯდომა საუბრის დასაწყებად, მოლაპარაკებების დასაწყებად, შეთანხმებების მისაღწევად, მაშინ ახლო მომავალში მოგვიწევს ამ ინსტრუმენტის, არჩევნების გამოყენება საიმისოდ, რომ ვცადოთ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება და იმის დადგენა, თუ რამდენად დიდია კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი უმრავლესობა“, - ამბობს რეგიონის პრეზიდენტი, რომელიც, როგორც ეს განცხადება მიანიშნებს, შემდეგ ჯერზე აღარ დასჯერდება „სიმბოლურ რეფერენდუმს“.

მადრიდიდან გამოხმაურება კრიტიკულია. ესპანეთის იუსტიციის მინისტრი რაფაელ კატალა კატალონიის რეგიონის პრეზიდენტს ბრალად სდებს, რომ ჩაატარა „წმინდა წყლის პოლიტიკური პროპაგანდის აქტი, ყოველგვარი დემოკრატიული ლეგიტიმურობის“ გარეშე. მინისტრის თქმით, მადრიდში მთავრობამ შესაძლოა მიმართოს მეტ სამართლებრივ ზომას კენჭისყრის საწინააღმდეგოდ. მანამდე, რეფერენდუმის ჩატარებამდე, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის უკანონოდ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ მიმართა საკითხის შეფასების თხოვნით.

კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის საკითხი ორი წელია დაძაბულობას იწვევს ცენტრალურ და რეგიონის მთავრობებს შორის. მადრიდში განმარტავენ, რომ კატალონია, რომლის მკვიდრნიც ესპანეთის მოსახლეობის 16%-მდე შეადგენენ, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მთელ ესპანეთს შეეხება.

„არ არსებობს რეგიონის, პროვინციის ან ადგილობრივი სუვერენიტეტები. ისინი არ არსებობს, ვერ შეიქმნება და ვერ იქნება აღიარებული კონსტიტუციის ფარგლებში“, განმარტავდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი პარლამენტში წელს, 8 აპრილს, გამოსვლისას.

„და ნურაფერს მეტყვით შოტლანდიაზე, რადგან, როგორც იცით ან უნდა იცოდეთ, ეს შემთხვევა სრულიად განსხვავებულია, ისტორიულად თუ კონსტიტუციურად“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა. მან შოტლანდია ახსენა და საინტერესოა, რომ საქართველოში სეპარატიზმის პრობლემას რაც შეეხება, მაგალითად, აფხაზეთში დიდ ინტერესს იწვევდა შოტლანდიაში დამოუკიდებლობის საკითხზე წელს 18 სექტემბერს გამართული რეფერენდუმი, მაშინ როცა კატალონიაში გამოკითხვას ყურადღება არ მიუპყრია.

ჩვენი რადიოს რუსულენოვანი რედაქციის, “ეხო კავკაზას“ რედაქტორ დემის პოლანდოვს ვკითხე, აფხაზეთში ადევნებენ თუ არა თვალს კატალონიაში მიმდინარე პროცესებს.

„განსაკუთრებულ ინტერესს ვერ ვამჩნევ საზოგადოებას, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, სოციალურ ქსელებში რაც ხდება“, ამბობს დემის პოლანდოვი და განაგრძობს: „მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი, ვინც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, ისინი თვალს ადევნებენ ამ პროცესს. ყოველ შემთხვევაში, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში სამინისტროს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ძალიან აინტერესებთ ევროპაში ამ ტიპის გამოკითხვებისა და რეფერენდუმების შედეგები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გამოკითხვა - მით უმეტეს, არაოფიციალური - ვერ მიიპყრობდა ისეთ ყურადღებას, როგორც ეს იყო შოტლანდიის შემთხვევაში, რადგან იქ ოფიციალური რეფერენდუმი იყო“.

შოტლანდიაში რეფერენდუმი, რომელიც, როგორც ჩვენთან საუბარში დემის პოლანდოვმა დაადასტურა, აფხაზეთში დიდ ინტერესს იწვევდა, როგორც ცნობილია, ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის უარყოფით დასრულდა. კატალონიის შემთხვევაში გამოკითხულთა უმრავლესობამ, მართალია, მხარი დაუჭირა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას, მაგრამ რეფერენდუმი, როგორც ითქვა, წინასწარვე უკანონოდ იყო გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG