Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედის სხივი 122-ე კოტეჯში


კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 122-ე კოტეჯში, ტოლიაშვილების ოჯახი ცხოვრობს. სუფთად მოწყობილი სახლი, მიმატებული სათავსოთი და წინა გადახურვით. ოჯახის უფროსი, 40 წლის არჩილ ტოლიაშვილი, ამბობს, რომ 2014 წელს ამ სახლს კიდევ რამდენიმე ოთახს მიუმატებს. შესასვლელში ღორის ბარკალი კიდია. დიასახლისი ხაჭაპურებს აცხობს. თეა ტოლიაშვილი ამბობს, რომ ოჯახი ტრადიციას არ კარგავს და ცდილობს ისე შეხვდეს ახალ წელს, როგორც ამას 6 წლის წინ სოფელ ქსუისში აკეთებდნენ.

ოჯახის უფროსი არჩილ ტოლიაშვილი საკუთარი ღვინით თავს იწონებს - გორული მწვანის და თავკვერის ბუკეტიაო. პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას ამბობს:

„პირველი რაცაა, მშვიდობაა. თუ ჯანმრთელი იქნები და მშვიდობა გექნება ადამიანს, ყველაფერი იქნება. ომში რომ გაატარებ, ვერც მშვიდობას დაილოცები და ვერც ჯანმრთელობას ვერ ისურვებ. იყო დრო, სანამ ჩვენი ჯარი შემოვიდოდა, ტყვია წვიმდა, ერთი კვირა პადვალში ვისხედით. ორჯერ მე თვითონ გადარჩენილი ვარ. თუ მშვიდობა არ იქნება, არაფერს აზრი არ აქვს, არც აშენებას და არც ქორწილს“.

იქ იყო სიგიჟეები, თითო წელიწადს 20-მდეც კი ავდიოდით, ღორის პანაშვიდებზე რომ დავდიოდით ხოლმე. ერთმანეთში გადაპატიჟება და ზოგჯერ დღეში 2-3 ღორიც დაგვიკლია...
არჩილ ტოლიაშვილი
შემდეგ ახალ წელს ლოცავს და იმ წლებს იხსენებს, რომლებსაც სოფელ ქსუისში ატარებდა, სადაც ქართველები და ოსები ერთად ხვდებოდნენ ყველა დღესასწაულს. ახალ წელს იყო ერთმანეთში გადაპატიჟება და შობამდე დროს ქეიფში ატარებდნენ:

„იქ იყო სიგიჟეები, თითო წელიწადს 20-მდეც კი ავდიოდით, ღორის პანაშვიდებზე რომ დავდიოდით ხოლმე. ერთმანეთში გადაპატიჟება და ზოგჯერ დღეში 2-3 ღორიც დაგვიკლია. ჩვენთან 70 პროცენტი შერეული ოჯახები იყო. დიდი ძმაკაცობა გვქონდა, მისვლა-მოსვლა. ხაჭაპურები იცოდნენ ოსებმა, ისევ პირში მაქვს იმის გემო. ქართველსა და ოსს შორის იყო ძალიან დიდი ძმობა“.

არჩილ ტოლიაშვილი გარდაცვლილებსაც იხსენებს. 18 წლის იყო, როცა დაობლდა. მამა ეროვნულ მოძრაობაში იყო. 1991 წელს ცხინვალში დაიჭირეს და მოკლეს. ამის შემდეგ აჩიკომ და მისმა ძმებმაც ხელში იარაღი აიღეს და ოს მეგობრებთან კონტაქტი გაწყვიტეს, მაგრამ მოგვიანებით ურთიერთობა აღდგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერგნეთში ბაზრობა გაიხსნა. მაგრამ 2008 წელმა ისევ ყველაფერი წაშალა. ახლა ყველაზე მეტად მამის საფლავზე გასვლა უნდა. იქ დარჩენილი ქონებიდან კი პედაგოგი დედის მიერ შეგროვილი ბიბლიოთეკა ენანება.

ქართველი გლეხის ბუნება ასეთია, ვერ მოისვენებს, დაუდეგარია. დარდს რომ მიეცე, ილია ჭავჭავაძის არ იყოს, უნდა დადგე და ჭაობში უნდა ამყაყდე და შიგ ჩაშმორდე...
არჩილ ტოლიაშვილი
2008 წლის ომის შემდგ ტოლიაშვილების ოჯახისთვის ახალი ცხოვრება გორში დაიწყო, მაგრამ ოჯახის უფროსი არ დავარდა. სოფელში ნასწავლი სამშენებლო საქმე გაიხსენა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტში ჩაება. ახლა მეგობრებთან ერთად დასახლების სამეზობლო ამხანაგობა შექმნა. ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ სამუშაო იარაღები გადასცა და ოჯახის ხელმარჯვე უფროსმა საკუთარი კარ-მიდამოს მოწყობა და მეზობლების დახმარებაც დაიწყო. ამხანაგობის მიზანია დევნილების გააქტიურება, პრობლემების გამოკვეთა და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება. არჩილს მთავრობის მიერ მიცემულ მიწის ნაკვეთზე მოსავალი მოჰყავს. ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის, არ ჩერდება და მიღწეულით არ კმაყოფილდება:

„ქართველი გლეხის ბუნება ასეთია, ვერ მოისვენებს, დაუდეგარია. დარდს რომ მიეცე, ილია ჭავჭავაძის არ იყოს, უნდა დადგე და ჭაობში უნდა ამყაყდე და შიგ ჩაშმორდე. ამას ჯობია ისევ ხელი გაანძრიო და წინ წახვიდე. ღმერთო, მიშველეო, და შენც ხელი გაიქნიეო“.

ჩვენს საუბარს აჩიკოს შვილები - 16 წლის როლანდი და 12 წლის ხატია - ყურადღებით ისმენენ. როლანდს 6 წლის წინანდელი, სოფელში დარჩენილი ველოსიპედი ისევ ახსოვს, ხატია კი ახალ გარემოს სწრაფად შეეჩვია.

კაცი თუ მოინდომებს და ხელს გაანძრევს, მშიერი არ დარჩებაო, ამბობს ოჯახის უფროსი. მის უახლოეს გეგმებში სახლის წინ ხეივნის გაშენება შედის. სჯერა, რომ საკუთარ სოფელს ისევ დაუბრუნდება, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ჯერ ვერ მოხდება. შვილებს ხშირად ესაუბრება სოფელ ქსუისზე, წინაპრებზე და იქაურ ამბებზე. ძალიან უნდა, რომ მათ მეხსიერებაში ეს სოფელი დიდხანს დარჩეს.
XS
SM
MD
LG