Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გადარჩენის მოლოდინშია


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ამ დროისთვის სავალალო მდგომარეობაშია. სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი განადგურებულია, დამშრალია ბაღის შუაგულში განთავსებული ტბა, სადაც თევზების ნაცვლად ახლა მხოლოდ ბაყაყები ბინადრობენ.

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, პარკის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დროდადრო მოწყობილ დასუფთავების აქციებს.

ბოტანიკური ბაღი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აცხადებდნენ, რომ მისი მოვლა-პატრონობა მათ კომპეტენციაში არ შედის. პარკის მდგომარეობა არც 2011 წელს შეცვლილა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთრებაში გადასცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ კოორდინატორი ზუგდიდში ვახტანგ ბასილაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ არაერთხელ მიმართა ზუგდიდის გამგეობას და საკრებულოს პარკში მცენარეების გადასარჩენად ღონისძიებების გატარების თხოვნით, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ვახტანგ ბასილაია მიიჩნევს, რომ გარდა დასუფთავებისა, ბაღში განაღმვითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რადგან 2008 წელს რუსული ჯარის ნაწილი სწორედ ბაღთან მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში იყო განლაგებული:

„შესაძლებელია რაღაც ნაღმი სადმე ჩამარხულია. იცით, ამაზე რა მიპასუხეს? ნაღმი რომ ყოფილიყო, ამდენხანს აფეთქდებოდაო. არ არის ეს ასე. შესაძლოა ნაღმი 20-25 წლის შემდეგ აფეთქდეს. ადრე ბოტანიკურ ბაღს დირექტორი, ბუღალტერი და სამეცნიერო საბჭო ჰყავდა, ახლა არაფერი არ ჰყავს. მცენარეები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ამას სჭირდება შეწამვლა“.

ვახტანგ ბასილაიას თქმით, საფრთხე ემუქრება ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულ ორ ისტორიულ ძეგლს:

„ხეებით, ტოტებით გადაფარულია ეს ისტორიული ძეგლები და ქარის, თოვლის ან წვიმის დროს შესაძლებელია ჩამოტყდეს და დააზიანოს ისინი“.

ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ ბაღში არსებული მდგომარეობის შესასწავლად უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, თუ რომელი ხე ექვემდებარება ლიკვიდაციას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ ბაღის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გაწმენდა არასამეწარმეო იურიდიულ პირს - კეთილმოწყობის ცენტრს - უკვე დაევალა. მისივე თქმით, ბაღს პირვანდელი სახე დაუბრუნდება:

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ბაღი იყო უპატრონო და თითქმის მოშლილია ყველაფერი. უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ამ დაავადებულ ხეებს და გაიწმინდება. მოიძებნება რაღაც თანხები და ბაღი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერჯერობით თანხა განსაზღვრული არ არის. ამ ეტაპზე ის სამუშაოები ჩატარდება, რასაც თანხა არ სჭირდება. ადგილობრივი სამსახურები ჩვენი ძალებით და ჩვენი ტექნიკით მუშაობენ“.

კეთილმოწყობის ცენტრის მთავარი სპეციალისტის ანზორ ჩახაიას განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები ტბის გასუფთავებით უკვე დაიწყო, რის შემდეგაც წყლის არხები გაიწმინდება:

„პირველ რიგში, მიმდინარეობს ტბის ამოწმენდა, რაც 25 წელია, არ გაკეთებულა. შემდეგ მივყვებით არხების ამოწმენდას“.

ანზორ ჩახაიას განცხადებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში წყლის არხების ძირითადი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება მიმდინარე კვირაში არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG