Accessibility links

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში წელს გორის რაიონისთვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი გამოიყო. ეს პროგრამა წლების განმავლობაში როგორც საზოგადოების, ისე ეკონომიკური ექსპერტების კრიტიკის საგანი იყო, რადგან პრიორიტეტების გამოკვეთაში საზოგადოება არ მონაწილეობდა. მაგალითად, პირველ წელს გორის რაიონის სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად ტრანსპორტის მოსაცდელებისა და მინიმოედნების მოწყობა დასახელდა, მაშინ როცა სოფლებს წყლის, გზისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის პრობლემები აწუხებდა. აშკარა იყო, რომ ხალხის მაგივრად გადაწყვეტილებას სხვა იღებდა. გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ეს პროგრამა ფულის გათეთრების საშუალებად იქცა.

ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. ახლა სოფლებში პროირიტეტების გამოსაკვეთად სასოფლო კრებები მართლა იმართება და ადგილობრივი მოსახლეობა ხელმოწერით ადასტურებს თავის მიერ გამოკვეთილი პრობლემის გადაჭრის სურვილს. წელს, სოფლებში ჩატარებული კრებების შედეგად, მრავალფეროვანი სურათი შეიქმნა. სოფლების დიდი ნაწილი გაზიფიცირებას ითხოვს, ზოგან წყლის სისტემის აღდგენას, ზოგან შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას, ზოგან კი რიტუალების სახლის აშენებას მოითხოვენ.

გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. სიახლე ამ პროგრამაში კიდევ ისაა, რომ კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოს მთავრობა არ ჩაიბარებს, თუკი სამშენებლო ხარვეზებს აღმოაჩენს. კარალეთის მცხოვრები ხათუნა ხათაშვილი გასულ წელს სოფელში აშენებული რიტუალების სახლის ხარისხით უკმაყოფილოა. მისი აზრით, საზოგადოება მარტო პრიორიტეტის გამოკვეთაში კი არა, კონტროლის განხორციელებაშიც უნდა იყოს ჩართული და შესრულებული სამუშაო დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც უნდა შეაფასონ.

სასოფლო კრებების მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტებისთვის ახლა პროექტების შედგენა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება მიმდინარეობს. გორის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების ინტერესი ამ პროგრამაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია, კონტროლი კი ძალზედ მკაცრი იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრმა“ პრიორიტეტების გამოკვეთის სპეციალური სისტემა შეიმუშავა და, რეკომენდაციის სახით, ხელისუფლებას გადასცა. ხელისუფლებამ რეკომენდაცია გაიზიარა. ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის და მთავრობამ ახლა პროექტირებისა და მონიტორინგის პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უნდა უზრუნველყოს.

სოფლის დახმარების პროგრამა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივი მცხოვრებლების აზრით, საარჩევნო წელს ხელისუფლება ეცდება, რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს და სალაპარაკო აღარ გახდეს, თუმცა ამ პროგრამის ლაქად მაინც რჩება შიდა ქართლში, ქარელის რაიონის ერთ სოფელში, ერთ წელიწადში ჩამონგრეული რიტუალების სახლი და თითქოს შეკეთებული, მაგრამ ისევ გაუვალი გზები.
XS
SM
MD
LG