Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორის რაიონის 6 სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა


გორის რაიონის 6 სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა. ამის მიზეზი გაჭიანურებული სარეაბილოტაციო სამუშაოებია. რუსული ავიაციის მიერ გასული წლის აგვისტოში დაბომბილი გორის მეშვიდე სკოლის ერთი ფლიგელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრისთვის დასრულდება და სასწავლო პროცესი ორ ცვლად განახლდება. სკოლის დირექტორის ნოდარ იარღანაშვილის თქმით, ყველა სამუშაო წლის ბოლომდე დასრულდება.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ანა იმნაძის განცხადებით, ქვემო ნიქოზის სკოლის მოსწავლეებს კიდევ ერთ წელს ზემო ნიქოზის სკოლაში მოუწევთ სიარული, რადგან მათი სკოლა ომის დროს დაინგრა და 2010 წლამდე ვერ აშენდება.

ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდნენ საჯარო სკოლები. სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახის შვილები სახელმწიფოსგან 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ოქტომბრამდე განათლების სამინისტროს დასახმარებელთა სრული სია უკვე ექნება; სიახლეა ისიც, რომ დევნილი პედაგოგების ნაწილი გორის რაიონის სკოლებში დასაქმდა.

სამი დევნილი პედაგოგი დაასაქმა გორის მე–9 საჯარო სკოლამ. სკოლის დირექტორის მარინე მახარაშვილის განცხადებით, სკოლის პედკოლექტივი ახალ მასწავლებლებს შეძლების ფარგლებში დაეხმარება, რათა მათ ახალ გარემოში ადაპტაცია უპრობლემოდ მოახერხონ.

რესურსცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი, ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის გარდა, ყველა სკოლაში სრული დატვირთვით წარიმართება.
XS
SM
MD
LG