Accessibility links

logo-print

სწავლის დაწყების სამზადისი და გათავისუფლებული რუსულის მასწავლებლები


გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა

გორის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება უკვე მიმდინარეობს. მე-3 საჯარო სკოლაში თბილისიდან პირველკლასელებისთვის ნეტბუკები უკვე ჩამოიტანეს და აქედან ხდება მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში განაწილება. ნეტბუკების ჩამოტანამ ერთი პრობლემა წამოსწია წინა პლანზე. საქმე ისაა, რომ რიგ სკოლებში პირველკლასელებისთვის დახრილზედაპირიანი მერხებია გათვალისწინებული. ასეთი მერხები კი პატარებისთვის მოუხერხებელია და შესაძლოა ამას კომპიუტერების დაზიანებაც კი მოჰყვეს, ამიტომ საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ახალი ავეჯის მოთხოვნის შესახებ განაცხადი განათლების სამინისტროში უკვე გაგზავნა. მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატო შოშიაშვილმა ნეტბუკთან მუშაობისთვის შესაბამისი მომზადების 10 დღიანი კურსი გაიარა.

სოფელ სათემოს სკოლაში წელს სიახლე ის იქნება, რომ იქ ინგლისური ენის უცხოელ მასწავლებელს ელოდებიან. როგორც სკოლის დირექტორმა იოსებ მთვარელიძემ გვითხრა, სკოლა სწავლის დასაწყებად უკვე მზადაა.

სკოლებში ინგლისური ენის საათები იზრდება, რუსული ენისა და ლიტერატურის საათები კი მცირდება. შესაბამისად, ბევრი რუსულის მასწავლებელი ახალ სასწავლო წელს სკოლაში აღარ წავა. განათლების რესურსცენტრმა სამინისტროდან მიიღო მითითება, რომ მცირესაათიანი პედაგოგები სკოლებში ვეღარ დარჩებიან, ასეთ კატეგორიაში მოხვდნენ დევნილი მასწავლებლებიც. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შალვა სრესელი აცხადებს, რომ სკოლები განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ და გამონაკლისებს ვერ დაუშვებენ.

ახალ სასწავლო წელს სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვები სახელმძღვანელოებს განათლების სამინისტროსგან უფასოდ მიიღებენ. სასწავლო პროცესი წელსაც ვერ დაიწყება ქვემო ნიქოზის საბაზო სკოლაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაბომბვისას დაინგრა. ქვემო ნიქოზის მოსწავლეები ახლა ზემო ნიქოზის სკოლაში, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დადიან. ნიქოზელებმა ცოტა ხნის წინ ხელისუფლების მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ მომავალ სასწავლო წელს ზარი ქვემო ნიქოზის სკოლაშიც დაირეკება.
XS
SM
MD
LG