Accessibility links

logo-print

რეორგანიზებული სკოლების პრობლემები


ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლა

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლა

ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. რადიო თავისუფლება იმ პროცესებით დაინტერესდა, რომლებიც ქალაქის რეორგანიზებულ სკოლებში მიმდინარეობს. ივლისის თვეში, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მე-12 და მე-18, 25-ე და მე-4 და მე-15 და 27-ე საჯარო სკოლები გაერთიანდა. სკოლების შეერთების მიზეზად მათი მცირე კონტინგენტი დასახელდა.

როგორც მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამილა გაბუნიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რეორგანიზაციის შემდეგ სკოლაში პრობლემები შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შენობა გათვლილია 800 ბავშვზე და შეერთებული სკოლების მოსწავლეებს დაიტევს, შენობა საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, რადგან თითქმის 50 წელია კოსმეტიკურის გარდა სხვა სარემონტო სამუშაოები არ ჩასტარებია.

„გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ სკოლაში კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. თავდაპირველად სკოლა 1200 მოსწავლეზე იყო გათვლილი, შემდეგ ნაწილი დაიწვა და, დღევანდელი მონაცემებით, 800 მოსწავლეს იტევს, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, განსაკუთრებით შენობის მესამე სართულზე. ჯერჯერობით არაფერს გვპირდებიან და რა იქნება, არ ვიცით“, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამილა გაბუნია. მისივე თქმით, სკოლა საჭიროებს ახალ ინვენტარსაც, რადგან არსებული მერხები და ავეჯი არასაკმარისი და მოძველებულია.

„უმჯობესია, რომ იყოს ახალი ინვენტარი. ჩვენ გვაქვს პირველი-მეორე საფეხურის მოსწავლეებისთვის 200 ახალი მერხი, რომელიც გასულ წელს სკოლებში დარიგდა. მე-18 სკოლიდანაც 200-მდე მერხი გადმოიტანეს დაწყებითისა და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, მაგრამ ყველასთვის საკმარისი არაა“, - აღნიშნავს თამილა გაბუნია.

როგორც რეორგანიზებული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რადიო თავისუფლებას განუმარტავს, პედაგოგები ახალი სასწავლო წლიდან სერტიფიცირების შედეგების მიხედვით დასაქმდებიან, რაც, თავის მხრივ, შემცირებებს გამოიწვევს.

„ჯერ არა გვაქვს მონაცემები, რამდენმა მასწავლებელმა ჩააბარა გამოცდები ორივე საგანში და გახდა სერტიფიცირებული. განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ რიგში სერტიფიცირებული პედაგოგი უნდა დავასაქმოთ. ვფიქრობ, რომ ორივე სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგების პროცენტი მაღალი იქნება. ძალიან გაჭირდება პედაგოგების დასაქმება და, ალბთ, მათი დიდი ნაწილი დატოვებს სკოლას, რაც ძალიან რთული პროცესია“, - ამბობს მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამილა გაბუნია.

რადიო თავისუფლებასთან 25-ე და მე-4 საჯარო სკოლების რეორგანიზაციით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს 25-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელენე ბუაძე. მისი თქმით, მდებარეობის შეცვლის გამო სკოლა მოსწავლეთა ნაწილმა დატოვა. ამასთან, ყოფილ მე-4 საჯარო სკოლის შენობაში ვერ მოხერხდა ინკლუზიური სწავლების ჯგუფისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა შვილები სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

„ყოფილ 25-ე სკოლის შენობაში ინკლუზიური სწავლების ჯგუფს ორი საკლასო ოთახი ეკავა - სასწავლო და მოსასვენებელი, ეტლით გადაადგილებისთვის ყველანაირი პირობა იყო შექმნილი სველ წერტილებშიც კი. აქ ეს ვერ მოხერხდა. ქუთაისში რამდენიმე სკოლა იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მშობლებმა ბავშვები იქ გადაიყვანეს კიდეც“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ელენე ბუაძემ და დასძინა, რომ გაერთიანების შემდეგ ყოფილი მე-4 სკოლის დაზიანებული სახურავი შეკეთდა და ამჟამად საკუთარი ძალებით საკლასო ოთახებში მცირე კოსმეტიკურ სამუშაოებს ასრულებენ.

საჯარო სკოლების პედაგოგები 2 სექტემბრამდე კუთვნილი შვებულებით სარგებლობენ. როგორც საჯარო სკოლებში აცხადებენ, მათი სამსახურში გამოცხადების შემდეგ დაიწყება სასწავლო ბადის შექმნა და საათების გადანაწილება.
XS
SM
MD
LG