Accessibility links

logo-print
იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოყოფილი ვაუჩერების დარიგება გრძელდება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში განმარტავენ, ოჯახებისთვის, რომლებმაც ვაუჩერები პირველ ეტაპზე ვერ მიიღეს, დამატებითი სიები შედგა და კუთვნილ ვაუჩერებს ისინი უახლოეს დროში მიიღებენ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ კვატაიას განმარტებით, თერჯოლის სოფლებში 11 ათასმა ოჯახმა მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი და მათ ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მიწის დასამუშავებლად იყენებს.

მიტუშა ბაბუნაშვილს სოფელ ქვიტირში საოჯახო მეურნეობა აქვს. როგორც თავად ამბობს, მიწის დამუშავებას თებერვლის თვის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. მისივე გაანგარიშებით, ერთ ჰექტარ მიწაზე პროდუქტის მოსაყვანად 600 ლარამდე თანხაა საჭირო.

30 ლარად ვიყიდი 12 ლიტრ საწვავს და რისთვის მეყოფა?

„მომყავს სიმინდი, კიტრი, პომიდორი, საზამთრო, ოხრახუში, ქინძი, ყველაფერი ცოტ-ცოტა. ერთი ჰექტარი მიწა რომ მოგიხნას ტრაქტორისტმა, 60 ლიტრი საწვავი უნდა მიუტანო და 80 ლარი უნდა გადაუხადო. ერთი დახვნა არ ჰყოფნის, მეორედაც უნდა გადახვნა და 300 ლარი მარტო ამ სამუშაოებისთვისაა საჭირო. 1 შეკვრა სასუქი ღირს 50 ლარი. წელს 10 შეკვრა მაინც მჭირდება. 30 ლარად ვიყიდი 12 ლიტრ საწვავს და რისთვის მეყოფა?“ - კითხულობს მიტუშა ბაბუნაშვილი.

იმერელი გლეხები ამბობენ, რომ სოფლებში მოსავლიანი მიწების დიდი ნაწილი რამდენიმე მიზეზით რჩება დაუმუშავებელი:

„პატრიკეტსა და ოფშკვითში ძირითადად სათბურები აქვთ, მწვანილი მოჰყავთ და იმდენი გაჭირვება არა აქვთ. მე წარმოშობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევიდან ვარ და ჩვენთან ძალიან უჭირთ მიწის დამუშავება. მიტოვებულია 80% და ის 30 ლარი არ ღირს დსამუშავებლად, ძალიან ცოტა თანხაა. გამოვიყენებთ საწვავზე და დაამუშავებს 6 კვალს. 6 კვალი ნახევარი ჰექტარიც არაა და მისი დამუშავება არასაკმარისია. შემოსავალი, პენსიის გარდა, არაფერი გვაქვს და სამსახურები არაა და ახალგაზრდობა გამოქცეულია, წამოსულია.“

„დღეს თუ მოვჭერი 100 კილოგრამის ნაცვლად 1 კილოგრამი ქინძი, რომ უნდა გამეყიდა 1 ლარად, ვყიდი 20 ლარად კილოგრამს. არ ჯობია ბევრი მოვიწიო და იაფად გავყიდო? მომხმარებელიც იყიდის და ახლა უნდა და ვერ ყიდულობს.“

„ტექნიკა არაა, ტრაქტორები მოძველებულია. ერთ დღეს რომ იმუშავებს, სამი დღე გაფუჭებულია. სოფელში არის ერთი ან ორი მოძველებული ტრაქტორი, რაც არაა საკმარისი“, - ამბობენ გლეხები და დასძენენ, რომ ტექნიკის შესაძენად იაფი კრედიტის გამოყოფა სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გლეხებს 30 ლარიანი ვაუჩერის გადაცვლა საწვავსა და სასუქზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შექმნილ სერვისულ ცენტრში შეუძლიათ. თუ მფლობელი ვაუჩერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ გამოიყენებს, ან არ გააჩუქებს, საშუალება ექნება 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრემდე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში გაანაღდოს.
XS
SM
MD
LG