Accessibility links

სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერის განაღდება უკვე შესაძლებელია. ვაუჩერის გამოყენება მის მფლობელს მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის ან სასუქის შესაძენად შეეძლება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაუჩერის მოქმედების ვადა წლის ბოლომდეა, ივნისიდან კი ”ლიბერთი ბანკის” ფილიალებში გამოუყენებელი ვაუჩერის თანხით განაღდება იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ინიციატივის ოპონენტები აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. რას ფიქრობს ვაუჩერების შესახებ თავად სოფლის მოსახლეობა?

ხელისუფლებას ეს ინიციატივა, რომლის შესახებაც გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაუჯდა. 800 000-მდე 30 ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში გაიცა.
ხელისუფლებას ეს ინიციატივა, რომლის შესახებაც გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაუჯდა.

ვაუჩერის გამოყენება მის მფლობელს მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მოხვნა და სხვ...) ან სასუქის შესაძენად შეეძლება. სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში ვალერი გორგიშელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში სოფლის მოსახლეობის მიერ ვაუჩერის განაღდების მექანიზმზე ლაპარაკობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 20 ათასი ვაუჩერი გაიცა:

“ვაუჩერები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვაწოდა. ახლა მიმდინარეობს ვაუჩერების მექანიზატორების მიერ განაღდება. ასევე მიმდინარეობს ვაუჩერებით სასუქის შეძენა. სასუქს ის აგრომარკეტები გასცემენ, სადაც პესტიციდი და სასუქი იყიდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ასეთი დაახლოებით 15-20 მაღაზიაა”, - ამბობს ვალერი გორგიშელი.

კახელი გლეხების უმრავლესობამ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უკვე მიიღო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებულ მცირე გამოკითხვაში სოფელ დიდი ჩაილურის გლეხებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი აზრები ვაუჩერებთან დაკავშირებით ორად იყოფა, თუმცა იმაზე კი თანხმდებიან, რომ 30 ლარი ბევრით არაფრით დაეხმარებათ:

- 30 ლარიან ვაუჩერებს არიგებენ და ესენი კიდევ დგანან და ტაშს უკრავენ.
- ეგეც რომ არ მოეცათ?
- რა მოგდის 30 ლარად, აბა, მითხარი?
- მარილი მომდის...
- დაგვირიგეს ვაუჩერი და მადლობლები ვართ. საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. აბა, როგორ იქნება საკმარისი, ერთი ტომარა სასუქიც კი არ მოდის, მაგრამ ნახევარი ტომარა ხომ მოდის და ეგეც მადლია, გლეხისათვის, ლარიც რომ ვინმემ გაჩუქოს, ეგეც რაღაცაა.
- რა არის, აბა, 30 ლარი? 13 ლიტრი „სალიარკით“ ნახევარ ჰექტარ მიწას დაამუშავებო... როგორ დავამუშავებ, აბა?

დუშეთის რაიონში მცხოვრებმა გიულიმ 30 ლარიანი ვაუჩერი უკვე მიიღო. ის ამ ვაუჩერით „სალიარკის“ ყიდვას გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ 30 ლარით მხოლოდ 15 ლიტრამდე საწვავი მოუვა, რაც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც გლეხს საერთოდ ეხარჯება მიწის დასამუშავებლად და მოსავლის მისაღებად:

ამ 30 ლარით დაახლოებით 15 ლიტრი „სალიარკა“ მომდის, არც კი. ზღვაში წვეთია...

”მიწას მარტო მოხვნა ხომ არ უნდა, სხვაც ბევრი რამე სჭირდება. ამ 30 ლარით დაახლოებით 15 ლიტრი „სალიარკა“ მომდის, არც კი. ზღვაში წვეთია”...

ნინო წიკლაური, სოფელ ჭართლიდან კი, ამბობს, რომ პირველ ივნისს დაელოდება და 30 ლარიან ვაუჩერს ბანკში გაანაღდებს.

”ჩვენ პატარა ნაკვეთი გვაქვს და მიწას ხელით ვამუშავებთ, არც სასუქს ვიყენებთ, ამიტომ ივნისის მერე ვაუჩერს ბანკში ფულზე გადავცვლი. სულ არარაობას, ესეც კარგია”, - ამბობს ნინო წიკლაური.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ხელისუფლების ინიციატივას - 30-ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით - უკვე უწოდა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ”ბიზნეს-რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე კი მიიჩნევს, რომ ეს თანხა უსარგებლოა, რადგან რეალურად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად გლეხს გაცილებით მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე გამოყოფილი 30 ლარია. მისი აზრით, 24 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან ამ გეგმის განსახორციელებლად არის გამოყოფილი, სასოფლო-სამეურნეო სფეროში გაცილებით ეფექტიანად შეიძლებოდა დახარჯულიყო:

”ერთი ტომარა აზოტოვანი გვარჯილა ღირს 40 ლარამდე. გამოდის, რომ გლეხი ერთ ტომარა აზოტოვან გვარჯილასაც ვერ იყიდის და ერთ ჰექტარს სჭირდება ასეთი 10 ტომარა. ასე რომ, ამ 30 ლარით გლეხი ვერაფერს შეძლებს, მაქსიმუმ დასამუშავებელ მიწამდე მისვლას მოახერხებს. 24 მილიონის გამოყოფა ასეთი საქმისთვის არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს არ არის სოციალური ტიპის აქცია”, - ამბობს ”ბიზნეს-რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე.

განსხვავებული აზრი აქვს ხელისუფლების ინიციატივის თაობაზე ეკონომიკური საკითხების ექსპერტს, ზურაბ ჯაფარიძეს. მისი შეფასებით, მართალია, ეს დახმარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ვერ გამოიწვევს, მაგრამ იმ 50 პროცენტს მოსახლეობისა, რომელიც სოფლად ცხოვრობს, ყოფა მცირედით შეუმსუბუქდება. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს სახელმწიფოს მცდელობაა, ადამიანებს უკან დაუბრუნოს გადასახადებიდან ამოღებული ფული.
XS
SM
MD
LG