Accessibility links

logo-print
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისა და მომხრეების განცხადებით, თბილისისკენ მომავალ გზაზე ხელისუფლებას მათთვის ბარიერები არ შეუქმნია, მაგრამ, იმავე წყაროს ცნობით, გამოვლინდა ძალადობის ფაქტები აქციაში მონაწილეობისთვის ხელშეშლის მიზნით. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებულ პროცესებს, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე ტიპის ძალადობის თაობაზე.

ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს აქტივისტებს არ მიეღოთ მონაწილეობა 19 აპრილის აქციაში, - დაკონკრეტების გარეშე ასე უთხრა ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა. ზეწოლის ფაქტები უმცირესობის დეპუტატმა ვერც ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელთან გელა მთივლიშვილთან საუბრისას დააკონკრეტა და ვერც თავად ჟურნალისტმა იპოვა ადამიანი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დაშინების სამიზნე იქნებოდა. როგორც გელა მთივლიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრობლემები არც გურჯაანიდან დაძრულ სატრანსპორტო საშუალებებს შეჰქმნიათ:

”არანაირი შეზღუდვა მიკროავტობუსებს ან კერძო სამარშრუტო ტაქსებს არ ჰქონია. ასეთი აკრძალვა არ ყოფილა. რაც შეეხება თავად აქციის მონაწილეებს, დაახლოებით 60 ადამიანი წამოვიდა (თბილისში). მათ თავი ერთად მოიყარეს გურჯაანში დილის 11 საათისთვის. ძირითადად იყვნენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მათ გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე იყვნენ ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წარმომადგენლები”.

დღეს სამუშაო დღეა და ამიტომ ყველა სამუშაო რეჟიმშია მერიაში. ასეთი პრეტენზიაც არ ყოფილა, რომ თითქოს ვინმეს აძალებდნენ, რომ გინდა თუ არა, უნდა წამოხვიდე მონაწილეობაზე...
სატრანსპორტო საშუალებათა შეფერხების ფაქტების შესახებ ინფორმაცია არც სხვა რეგიონებიდან გავრცელებულა. მაგალითად, ხალხი დედაქალაქში უპრობლემოდ ჩამოვიდა იმერეთიდან. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ უთხრა ჟურნალისტებს, ამ რეგიონიდან თბილისში 3 ათასი ადამიანი ჩამოვიდაო. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” წარმომადგენლის მანანა მანაგაძის თქმით კი, შეინიშნებოდა ზეწოლა თანამშრომლებზე, აქციაზე მათი იძულებით წაყვანის მიზნით:

”გვაქვს ინფორმაცია, რომ სერიოზული ზეწოლა იყო რიგი სამსახურების ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლებზე. მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობას, რომელმაც მთელი სამსახური წაიყვანა აქციაზე”.

მაშინ როცა, მანანა მანაგაძის ინფორმაციით, პარასკევს თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაკლებობა შეინიშნებოდა ქუთაისის მერიაში, იმასვე ვერ ვიტყვით, მაგალითად, ბათუმის მერიაზე, სადაც 19 აპრილი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, არც ზეწოლის ფაქტები გამოვლენილა:

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან რეგიონში და მათ აქვთ ჩვენი კონტაქტები, მაგრამ ჩვენთვის არავის მოუმართავს და არ დაუდასტურებია ასეთი ფაქტები...
”დღეს სამუშაო დღეა და ამიტომ ყველა სამუშაო რეჟიმშია მერიაში. ასეთი პრეტენზიაც არ ყოფილა, რომ თითქოს ვინმეს აძალებდნენ, რომ გინდა თუ არა, უნდა წამოხვიდე მონაწილეობაზე... ან ვინმეს მოემართოს, რომ დღეს უნდოდა წასვლა და გათავისუფლება სამსახურიდან. ასეთი ფაქტები ჩვენთან არ ყოფილა. ჩვენ ბოლო პერიოდში შრომის დისციპლინაც გავამკაცრეთ და დილის 9 საათიდან ყველა არის სამუშაო ადგილებზე და ყველა ვმუშაობთ სამუშაო რეჟიმის ფორმატში”.

თანამშრომელთა თბილისისკენ იძულებით წაყვანის მცდელობას უარყოფს რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა აბულაძე, თუმცა ამბობს, რომ გამოვლინდა სხვა ტიპის ძალადობა, რაც აქციაში მონაწილეობის აკრძალვას ისახავდა მიზნად:

”მუნიციპალიტეტის რამდენიმე წარმომადგენელმა პირდაპირ შეკრიბა და მოუწოდა თავის თანამშრომლებს, რომ არ წავიდნენ აქციაზე”.

მსგავსი საჩივრებით, რაც აქციის წინა დღეებში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდანაც გაისმოდა, არავის მიუმართავს, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისთვის”, რომელიც აქტიურად მეთვალყურეობდა 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ გვითხრა:

”ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან რეგიონში და მათ აქვთ ჩვენი კონტაქტები, მაგრამ ჩვენთვის არავის მოუმართავს და არ დაუდასტურებია ასეთი ფაქტები. ჩვენ ვიცით ის ზოგადი განცხადებები, რასაც აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გვითხრეს კონკრეტულად, თუ ვის შეიძლება ვკითხოთ ან სად გადავამოწმოთ. არ გვაქვს, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია”.

ნინო ლომჯარიამ ჩვენთან საუბარში მოგვაწოდა ასევე მისი ორგანიზაციის კოორდინატორის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ 19 აპრილს პოლიცია აღრიცხავდა ცაგერიდან თბილისისკენ მომავალი ავტომობილების ნომრებსა და მძღოლთა ვინაობას. დაახლოებით იმავე ტიპის ინფორმაცია მოგვაწოდა კახეთის საინფორმაციო ცენტრმაც. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მოუწოდებს ყველა დაზარალებულს, თუკი ძალადობის რაიმე სახის ფაქტი არსებობს, მიმართონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას.
XS
SM
MD
LG