Accessibility links

logo-print

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჟურნალისტებს ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში ეხმარება


ორი დღის განმავლობაში ლოპოტის ტბაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რეგიონალური მედიის ჟურნალისტებს მასპინძლობდა. ორგანიზაციის წევრებმა ჟურნალისტებს გააცნეს ის ინტერნეტრესურსები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის სწრაფად მიღებაში დაეხმარება. საუბარი იყო კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის შედეგების მიხედვით, ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა მსოფლიოში, მაგრამ სამართლებრივი ხვრელები სისტემისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, 2012 წელს, პრეზიდენტისა და მთავრობის თანხმობით, ჯამში, 800 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა, რაც შესყიდვების პროცედურების გვერდის ავლითა და ბუნდოვან ვითარებაში მოხდა. ხელშეკრულებების 45% არაკონკურენტული, გამარტივებული შესყიდვების პირობებში გააფორმეს, ხოლო დარჩენილი 55%-ის შესყიდვა ელექტრონულად განხორციელდა.

tendermonitor.ge არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შექმნილი ახალი ვებგვერდი, რომელიც საზოგადოებას სახელმწიფო კონტრაქტების ძიების, მონიტორინგისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ვებგვერდი საქართველოს კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული შესყიდვების სისტემიდან მიღებულ მონაცემებს ემყარება. გარდა ამისა, ორგანიზაციას საჯარო რეესტრიდან გაკეთებული აქვს მონაცემთა ბაზა, საიდანაც სწრაფად ხდება კონკრეტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენების თუ პოლიტიკოსების იდენტიფიკაცია. ორგანიზაციის მედიაანალიტიკოსის მამუკა ანდღულაძის აზრით, ეს სისტემა ჟურნალისტებს ამა თუ იმ ტენდერის, მასში მონაწილე კომპანიების, ამ კომპანიებთან დაკავშირებული პირების შესახებ სწრაფი და ხარისხიანი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

ტელეკომპანია „25-ე არხის“ ჟურნალისტი ირმა ზოიძე აცხადებს, რომ ამჟამად ბათუმში სწორედ იმ თემაზე მუშაობს, რომელიც ბიზნესკომპანიებთან გარკვეულ პოლიტიკურ პირთა კავშირების დადგენას გულისხმობს. მისი აზრით, „გამჭვირვალობა - საქართველოს“ ელექტრონული საძიებო სისტემები განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს დაეხმარება.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა–სლოვაკეთის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის მოძიების თავისი გამოცდილება გაუზიარეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ლობჟანიძე ამბობს, რომ მედიასთან ურთიერთთანამშრომლობა, პირველ რიგში, საზოგადოების გააქტიურებას ემსახურება, რათა ნებისმიერ გადამხდელს ჰქონდეს ინფორმაცია, რაში ხარჯავს სახელმწიფო მის მიერ გადახდილ თანხებს.

ორგანიზაციის ზუგდიდის, ქუთაისისა და ბათუმის ოფისების წარმომადგენლებმა ილაპარაკეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მართალია, ინფორმაციის მიღება საჯარო დაწესებულებებიდან შედარებით გამარტივდა, მაგრამ მოხელეები ისევ აგრძელებენ პრემიების გამოწერას, ძვირად ღირებული მანქანების შეძენას. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩქარობს კადრები კონკურსის წესით შეარჩიოს და ისევ ადგილი აქვს თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის ფაქტებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჟურნალისტებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG