Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის თეატრი, შესაძლოა, სამხრეთკორეულმა ინვესტიციამ გადაარჩინოს


ზუგდიდის თეატრი
ზუგდიდის თეატრი
ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის სრული რეკონსტრუქციის პროექტის შესამუშავებლად სამხრეთკორეელ ინვესტორებს ელოდებიან. ისინი თეატრის რემონტსა და საჭირო აპარატურით აღჭურვაში 3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავენ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ბიზნესმენ დავით ბერძენიშვილის ინიციატივით ხორციელდება - ის თავად დაუკავშირდა გამგებლის მოვალეობის შემსულებელ ედიშერ თოლორაიას და თეატრის ავარიული შენობის გადასარჩენად ინვესტორების ჩამოყვანა შესთავაზა.

გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღურწკაიას განცხადებით, გამგებლის მოავალეობის შემსრულებელსა და ბიზნესმენს შორის რამდენჯერმე შედგა თეატრის საკითხებზე თბილისში შეხვედრა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ელოდებიან ინვესტორებს, რათა ზეპირმა შეთანხმებამ პროექტის სახე მიიღოს.

„აქ საუბარია თეატრის თავიდან ბოლომდე რეკონსტრუქციაზე და არა რამდენიმე ეტაპზე. თეატრის რეკონსტრუქცია იქნება როგორც გარე, ფასადური, ასევე შიდა. მას ექნება თავისი ეზო, ექნება სკვერი. განათების და გახმოვანების სისტემა იქნება სიმენსის ფირმის“,- განაცხადა მაია ღურწკაიამ.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობა 145 წლისაა. მას აწვიმს, კედლები გაბზარულია და ბათქაში ცვივა. სიძველის გამო სცენისა და ოთახების იატაკის ნაწილი დაიშალა. ჭერის ჩამონგრევის საფრთხის გამო, თეატრის თანამშრომლები შენობის დიდი ნაწილით არ სარგებლობენ. მსახიობებს არც საგრიმიორო აქვთ. თეატრის დირექტორის განცხადებით, შენობის გადარჩენასთან ერთად, დღეს უკვე თანამშრომლებისა და მაყურებლის უსაფრთხოების დაცვაა საზრუნავი.
ხელისუფლება თანახმაა, ეს რომ გაკეთდეს და აშენდეს, მაგრამ შეიძლება ვიღაცა რიგითმა ჩინოვნიკმა ან მოქალაქემ თქვას, რომ არ გვინდა ეს და გვინდა გზა, ან სინათლე არ გვაქვს, ან ვიღაცამ თქვას, სახლი არ გვაქვსო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ მოხდეს ისე, რომ გაანაწყენონ ეს ინვესტორი და გააბრუნონ უკან...
დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილის თქმით, მედიის საშუალებით შეიტყო, რომ თეატრის დანგრევის საშიშროებაა და ვინაიდან კულტურული დაწესებულებებით განსაკუთრებით არის დაინტერესებული, დახმარება გადაწყვიტა. ბიზნესმენის განმარტებით, მისი მეგობარი სამხრეთკორეელი ინვესტორები შეთავაზების შემდეგ საკითხით დაინტერესდნენ და სურვილი აქვთ კულტურული დაწესებულებები აღადგინონ ან ააშენონ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დავით ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ ინვესტორები ზუგდიდში ჩამოსვლას გეგმავენ, მაგრამ, იმავდროულად, მოსალოდნელ საფრთხეზეც ლაპარაკობს:

„ხელისუფლება თანახმაა, ეს რომ გაკეთდეს და აშენდეს, მაგრამ შეიძლება ვიღაცა რიგითმა ჩინოვნიკმა ან მოქალაქემ თქვას, რომ არ გვინდა ეს და გვინდა გზა, ან სინათლე არ გვაქვს, ან ვიღაცამ თქვას, სახლი არ გვაქვსო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ მოხდეს ისე, რომ გაანაწყენონ ეს ინვესტორი და გააბრუნონ უკან. მე კორეელების ამბავი რომ ვიცი, ხმას არ ამოიღებენ,ისე წავლენ უკან. კი, კის იტყვიან, დაგპირდებიან და წავლენ უკან. ეს არ არის ჩემი ვარაუდი, თვითონ ამ კორეელებმა მითხრეს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა საქართველოში. სხვა მხრივ, თანხმობა სამინისტროებისა და ადგილობრივი მთავრობის დონეზე უკვე არსებობს“.

დავით ბერძენიშვილისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე შესაძლო ხელისშემშლელ პირობებს ვერ ხედავენ ზუგდიდის გამგეობასა და თეატრის ადმინისტრაციაში. თეატრის დირექტორი მაია კალანდია სამხრეთკორეელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ლაპარაკობს.

„გაკეთებული აქვთ სამი დიდი დარბაზი ჩინეთში, ჰონკონგში, დუბაიში, ამერიკაში. ისინი არიან აბსოლუტურად განსხვავებული“, - ამბობს მაია კალანდია.

შენობაში სარემონტო სამუშაოებს თანხის უქონლობის მიზეზით არ ატარებს ზუგდიდის გამგეობა. მიუხედავად დაპირებისა, საჭირო ფინანსები ვერც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოიძია.
XS
SM
MD
LG