Accessibility links

logo-print

რელიგიური კონფესიების დაფინანსების სადავო მოდელი


ოთხი რელიგიური კონფესიის ლიდერების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

ოთხი რელიგიური კონფესიის ლიდერების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

ოთხი რელიგიური კონფესია სახელმწიფოსგან გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს, განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. შეხვედრას სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმთა და იუდეველთა თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, შესაძლოა მომავალში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ამ კონფესიებს კიდევ რამდენიმე დაემატოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას რელიგიური თემების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებაში ადანაშულებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთხი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაინტერესდა, რით დასრულდა კონფესიების დაფინანსების პროცესი და ანგარიშის წარდგენა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ზაზა ვაშაყმაძეს სთხოვა. პასუხად ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმთა და იუდეველთა თემები გაორმაგებული თანხით დაფინანსდებიან. წელს ეს ოთხი კონფესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ-ნახევარი ლარით დაფინანსდა:

„სახელმწიფომ გამოხატა, სახელმწიფო სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კეთილი ნება და ამ ფორმატში გამოყო რამდენიმე მილიონი ლარი. ეს დავალება შესრულებულია წლის ბოლომდე. გაფორმებულია ოთხივე კონფესიასთან ხელშეკრულება სახელმწიფოს რელიგიის სააგენტოსა და თითოეულ კონფესიას შორის და აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და არსებობს მზაობა და განწყობა დადებითი კუთხით, რომ, ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის საფუძველზე, თითოეულ კონფესიასთან სახელმწიფოს ურთიერთობა უფრო აქტიურად გაგრძელდეს მომავალშიც“.

არსებული დაფინანსება როგორც ოთხი კონფესიისთვის, ისე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არღვევს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრები არ შეიძლება რელიგიური მიზნებისთვის იხარჯებოდეს და უნდა არსებობდეს დასაბუთებული საჯარო ინტერესი ამ თანხების გადაცემისა კონკრეტული ჯგუფისთვის...

ზაზა ვაშაყმაძე არ გამორიცხავს, რომ ოთხ კონფესიას, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, კიდევ რამდენიმე კონფესია დაემატოს. მისი სიტყვებით, თანხა ძირითადად მოხმარდება კულტურულ, საქველმოქმედო, სარესტავრაციო, საგანმანათლებლო, რელიგიურ მსახურებას.

პრემიერთან შეხვედრიდან გამოსულმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და რელიგიურ კონფესიებს შორის ურთიერთობა კონფესიების სასარგებლოდ გადაწყდება და საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული მატერიალური ზიანის კომპენსირება სამართლიანად მოხდება:

„პრემიერის დავალებით გამოიყო კომუნისტების დროს დაზარალებულ რელიგიათა კომპენსირებისთვის თანხები. დღეს ეს ყველაფერი გვარდება ისე, როგორც სჭირდება მუსლიმ თემს ან სხვადასხვა აღმსარებლობას და მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი გაკეთდება ჩვენი ქვეყნისთვის“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამ ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების საკითხი არის ძალიან პრობლემური და ის არ თავსდება სეკულარული სახელმწიფოს კონცეფციაში, ვინაიდან პირდაპირ ბიუჯეტიდან ხდება რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება და ის ხმარდება რელიგიურ მიზნებს და ეს დებულება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაცია ხდება, რეალურად არ ჰგავს კომპენსაციას, ვინაიდან სახელმწიფოს არ დაუთვლია ზიანის ოდენობადა, ამასთან, არც სხვა ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმები აქვს, რომლის თანახმადაც ზიანის მოცულობა გაირკვეოდა. შესაბამისად, სახელმწიფოს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია განსაზღვროს ამ კონფესიებისთვის მისაცემი თანხები და ბიუჯეტის სახსრები დახარჯოს ისე, რომ არ გაითვალისწინოს სახელმწიფოს საჯარო ინტერესები:

„არსებული დაფინანსება როგორც ოთხი კონფესიისთვის, ისე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არღვევს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრები არ შეიძლება რელიგიური მიზნებისთვის იხარჯებოდეს და უნდა არსებობდეს დასაბუთებული საჯარო ინტერესი ამ თანხების გადაცემისა კონკრეტული ჯგუფისთვის. მეორე საკითხია ის, რომ დაფინანსების ეს ფორმა სახელმწიფოს აძლევს ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევის, მათზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობას“.

თამთა მიქელაძის თქმით, დაფინანსების ეს მოდელი სახელმწიფოს აძლევს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევის, თვითნებობისა და, რიგ შემთხვევებში, მათი ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობას, რადგანაც დაფინანსების მიღება მათ გარკვეულად პოლიტიკურად ანგარიშვალდებულს ხდის და დადგენილებით განსაზღვრული ოთხი კონფესიაც არ არის სრული რაოდენობა იმ რელიგიური კონფესიებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს დაზარალდნენ, თუმცა სახელმწიფო მათ რეგულაციების გარეთ ტოვებს, რის გამოც, თამთა მიქელაძის თქმით, სახელმწიფოს მიდგომა დისკრიმინაციულია.

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე

ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ოთხი რელიგიური კონფესიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შარშან, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის კომპენსირებაზე დაიწყო ლაპარაკი, ითქვა, რომ გაირკვეოდა, რომელ კონფესიას რა ზარალი მიადგა და ამის საფუძველზე დაანგარიშდებოდა საჭიროებები. რუსუდან გოცირიძის სიტყვებით, გულუბრყვილოდ თუ შევხედავთ, ისე ჩანს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არის თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომ თითქოს ერთის ნაცვლად ხუთ კონფესიას უწევს ფინანსურ მხარდაჭერას, თუმცა, რუსუდან გოცირიძის თქმით, ეს არის არა თანასწორობის, არამედ კონფესიებს შორის იერარქიის შექნის მცდელობა, რომ არსებობდეს მეტად პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული კონფესიები:

„თუ ვინმე უნდა დაფინანსებულიყო და თუ ზარალის ანაზღაურებაზეა ლაპარაკი, ერთ-ერთი პირველი უნდა ყოფილიყო ლუთერანული ეკლესია, რომელიც წელსაც ვერ მოხვდა ამ სიაში, ანუ ეს არის აბსოლუტურად გათვლილი იმ მოდელისათვის, სადაც თანასწორობას კიდევ უფრო დავშორდებით და ეს იმ დისკრიმინაციულ მდგომარეობას, რაც გვაქვს, რაც ყოველდღიურობაში გვხვდება, კიდევ უფრო დაამძიმებს“.

ამ ეტაპზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 3 მილიონ-ნახევარი ლარი გასცა ოთხი რელიგიური თემისათვის, სხვადასხვა ოდენობით. თანხების გადანაწილების დროს სააგენტო მხედველობაში იღებს მრევლის ოდენობას, სასულიერო პირებისა და საკულტო ნაგებობების ოდენობას და, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, თავად ეს კრიტერიუმები მიუთითებს იმაზე, რომ ამ თანხის გამოყოფა ზიანის ანაზღაურებასთან კავშირში არ არის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG