Accessibility links

logo-print
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტიტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, ორ საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზება იზრდება, რაც არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. ანგარიშის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ”მთავრობა ვალდებულია სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და ისინი მიუკერძოებლად აღასრულოს, ხოლო ოპოზიცია ვალდებულია დაემორჩილოს კანონს”. „ენ-დი-აის“ შუალედური ანგარიში ემყარება კვლევის იმ შედეგებს, რომელიც ორგანიზაციის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა 24 ოლქში ყოფნის შემდეგ მიიღეს. დამკვირვებლებმა გამართეს 120-ზე მეტი შეხვედრა მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტიტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშის თანახმად, ორ საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზება იზრდება, რაც არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით, ორივე მხარე დროდადრო თითქოს კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობს. გრძელდება ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები, რაც ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ”ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე”.

ანგარიშში ძირითადად პოზიტიურადაა შეფასებული უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა, თუმცა იქვე აღნიშნულია მის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკული განწყობაც იმის გამო, რომ კომისია დროულად არ ახდენს რეაგირებას ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ბრალდებებზე.

„ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო რადიო თავისუფლებასთან წინასაარჩევნო პერიოდზე სატელეფონო საუბრისას ამბობს:
ლუის ნავარო

ლუის ნავარო


”მთლიანობაში, კამპანიის დაფინანსებაზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია ასეთია: ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან გადაიხადონ იმ კანონით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლებსაც ისინი არასწორად მიიჩნევენ. ამას არაერთგვაროვან ვითარებამდე მივყავართ: ერთი მხრივ, არ შეიძლება ხელისუფლება მოქმედებდეს არაობიექტურად, მეორე მხრივ, ჩვენ არ შეიძლება გვყავდეს ოპოზიცია, რომელიც თავად აირჩევს რომელ კანონს მისდიოს.”

”ენ-დი-აის” ანგარიშში საუბარი შეეხება ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას. ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღებამ იმ მოტივით, რომ მათ ვერ დაადასტურეს საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი მილიონობით დოლარი კამპანიის საქმიანობისთვის რომ არ დაუხარჯავთ, გაამყარა აზრი კანონის არაპროპორციული და შერჩევითი გამოყენების შესახებ. ანგარიშის თანახმად, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიწვია იმან, რომ მტკიცების ტვირთი ბრალდებულს ეკისრება.

”ენ-დი-აის” ანგარიშის კომენტირებისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ”ენ-დი-აი” წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე საუბრისას პასუხისმგებლობას თანაბრად აკისრებს როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ კოალიცია ”ქართულ ოცნებას”, მაშინ როდესაც, მისი აზრით, დღევანდელ ვითარებაში პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას უნდა დაეკისროს. თამარ ჩუგოშვილის სიტყვებით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტებიც და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებიც მოწმობს, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდი არ არის:

”ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მშვიდი არჩევნები და კანონიერად მიმდინარე საარჩევნო პროცესი. პირიქით, საკმაოდ დაძაბულ, აგრესიულ, კრიტიკულ რეჟიმში მიდის ჯერჯერობით წინასაარჩევნო პერიოდი და ეს, სამწუხაროდ, რეალობაა.”

„ენ-დი-აის“ ანგარიშის მიხედვით, საკმაოდ რთულია ვითარების შესწავლის დროს ინფორმაციის გადამოწმება: "რჩება შთაბეჭდილება, რომ ჭორები და დაუსაბუთებელი ბრალდებები კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტირების მიზნით კამპანიის ხერხებად გამოიყენება.” ამ აზრის საილუსტრაციოდ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ მათი მომხრეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად წარმოდგენილმა ვიდეომ ცხადყო, რომ ძალადობას მართლაც ჰქონდა ადგილი კარალეთისა და მერეთის ინციდენტებში, თუმცა იმავე ვიდეოში არ ჩანს, თუ ვინ მოახდინა კონფლიქტის ინიცირება”.
იქიდან მოდის ბრალდება, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და ახლა რაც მოხდა იქ, ლაფანყურში, ესეც თითქოსდა არის ხელისუფლების პროვოკაცია და ერთმანეთს ახოცინებს თავის სპეცნაზელებს და ა.შ. ასეთი ბრალდებები არის სწორედ თავი და თავი იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნებაა“ თუ რუსული ოცნება, უფრო სწორად, კრემლის ოცნება; რა დააშავა რუსმა ხალხმა?...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშივილი ”ენ- დი-აის” ანგარიშს ვითარებაში ობიექტურად გარკვევის პატიოსან მცდელობას უწოდებს და ამბობს, რომ ანგარიშიც დასტურია იმისა, რომ არჩევნები კონკურენტულია და მასში მრავალი აქტორია ჩართული. პოლარიზაციაზე საუბრისას დარჩიაშვილი შენიშნავს, რომ შეუძლებელია პოლარიცაზიის თავიდან აცილება კონკურენტებს შორის პოზიციების მკვეთრი გამიჯვნის პირობებში:

”იქიდან მოდის ბრალდება, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და ახლა რაც მოხდა იქ, ლაფანყურში, ესეც თითქოსდა არის ხელისუფლების პროვოკაცია და ერთმანეთს ახოცინებს თავის სპეცნაზელებს და ა.შ. ასეთი ბრალდებები არის სწორედ თავი და თავი იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნებაა“ თუ რუსული ოცნება, უფრო სწორად, კრემლის ოცნება; რა დააშავა რუსმა ხალხმა?”

დავით დარჩიაშვილის სიტყვებით, თუ ასეთი ბრალდებები არ იქნება, მაშინ საუბარი იქნება მხოლოდ პროგრამულ პრიორიტეტებზე და პოლარიზაციის საკითხიც აქტუალობას დაკარგავს.

რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო „ენ-დი-აის“ ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციის ჩაწერა, ვინაიდან, როგორც კოალიციაში გვითხრეს, ანგარიშს ეცნობიან და ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG