Accessibility links

ცნობილია, რომ უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა აქტიურად უჭერდა მხარს „მაიდნის“ აქციებს - ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომასა და უკრაინის პროდასავლურ კურსს. ეს ასევე გულისხმობდა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ ცოტამ თუ გამოთქვა სურვილი, ნებაყოფლობით ჩაწერილიყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. დასავლეთ უკრაინელთა დიდი ნაწილის აზრით, ქვეყნის ერთგულება არ გამოიხატება მაინცდამაინც ჯარში ჩაწერით ან, თუნდაც, მთავრობის სამსახურში ყოფნით. რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი დეიზი სინდელარი ახლახან დაბრუნდა ლვოვიდან, სადაც ამ საკითხებზე არაერთ იქაურ ახალგაზრდას ესაუბრა.

ლვოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ მალეხოვიდან, სადაც სულ 2400 ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ 19 კაცი იბრძვის ფრონტზე. მათგან ერთი, 27 წლის ტარას დოროში, დაიღუპა, ხოლო ოთხი ბრძოლებში მიღებული ჭრილობების მოსაშუშებლად, შინ დაბრუნდა.

„დოროშის სიკვდილმა კიდევ უფრო გაართულა ჩვენი სოფლის მამაკაცების დარწმუნება, რომ ომში უნდა წავიდნენ“, ამბობს ვოლოდიმირ სეინკოვსკი, რომელიც ბოლო სამი კვირაა, კარდაკარ დადის და ჯარში გაწვევის წერილებს არიგებს. მისი თქმით, ათიდან მხოლოდ ორი ან სამი ადრესატისთვის თუ ახერხებს წერილის ჩაბარებას.

სახალხო მობილიზაციის მეოთხე ტალღა 20 იანვარს დაიწყო, როდესაც მთავრობამ ჯარში გაწვევის 100 ათასამდე წერილი შეადგინა იმ იმედით, რომ 50 ათასი კაცის გაწვევას მოახერხებდა. აქედან სამი ათასი წერილი ლვოვის ოლქისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ თუმცა დასახულ მიზანს ხელისუფლება ვერც იქ აღწევს.

ვითარების სიმწვავეს არავინ უარყოფს, მაგრამ ცოტას თუ უნდა, მონაწილეობა მიიღოს ომში ყოველგვარი კომპენსაციის, სათანადო მომზადებისა და შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე.

„მობილიზაცია ხდება, ხალხი წვრთნას გადის, მაგრამ იარაღი არ არის. ხომ არსებობს სამხედრო ბიუჯეტი? სად არის ეს ფული? ყველაფერი ისე, რომ ხდებოდეს, როგორც წესი და რიგია, ჯარი მიხედავდა ხალხს“, ამბობს 30 წლის მიხაილო, მალეხოვის მცხოვრები, რომელსაც ჯერ არ მიუღია ჯარში გაწვევის ბარათი.

მიხაილოს კრიტიკას იზიარებს 29 წლის იურიც:

„მთავრობამ ძალიან ცუდად განახორციელა მობილიზაცია. ბევრი იღუპება ფრონტის ხაზზე და ხალხს იქ წასვლა ეშინია. მთავრობა გარკვეულ სოციალურ დახმარებას უნდა დაპირდეს მათ, ვინც ომიდან დაბრუნდება, რომ ხალხმა ის მაინც იცოდეს, რისთვის იბრძვის“.

ლვოველები ბრაზობენ, როდესაც მათ ვინმე უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. „ყველაფერს თვითონ ვაკეთებთ. ვაჭმევთ, ვასმევთ და ვაცმევთ ჯარისკაცებს, ვუვლით მათ ოჯახებს. ვისაც როგორ შეუძლია, იმით ეხმარება ჯარს. ჩვენი შემწე კი არავინაა. კიევისგან ხომ სულ აღარაფერს ველით“, ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

სამხედრო პროკურორებმა 1300-მდე საქმე აღძრეს დეზერტირების წინააღმდეგ. ბრალდებულთა შორის იყო ერთი ცნობილი ივანოფრანკოვსკელი ჟურნალისტიც. იგი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ინტერნეტსივრცეში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უკრაინელებს მოუწოდებდა, წინააღმდეგობა გაეწიათ საყოველთაო მობილიზაციისთვის.

ის, ვინც ჯარში გაწვევას მხარს უჭერს, ირწმუნება, რომ მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს შეიარაღებულ ძალებში არსებული პირობები გაუმჯობესებას. მაგალითად, გაიზარდა ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების ხელფასი, რომელიც ახლა თვეში ათიათას გრივნას, ანუ 380 ამერიკული დოლარს, შეადგენს. ეს თანხა თითქმის სამჯერ აღემატება ლვოვის მკვიდრთა საშუალო შემოსავალს, 3300 გრივნას. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ მამაკაცებს, ვინც შინ მცირეწლოვან ბავშვს, ან მძიმე ავადმყოფ ოჯახის წევრს უვლის, ჯარში სამსახურისგან გაათავისუფლებენ.

მინსკში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებული უიმედობა ლვოვში ზოგს იმასაც კი აფიქრებინებს, ხომ არ აჯობებდა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორია რუსეთს გადაეცესო.

აი, რა პასუხი აქვს ამ მოსაზრებაზე მოხალისეთა ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ივან სპრინსკის:

„როცა ვინმესგან ასეთი რამ მესმის, მუდამ ვეუბნები, რუსეთის ფედერაციაში დონბასელები კი არა, შენ უნდა გაგაგზავნონ-მეთქი. ესე იგი, რა გამოდის, რომ ვთმობთ მიწას იმ ქვეყნისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვაშენეთ? ვაშენეთ სისხლით. ამიტომ, იმის თქმა, რომ ეს მიწა უნდა დავთმოთ, არის სისუსტე ან, სულაც, უგუნურობა“.

15 თებერვალს ამოქმედდა მინსკში გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერთა მიერ მიღწეული შეთანხმება, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, მოიცავს ცეცხლის შეწყვეტასა და ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას. მაგრამ, როგორც უკვე ირკვევა, შეთანხმების დაცვა იოლი საქმე არ იქნება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესმდივნის განცხადებით, ზავის ამოქმედებიდან პირველივე 24 საათის განმავლობაში, სეპარატისტები 112-ჯერ დაესხნენ თავს უკრაინის სამთავრობო ძალებს, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 25 სამხედრო. სეპარატისტების მტკიცებით, სამთავრობო ჯარმა ზავი 17-ჯერ დაარღვია. უკრაინის კრიზისს უკვე 6000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად განსხვავდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. ასეა თუ ისე, მსხვერპლი დიდია და ომს ჯერ კიდევ ბოლო არ უჩანს, ხოლო საომრად წასვლა ყველას როდი სურს.

XS
SM
MD
LG