Accessibility links

logo-print

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი კასპში


მუზეუმი კასპში

მუზეუმი კასპში

საკნები, სქელი კედლები, რკინის მძიმე კარები, მკრთალი შუქი, კედელზე სტალინის ფოტო, მაგიდა „ტროიკისთვის“, მაგიდაზე მიმობნეული ფურცლები, „ტროიკის“ მიერ გამოტანილი განაჩენებით. დახვრეტა, გადასახლება. საბჭოთა მილიციის სარდაფში ერთ დროს ადამიანებს აწამებდნენ. აქედან ხმა გარეთ არ უნდა გასულიყო. ცოტა ხნის წინ ამ შენობაში კასპის სკოლა-გიმნაზია განთავსდა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა კი სარდაფებში საბჭოთა ტოტალიტარიზმის საპატიმროები, საწამებელი ნივთები იპოვეს.

მაშინვე გაჩნდა იდეა აქ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი გახსნილიყო. სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა და მოსწავლეებმა რეპრესირებულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. ამ საქმეში მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მეორე განყოფილების უფროსი ვანო ჯახუა დაეხმარა. ჯახუაც წითელი ტერორის თემაზე მუშაობდა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ კასპის გიმნაზიის სარდაფში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი გაიხსნა. გიმნაზიის მოსწავლის, ანა ბუნტურის, თქმით, მასალების მოძიებისას აღმოაჩინეს, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის საქართველოს უახლესი ისტორია, სტალინური რეპრესიების ისტორია.

მუზეუმის გახსნა

მუზეუმის გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მეორე განყოფილების ხელმძღვანელი ვანო ჯახუა ამბობს, რომ ამ სივრცის დათვალიერებისთანავე გადაწყდა, რომ აქ მუზეუმი გახსნილიყო და შესაბამისი მასალების მოძიებაც დაიწყო. მისი აზრით, ეს არის ის ადგილი, სადაც ადამიანი თავს ცუდად იგრძნობს, მაგრამ მიხვდება, როგორი იყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მდგომარეობა.

სქელ კედლებზე ახლა ბანერები კიდია, ამ ბანერებზე 170 რეპრესირებულის ისტორიაა. მუზეუმის გახსნაში გიმნაზიას პრეზიდენტის ფონდიც დაეხმარა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ მზად არიან ასეთი წამოწყებები კვლავაც დააფინანსონ.

მუზეუმი კასპში

მუზეუმი კასპში

გიმნაზიას სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობაც“ დაეხმარა. პროგრამის დირექტორის, მარინა უშვერიძის, აზრით, ამ სივრცეში სამოქალაქო და არაფორმალური განათლების მისაღებად ახალგაზრდებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ.

იდეის ავტორი, გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნიპარიშვილი, მუზეუმში ყველას ეპატიჟება. მისი თქმით, მომავალში აქ გაიმართება ფილმების ჩვენება და დისკუსიები საბჭოთა ტოტალიტარიზმის, რეპრესიების, ოკუპაციისა და საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.

გიმნაზიის რამდენიმე სარდაფი ჯერ კიდევ გაუხსნელი და შეუსწავლელია. სკოლის პედაგოგები ამ ფართის ათვისებასაც აპირებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG