Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტეგრაცია - ეთნიკური უმცირესობების მთავარი პრობლემა


კვლევის – “ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება” - პრეზენტაცია
კვლევის – “ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება” - პრეზენტაცია
ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება საქართველოში - ამ საკითხზე „ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა“ საბაზისო ანგარიში წარადგინა. ანგარიში 26 სათემო ორგანიზაციის მდგომარეობას ასახავს. კერძოდ, ორგანიზაციების საქმიანობის ყველაზე გავრცელებული ტიპია ”კულტურათშორისი დიალოგი”, ძირითადი სამიზნე ჯგუფები არიან ეთნიკური უმცირესობები, ძირითად აქტივობებს შორის სახელდება ინფორმაციული და საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ უმეტესობას არ ჰყოფნის დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, მათ შორის, შესაბამისი რესურსების მოპოვების კომპეტენცია და სხვ. „ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება“ ამ ტიპის პირველი ანგარიშია და იგი სამოქალაქო ინტეგრაციის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ანგარიშის თანახმად, ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების ძირითად საჭიროებებად დასახელებულია ფინანსირება, ტექნიკა, კადრების მომზადება და მედიის ხელმისაწვდომობა. გამოიკვეთა ასევე, რომ, სხვა ქართული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ეროვნულ უმცირესობათა მიერ დაარსებული სათემო ორგანიზაციების მთავარი დაინტერესების საგანია კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა და საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. შესაბამისად, მათი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარი თემის საჭიროებებზე მუშაობით და ნაკლებადაა ორიენტირებული ზოგადსახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაზე. შედეგად კი ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკა, ეკოლოგია, თავდაცვა, უშიშროება, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და სხვა, ეროვნულ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების პრიორიტეტებში არ შედის. „ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეროვნული უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ”, - ამბობს „ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელი
აგიტ მირზოევი
აგიტ მირზოევი
.

”როდესაც უმცირესობათა წარმომადგენლები იქცევიან როგორც სტუმრები, ბუნებრივია, მათ მოექცევიან როგორც სტუმრებს. მაგრამ როდესაც ისინი ზუსტად თანაბრად გაუფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას, თანაბრად შესთავაზებენ მომავალზე ორიენტირებულ და რეალობაზე ორიენტირებულ ხედვას, საკუთარ აზრს, თანაბრად იქნებიან ჩართულები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, გააჟღერებენ ამას აქტიურად მედიის საშუალებით, ბუნებრივია, მათ მიმართ ხედვა შეიცვლება, არსებული რისკები და საფრთხეები მათ მიმართ შემცირდება”, – ამბობს აგიტ მირზოევი და ჩამოთვლის იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზციების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ესენია: ეროვნულ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების განვითარებისათვის საჭირო სპეციალური საგრანტო პაკეტის შემუშავება, ტრენინგების კურსების ორგანიზება პროექტების მართვაში, ადამიანის უფლებებსა და ადვოკატირებაში, სპეციალური საინფორმაციო კამპანიის ინიცირება და წახალისება და სხვ.
საჭიროა უმცირესობების სათემო ორგანიზაციების შიდა დისკურსი, დისკუსია იმაზე, რა გვინდა, როგორ გვინდა საზოგადოებაში. ინიციატივა ქვემოდან აუცილებელია, ძალიან საჭიროა და მაქვს იმედი, რომ ეს კვლევა ამისთვის სასარგებლო იქნება...
ოლივერ აისნერი


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი, პროექტის მენეჯერი უმცირესობების საკითხებში ოლივერ აისნერი კი სათემო ორგანიზაციებსა და თემებს შორის მტკივნეულ საკითხებზე დისკუსიების დაწყების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს:

”მე ვთვლი, რომ საჭიროა უმცირესობების სათემო ორგანიზაციების შიდა დისკურსი, დისკუსია იმაზე, რა გვინდა, როგორ გვინდა საზოგადოებაში. ინიციატივა ქვემოდან აუცილებელია, ძალიან საჭიროა და მაქვს იმედი, რომ ეს კვლევა ამისთვის სასარგებლო იქნება”.

კვლევა, თავის მხრივ, განიხილება ასევე როგორც ხელის შემწყობი ფაქტორი იმისთვის, რომ სახელმწიფომ სათემო ორგანიზაციები პარტნიორებად მიიჩნიოს. საქართველოს პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის განვითარება - მათ შორის, სათემო ორგანიზაციების - განსაკუთრებით ისეთ სპეციფიკურ რეგიონებში, რომლებიც კომპაქტურადაა დასახლებული ეთნიკური უმცირესობებით.

”მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა, მათი აზრი წარმოდგენილი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ თვალსაზრისით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს მაინც ცენტრალიზებულ დონეზე ხდება და, ალბათ, საჭიროა დავიდეთ ქვედა დონეზე და უშუალო ბენეფიციარებისგან მივიღოთ ინფორმაცია, რამდენად აქვს რეალური გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკას მათ ცხოვრებაზე”, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.
ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ შედეგები არ ჩანს იმ მხრივ, რომ ინტეგრაცია არ ჩანს. სახელმწიფო პოლიტიკა იყო შედეგიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული განვითარება მოხდა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურების. ინტეგრაციაზე საუბარი არ არის...
არნო სტეფანიანი


არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი არნო სტეფანიანი კი აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უმცირესობების მიმართულებით ისეთი წარმატებული არ არის, როგორც იგი დოკუმენტებსა და ფურცლებზე ჩანს.

”ერთ-ერთი საბუთი არსებობს, ერთ-ერთზე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ -”სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია”, რომელიც რამდენიმე წელია მუშავდებოდა და ახლა ამბობენ, რომ რეალიზაციაც არ იყო ცუდი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ შედეგები არ ჩანს იმ მხრივ, რომ ინტეგრაცია არ ჩანს. სახელმწიფო პოლიტიკა იყო შედეგიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული განვითარება მოხდა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურების. ინტეგრაციაზე საუბარი არ არის”.

სტატისტიკის თანახმად, ეროვნული უმცირესობები ქვეყანაში საერთო მოსახლეობის 16 პროცენტს შეადგენს. ამ მოსახლეობის ზოგად სოციალურ პრობლემებს შორის სახელდება სახელმწიფო ენის არასათანადო დონეზე ცოდნა, რეგიონალური იზოლაცია, გარკვეული ჯგუფების მარგინალიზება, მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებისთვის კულტურული და ლინგვისტური თვითმყოფადობის შენარჩუნების სირთულეები და სხვ. „ეთნოსთაშორისი თანამშრომლობის ცენტრში“ ამბობენ, რომ ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებათა შეფასების კვლევის დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა მათთვის, ვისაც ეთნიკურ უმცირესობათა საკითხების მოგვარება სურს.
XS
SM
MD
LG