Accessibility links

„პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა. განცხადებაში პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტნიორებს, კერძოდ, რესპუბლიკურ პარტიასა და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, თუ არადა, განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორ გადაიჭრება კრიზისი „ქართულ ოცნებაში“ და რა განაპირობებს დაპირისპირებას?

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში, რომლის თანახმადაც, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებს და განცხადებებს და იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები. შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გმობს თავდაცვის მინისტრის მისამართით მრეწველთა ლიდერის მიერ გამოთქმულ საჯარო ბრალდებებს, თუმცა აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ პოლიტიკური პროცესებისგან ჯარის დისტანცირების უზრუნველსაყოფად მიუღებელია თინა ხიდაშელის, როგორც თავდაცვის მინისტრის, ჩართვა დაპირისპირებაში. პრემიერი შენიშნავს აგრეთვე, რომ საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. განცხადების ამ ნაწილის ადრესატი კი არის „მრეწეველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე, დეპუტატი გოგი თოფაძე, რომელმაც თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, საგარეჯოში 2015 წლის შემოდგომაზე გამართული შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. გოგი თოფაძისა და მისი თანაპარტიელებისთვის გასაგებია პრემიერ-მინისტრის განცხადების სულისკვეთება და მზად არიან დაემორჩილონ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტსაბჭო მიიღებს:

გოგი თოფაძე

გოგი თოფაძე

“ძალიან კონკრეტული და ძალიან სწორი განცხადება გააკეთა პრემიერმა, დიპლომატიური. მან ძალიან კარგად იცის, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. შევხვდებით პოლიტსაბჭოზე, იქნება, ალბათ, კამათი და იქ გადაწყდება. ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ყველა საკითხში, რომელიც დავაყენეთ“.

მრეწველებისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განმარტებით, მის პარტიაში გაურკვევლობა გამოიწვია და ამიტომ პარტიის ლიდერებმა გიორგი კვირიკაშვილთან პირადად შეხვედრა მოინდომეს, რაზეც თანხმობაც მიიღეს:

“დღეს გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია გაურკვევლობა, დაიძაბა სიტუაცია, რთული გახდა. ამ სირთულეებში სიცხადის შესატანად, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს მანამ, სანამ არ შევხვდებით პრემიერს და კარგია, რომ ეს შეხვედრა ჩვენი წინადადებით დღესვე დაინიშნა“.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

შეხვედრას, რომელიც 3 მარტს 21 საათისთვის დაინიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, დაესწრება თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც. შეხვედრამდე კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება რეალურად კოალიციის სუბიექტებს შორის დავის დასრულებისკენ, კონფლიქტის ამოწურვისკენაა მოწოდებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანან კობახიძე აქვე იზიარებს გიორგი კვირიკაშვილის პათოსს, რომ კოალიციის შიგნით არსებული სადავო საკითხები შიგნითვე უნდა მოგვარდეს და საჯარო განხილვის საგნად არ უნდა იქცეს:

“პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ კოალიციაში არსებული დაპირისპირება ამოიწუროს. კი არ გაღრმავდეს, არამედ წერტილი დაესვას და კოალიცია იყოს და მისი წევრები და სუბიექტები, როგორც მთავრობის წევრები, მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები და ნებისმიერი ფრაქცია იყოს ორიენტირებული საქმის კეთებაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშეა და ყოველგვარი პირადული დაპირისპირებები, ასე ვთქვათ, იყოს აღმოფხვრილი“.

მანანა კობახიძის თანაგუნდელების ნაწილი კი, მათ შორის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური არჩევნებში კოალიციური მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავს და სვამს კითხვას, რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა. თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარდგეს.

შექმნილ ვითარებაში კოალიციის დაშლის მოლოდინი ნაკლებად აქვს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას, რომელიც ფიქრობს, რომ ღირებულებებისა და საგარეო პოლიტიკური სიმპათიების მკვეთრი განსხვავების მიუხედავად, დაპირისპირება მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის დიდწილად განპირობებულია წინასაარჩევნო ვნებათაღელვით, პარტიული კვოტების განაწილებით, პარტიების პოლიტიკური მადით და თუ ეს საკითხები მოგვარდა, პიროვნული და პარტიული დაპირისპირებაც მეორე პლანზე გადაიწევს:

“საარჩევნო პერიოდი როგორც კი დაიწყება, ანუ როგორც კი მოახლოვდება არჩევნები, ალბათ, ეს საკითხი შეწყდება, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ ძალიან კონტრპროდუქტიულია არჩევნების წინ კიდევ ერთი სახის დაპირისპირება. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს ვაჭრობა გავლენისათვის, კოალიციაში ადგილებისთვის და, აქედან გამომდინარე, ყველას, თითოეულ მხარეს - როგორც რესპუბლიკელებს, ისე თოფაძის პარტიას - თავისი შეხედულებები აქვს და არ არის გამორიცხული, რომ სხვა პარტიებს, რომელიც კოალიციაშია შესული, იმათაც გაუჩნდეთ გარკვეული ამბიციები, რომელიც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ, ეტყობა, ბოლომდე მაინც არ არის ჩამოყალიბებული ეს სია, საარჩევნო“.

კორნელი კაკაჩია აქვე შეფასებას აძლევს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის მან შუალედური პოზიცია დაიჭირა და, გაფრთხილების მიუხედავად, კოალიციაში ორივე სუბიექტის შენარჩუნებას შეეცდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG